კიდურის პერიოდული მოძრაობის დაავადების დროს ძილში ვითარდება ფეხის, ხელის ან ორივეს განმეორებითი მოძრაობები. მოუსვენარი ფეხის სინდრომის მქონე პაციენტებს კი წყნარად ჯდომისას ან წოლისას აქვთ უჩვეულო შეგრძნებები ხელში, ფეხში ან ორივეში და უჩნდებათ დაუძლეველი სურვილი, გაამოძრაონ კიდური.
კიდურის პერიოდული მოძრაობის დაავადების დროს ხელები, ფეხები ან ორივე უნებლიეთ მოძრაობს და შეხტება, რაც არღვევს ძილს;
მოუსვენარი ფეხის სინდრომის მქონე პაციენტებს უძნელდებათ მოდუნება და ძილი, რადგან არ შეუძლიათ წყნარად ჯდომა და წოლა;
მოუსვენარი ფეხის სინდრომის დიაგნოსტიკა სიმპტომებზე დაყრდნობითაც შეიძლება, მაგრამ კიდურის პერიოდული მოძრაობის დაავადების დიაგნოზის დასასმელად ძილის ლაბორატორიაში გამოკვლევაა აუცილებელი;
სრული განკურნება არ ხდება, მაგრამ სიმპტომების შესამსუბუქებლად ზოგჯერ ეფექტიანია პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო და სხვა მედიკამენტები.
ეს ორი დარღვევა უფრო ხშირია საშუალო და უფროს ასაკში. მოუსვენარი ფეხის სინდრომი ადამიანთა დაახლოებით 1-2%-ს აქვს, განსაკუთრებით 50 წლის შემდეგ. მის მქონე პაციენტთა უმრავლესობას ასევე აწუხებს კიდურის პერიოდული მოძრაობის დაავადება, მაგრამ არა პირიქით.
ამ ორი დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია. აღსანიშნავია, რომ მოუსვენარი ფეხის სინდრომის მქონე ადამიანთა მესამედის ან მეტის ოჯახის წევრებსაც აქვთ ეს დარღვევა. რისკ-ფაქტორებია უმოძრაო ცხოვრების წესი, მწეველობა და სიმსუქნე. კიდურის პერიოდული მოძრაობის დაავადება ხშირად გვხვდება ახალგაზრდებში, რომელთაც ნარკოლეფსია და სწრაფი ძილის ქცევითი დარღვევა აქვთ. ორივე დაავადება უფრო ხშირია:
ორივე დარღვევა ძილის მოშლას იწვევს. შედეგად, პაციენტები უჩივიან დაღლილობასა და ძილიანობას დღისით.
კიდურის პერიოდული მოძრაობის დაავადების დროს ხელები და ფეხები, როგორც წესი, ყოველ 20-40 წამში ერთხელ მოძრაობს ძილში. ადამიანი ვერც ამ მოძრაობას აცნობიერებს და ვერც მის შედეგად ცოტა ხნით გამოფხიზლებას. ამ დროს არ აღინიშნება უჩვეულო შეგრძნებები კიდურებში.
მოუსვენარი ფეხის სინდრომის მქონე პაციენტებს წყნარად ჯდომისას ან წოლისას უეცრად უჩნდებათ დაუძლეველი სურვილი, გაამოძრაონ ფეხი. ამას ხშირად ახლავს თან გაურკვეველი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი, უცნაური შეგრძნება ფეხებში, ზოგჯერ ტკივილიც კი. პაციენტები გრძნობენ წვას, მოქაჩვას, თითქოს კიდურზე რაღაც მიცოცავს, ან მწერები ფუთფუთებენ მის შიგნით. სიარული, ფეხის გამოძრავება ან გაჭიმვა ხსნის შეგრძნებას. ამის გამო ადამიანები მოუსვენრად დადიან, მუდმივად ამოძრავებენ ფეხებს ჯდომისას ან ბრუნავენ საწოლში, რაც, შესაბამისად, აძნელებს მოდუნებასა და ჩაძინებას. ძილის დროს ფეხები უნებურად, უკონტროლოდ მოძრაობს და პაციენტს ეღვიძება. სიმპტომები უფრო ხშირად ვითარდება სტრესის დროს. დარღვევა ზოგჯერ იშვიათად ვლინდება და პრობლემებს მაინცდამაინც არ იწვევს, ზოგჯერ კი კვირაში რამდენჯერმე, რის გამოც ადამიანი გამოუძინებელია და უჭირს კონცენტრაცია, მუშაობა.
მოუსვენარი ფეხის სინდრომის დიაგნოზის დასმა შეიძლება პაციენტის ან მისი პარტნიორის მიერ აღწერილი სიმპტომების მიხედვით. კიდურის პერიოდული მოძრაობის დაავადების დასადასტურებლად კი ყოველთვის საჭიროა პოლისომნოგრაფია ელექტრომიოგრაფიასთან ერთად. ეს კვლევები ღამით ტარდება. პოლისომნოგრაფიის დროს აკვირდებიან ტვინის აქტივობას, გულისცემის სიხშირეს, სუნთქვას, კუნთთა აქტივობასა და თვალების მოძრაობას, სანამ ადამიანს სძინავს. ზოგჯერ ვიდეოკამერითაც იღებენ მთელ ძილს, რათა დაფიქსირდეს კიდურების მოძრაობა.
ამ ორიდან რომელიმე დაავადების დიაგნოსტირების შემთხვევაში, დამატებით კეთდება სისხლისა და შარდის ანალიზები, რათა გაირკვეს, სხვა დარღვევებიც ხომ არ უწყობს ხელს მათ, მაგ. ანემია, რკინის ნაკლებობა, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები.
კოფეინი კიდევ უფრო ამძიმებს სიმპტომებს, ამიტომ საჭიროა მისი შეზღუდვა. რკინის შემცველი საშუალებებისა და მინერალური დანამატების მიღებაც შეიძლება იყოს ეფექტიანი. ეს დაავადებები არ იკურნება, მაგრამ სიმპტომების შესამსუბუქებლად რამდენიმე მედიკამენტი გამოიყენება: