ჰიპერსომნია და მომატებული ძილიანობა დღისით | მკურნალი.გე
  1. ჰიპერსომნია და მომატებული ძილიანობა დღისით
  2. ძილის დარღვევები (თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები)
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ჰიპერსომნია და მომატებული ძილიანობა დღისით

ჰიპერსომნია ძილის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი გაზრდაა. დღისით მომატებული ძილიანობა (დმძ) კი ხელს უშლის ადამიანებს, შეინარჩუნონ სიფხიზლე, რის გამოც უნებურად ჩათვლემენ ან ჩაეძინებათ ხოლმე.

ჰიპერსომნია უძილობაზე ბევრად იშვიათია და გამოიხატება ძილის მთლიანი ხანგრძლივობის მინიმუმ 25%-ით გაზრდით, რაც რამდენიმე დღეზე დიდხანს გრძელდება. დღისით მოჭარბებული ძილიანობისას კი თავად სახელწოდებაც გამოხატავს, რა აწუხებთ ადამიანებს. მათ შეიძლება მუშაობის ან მანქანის მართვის დროს ჩაეძინოთ. ზოგი დაავადების დროს, როგორიცაა ნარკოლეფსია, პაციენტს ერთდროულად აქვს ჰიპერსომნია და დმძ, სხვა პათოლოგიებისას კი, მაგალითად, ძილის დეპრივაციის ანუ შეზღუდვის დროს, ეს ორი დარღვევა ერთად არ გვხვდება.

რაღაც პერიოდი უძილობის გამო უჩვეულოდ მოჭარბებული ძილიანობა და უნებურად ჩაძინება ჰიპერსომნია არ არის. ამ შემთხვევაში, ჭარბი ძილი ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა. თუმცა, თუკი ადამიანს ძილი არ აკლია და მაინც აქვს ჰიპერსომნია ან დმძ, მიზეზი შესაძლოა სერიოზული დაავადება იყოს:

  • ტვინის ან ნერვის (ნევროლოგიური) დაავადება, მათ შორის ენცეფალიტი, მენინგიტი და ტვინის სიმსივნე

  • გულის ან ფილტვების დაავადება

  • ღვიძლის უკმარისობა

  • ძილის აპნოე

  • ძლიერი შფოთვა

  • დეპრესია, განსაკუთრებით ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში

  • კიდურების კუნთების ნერვთა დაავადებები, რომელთა გამოც ადამიანი გამოძინებული, დასვენებული ვერ იღვიძებს

მოზარდობისას დაწყებული ქრონიკული ჰიპერსომნია შესაძლოა ნარკოლეფსიის სიმპტომი იყოს. ჰიპერსომნიას ასევე იწვევს საძილე საშუალებების ან მოთენთილობის გამომწვევი სხვა მედიკამენტების ჭარბი მიღება.

დიაგნოზი

მოჭარბებული ძილიანობის მქონე პაციენტის მიღებისას ექიმი გამოიკითხავს ინფორმაციას მის განწყობილებაზე, ძილ-ღვიძილის რეჟიმზე, მედიკამენტების მოხმარებაზე და ძილის დროს არსებულ რაიმე დარღვევებზე. მათგან აღსანიშნავია: ხვრინვა, სუნთქვის ხანმოკლე გაჩერება (რაც მიანიშნებს ობსტრუქციულ ძილის აპნოეზე), კბილების კრაჭუნი ან კიდურების გაქნევა. ხშირად, ამ დარღვევებს ყველაზე კარგად პაციენტის პარტნიორი აღწერს, ვისთანაც მას სძინავს. ასევე საჭიროა გასინჯვაც.

სხვა სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით, ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს გულის, ფილტვებისა და ღვიძლის გამოკვლევა, რათა დადგინდეს, მათი რაიმე დაავადება ხომ არ იწვევს ჰიპერსომნიას. ზოგჯერ ნევროლოგიური გასინჯვაც აუცილებელია. ამით შეიძლება გამოვლინდეს მეხსიერების გაუარესება ან სხვა დარღვევები, რაც ნევროლოგიური დაავადების არსებობაზე მიანიშნებს. თუკი ექიმი ამას ვარაუდობს, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ინიშნება და პაციენტი ნევროლოგთან გადამისამართდება. დმძ-ისა და ჰიპერსომნიის დროს ხშირად საჭიროა პოლისომნოგრაფია და ე.წ. ძილის ლატენტობის მრავლობითი ტესტირება, რათა დიაგნოზი ზუსტად დაისვას.

მკურნალობა

ჰიპერსომნიის მკურნალობა, დმძ-ით ან მის გარეშე, გამომწვევ დარღვევაზეა დამოკიდებული. თუკი დიაგნოზი "იდიოპათიური ჰიპერსომნიაა", რაც ნიშნავს, რომ ზუსტი მიზეზი გაურკვეველია, ექიმი პაციენტს ურჩევს გამოიმუშაოს სწორი ძილის ჩვევები და რეგულარულად დაიძინოს ხოლმე დღისით. უფრო მძიმე შემთხვევებში სტიმულატორი მედიკამენტები ინიშნება ძილიანობის მოსახსნელად, მაგ.: მოდაფინილი, ამფეტამინი, დექსტროამფეტამინი ან მეთილფენიდატი. თუკი დმძ-სა და ჰიპერსომნიას სხვა დაავადება იწვევს, როგორიცაა ძილის აპნოე, ტვინის ინფექცია ან დეპრესია, საჭიროა მათი მკურნალობა.