1. ნარკოლეფსია
  2. ძილის დარღვევები (თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები)
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ნარკოლეფსია

ნარკოლეფსია ძილის დარღვევაა, რომელიც ხასიათდება მოჭარბებული ძილიანობით დღისით ან ღვიძილის საათებში დროდადრო ჩაძინებით, რაც არ ექვემდებარება კონტროლს და თან ახლავს კუნთთა უეცარი სისუსტე (კატაპლექსია). ზოგჯერ ჩაძინების ან გამოღვიძების დროს ვითარდება ძილის დამბლა, შთამბეჭდავი სიზმრები ან ჰალუცინაციები.

დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება გამოკვლევა ძილის ლაბორატორიაში, პოლისომნოგრაფია და ძილის ლატენტობის მრავლობითი ტესტირება;

სიფხიზლის შესანარჩუნებლად და სხვა სიმპტომებისთვის მედიკამენტები ინიშნება.

ნარკოლეფსია 2000-დან 1 ადამიანში გვხვდება აშშ-სა და ევროპაში. ზოგჯერ დაავადება ოჯახურია, მაგრამ მისი მიზეზი უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოლეფსია რაიმე მძიმე სამედიცინო გართულებებს არ იწვევს, ის შესაძლებლობების შემზღუდველი შეიძლება იყოს და ასევე, ზრდის საავტომობილო ან სხვა ავარიების რისკს. დაავადება მთელი ცხოვრება რჩება, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას არ ახდენს.

ნარკოლეფსია ნაწილობრივ სწრაფი ძილის (თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზა) დროისა და კონტროლის დარღვევას ასახავს ტვინში. მისი ბევრი სიმპტომი მსგავსია სწრაფი ძილის დროს არსებულისა. კუნთთა სისუსტე, ძილის დამბლა და ჰალუცინაციები ამ დაავადების დროს მიაგავს სწრაფი ძილის ფაზაში გამოხატულ – კუნთთა ტონუსის დაქვეითებას, დამბლასა და შთამბეჭდავ სიზმრებს.

სიმპტომები

სიმპტომები, როგორც წესი, მოზარდობისას ან ადრეულ ზრდასრულ ასაკში ვლინდება და მთელი ცხოვრება რჩება. პაციენტთა მხოლოდ 10%-ს აქვს ყველა სიმპტომი, უმრავლესობას – მხოლოდ რამდენიმე. ყველა მათგანს აწუხებს მოჭარბებული ძილიანობა დღისით.

ეს უკანასკნელი დიდი ხნის მანძილზე გრძელდება, ხშირად, მიუხედავად ხანგრძლივი, საკმარისზე მეტი ძილისა, ბევრ პაციენტს ეწყება უნებლიე ჩაძინების ეპიზოდები, რომელთა გაკონტროლებაც შეუძლებელია, ვლინდება ნებისმიერ დროს და რაიმე წინასწარი ნიშნების გარეშე (ე.წ. ძილის შეტევები). ჩაძინებისგან თავის შეკავება მხოლოდ ცოტა ხნით შეიძლება. შეტევა შესაძლოა დღეში ბევრჯერ ან მხოლოდ რამდენჯერმე განვითარდეს, ხანგრძლივობა ხშირად წუთებია ან ნაკლები, თუმცა ზოგჯერ საათებიც კი. ასეთი რამდენიმეწუთიანი ძილიდან გამოღვიძების შემდეგ პაციენტები საკმაოდ გამოძინებულად, დასვენებულად გრძნობენ თავს. შეტევები ხშირად მონოტონურ სიტუაციებში ვითარდება, მაგალითად, მოსაწყენ შეხვედრებზე ან ავტობანზე მანქანის ხანგრძლივად მართვისას. ცოტა ხნით თავისი ნებით დაძინების შემთხვევაში პაციენტებს შთამბეჭდავი სიზმრები აქვთ. ღამით კი ძილი არასაკმარისია და ხშირად წყდება გაღვიძების, კოშმარების გამო.

დღისით, ღვიძილის საათებში, შესაძლოა განვითარდეს კუნთების სისუსტის უეცარი შეტევა ცნობიერების დაკარგვის გარეშე – ე.წ. კატაპლექსია, რომელსაც მოულოდნელი ემოციები იწვევს: სიბრაზე, შიში, სიხარული, სიცილი ან გაოცება. ადამიანი უეცრად შეიძლება სრულიად მოეშვას, გაუვარდეს ხელიდან რამე ან თვითონ დაეცეს. ეს შეტევები მიაგავს სწრაფი ძილის ფაზაში ნორმაში არსებულ კუნთთა დამბლას და იწვევს ისეთივე, ოღონდ უფრო მსუბუქი სისუსტის შეგრძნებას, როგორიც ეუფლება ადამიანს ძლიერი სიცილის შემდეგ. კატაპლექსია ნარკოლეფსიის მქონე ყოველი ოთხი ადამიანიდან სამში გვხვდება.

ზოგჯერ, ჩაძინების დროს ან გაღვიძებისთანავე პაციენტებს სურთ, რომ გაინძრნენ, მაგრამ არ შეუძლიათ. ამას ძილის დამბლა ეწოდება და საკმაოდ აშინებს ადამიანს. სხვისმა შეხებამ შესაძლოა მოხსნას დამბლა. ისე კი, იგი რამდენიმე წუთში თავად ქრება.

ხანდახან ჩაძინების დროს ან უფრო იშვიათად, გაღვიძებისას, პაციენტები ხედავენ ან ესმით ისეთი რაღაცები, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ჰალუცინაციები საკმაოდ რეალურად შეიგრძნობა და მიაგავს ნორმაში, სიზმარში ნანახს, მაგრამ უფრო ძლიერია. თუკი ჩაძინებამდე განვითარდა, ჰალუცინაცია ჰიპნაგოგურია, გაღვიძების წინ კი – ჰიპნოპომპური.

პაციენტებს უჭირთ კონცენტრირება და ჩვეული საქმიანობის შესრულება. ისინი ზოგჯერ კარგავენ მოტივაციას და დეპრესია ეწყებათ. ოჯახური და სხვა ტიპის ურთიერთობები შეიძლება მტკივნეული გახდეს ამ ადამიანებისთვის.

დიაგნოზი

მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, რადგან სხვა დაავადებებსაც შეუძლია ზოგიერთი მათგანის გამოწვევა. ძილის დამბლა და მსგავსი ჰალუცინაციები ზოგჯერ ჯანმრთელ ზრდასრულებშიც გვხვდება, რომელთაც ხაგრძლივად არ სძინებიათ, აქვთ ძილის აპნოე ან დეპრესია. სიმპტომებს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებაც იწვევს. შესაბამისად, საჭიროა გამოკვლევა ძილის ლაბორატორიაში. პოლისომნოგრაფია ღამით ტარდება, ხოლო ძილის ლატენტობის მრავლობითი ტესტირება – მეორე დღეს. ამ კვლევების დროს აკვირდებიან და იწერენ ტვინის, გულის, კუნთების, თვალების აქტივობას, სუნთქვას. ორგანიზმის სხვა რამდენიმე პროცესიც აღირიცხება და დაკვირვების ქვეშაა, მაგალითად, კიდურების მოძრაობა.

ნარკოლეფსიას, როგორც წესი, ისეთი დაავადებები არ იწვევს, რომელთა აღმოჩენაც გამოსახულებითი კვლევებით იქნებოდა შესაძლებელი, მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფიით ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით.

მკურნალობა

ნარკოლეფსიის საბოლოოდ განკურნება არ ხდება, თუმცა, მკურნალობა ბევრ პაციენტს აძლევს საშუალებას, გააგრძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება. ისინი უნდა ეცადონ, საკმარისად გამოიძინონ ღამით და ცოტა ხნით წაუძინონ ხოლმე დღისითაც (30 წუთამდე), ერთსა და იმავე დროს (როგორც წესი, შუადღისას). თუკი სიმპტომები მსუბუქია, შესაძლოა ეს ხერხები სრულიად საკმარისი იყოს. სხვა შემთხვევაში, სიფხიზლის შემანარჩუნებელი მედიკამენტები ინიშნება ხოლმე, მაგ. მოდაფინილი (ან დექსტროამფეტამინი, მეთილფენიდატი), რათა ძილიანობა მოიხსნას. თუკი გამოვლინდება გვერდითი მოვლენები – აგზნება, ჰიპერაქტიურობა, გულისრევა, თავის ტკივილი ან წონაში კლება – ამ საშუალებების დოზის შეცვლა შეიძლება გახდეს საჭირო. მკურნალობის დროს პაციენტი ექიმის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დექსტროამფეტამინი და მეთილფენიდატი სტიმულატორებია, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ აგზნება, არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის მომატება, განწყობის დაქვეითება. ამ საშუალებების გამოყენებისას მიჩვევაც ვითარდება ხოლმე. მოდაფინილს, რომელიც სხვა მექანიზმით მოქმედებს, უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენები ახასიათებს, მაგრამ მასზეც ვითარდება მიჩვევა.

ნატრიუმის ოქსიბატი დაძინებისას მიიღება და შემდეგ, კიდევ ერთხელ, ღამის განმავლობაში. იგი ამცირებს მოჭარბებულ ძილიანობას დღისით და ამსუბუქებს კატაპლექსიას. გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია: გულისრევა, ღებინება, გაბრუება და ძილიანობა.

კატაპლექსიის, ჰალუცინაციებისა და ძილის დამბლის წინააღმდეგ ხშირად ეფექტიანია ანტიდეპრესანტები, როგორიცაა კლომიპრამინი ან პროტრიპტილინი.