ფუნქციის მოშლა ადგილმდებარეობის მიხედვით | მკურნალი.გე
  1. ფუნქციის მოშლა ადგილმდებარეობის მიხედვით
  2. თავის ტვინის ფუნქციების მოშლა
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ფუნქციის მოშლა ადგილმდებარეობის მიხედვით

ტვინის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა სპეციფიკურ ფუნქციას ასრულებს, ამიტომ დაზიანების გამოვლენა მის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანია, ტვინის რომელ ნაწილშია პათოლოგიური პროცესი, რადგან ამ ორგანოს ორივე ნახევარსფერო ზუსტად ერთნაირი არ არის. ზოგი ფუნქცია მხოლოდ ერთი ნახევრის მიერ სრულდება. მაგალითად, სხეულის ერთ მხარეზე მგრძნობელობისა და მოძრაობის რეგულაცია საპირისპირო ნახევარსფეროს ევალება. არის ისეთი ფუნქციებიც, რომლებსაც უფრო მეტად ერთი ნახევარი ანუ დომინანტური ნახევარსფერო ასრულებს, ვიდრე მეორე. ადამიანთა უმრავლესობაში მეტყველება ძირითადად ტვინის მარცხენა ნახევრის ფუნქციაა. ამას ეწოდება მარცხენა ნახევარსფეროს დომინანტობა მეტყველებაში. ტვინის შესაბამისი ნაწილის დაზიანებამ ასეთი უნარების სრული დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, ფუნქციათა დიდ ნაწილს (მაგ. მეხსიერებას), ორივე ჰემისფეროს რამდენიმე უბნის ერთდროული ჩართულობა ესაჭიროება, ამიტომ ტვინის ორივე ნახევარი უნდა დაზიანდეს, ისინი რომ მოიშალოს. დისფუნქციის სპეციფიკური თავისებურებანი დაზიანების ადგილმდებარეობასთანაა დაკავშირებული.

შუბლის წილის დაზიანება ზოგადად იწვევს პრობლემების გადაჭრის, მოქმედების დაგეგმვისა და წამოწყების უნარის მოშლას, მაგ. ქუჩის გადაკვეთის ან რთულ კითხვაზე პასუხის გაცემის. უფრო ზუსტად კი, გამოვლინება იმაზეა დამოკიდებული, წილის რომელი უბანი დაზიანდა.

თუ პათოლოგია უკანა ნაწილშია (რომელიც ნებით მოძრაობას აკონტროლებს), შედეგი სისუსტე ან დამბლაა. ტვინის თითოეული ნახევარსფერო სხეულის საპირისპირო ნახევრის მოძრაობას აკონტროლებს. შესაბამისად, მარცხენა შუბლის წილის დაზიანების შედეგად სისუსტე სხეულის მარჯვენა მხარეს გამოვლინდება და პირიქით.

თუ წილის შუა უბანი დაზიანდა, ირღვევა თვალების მოძრაობა და რთული მოძრაობების თანმიმდევრობით შესრულების უნარი. პაციენტებს უჭირთ სათქმელის გამოხატვა სიტყვიერად – ე.წ. ბროკას (ექსპრესიული) აფაზია.

როცა წილის წინა ნაწილი ზიანდება, შესაძლოა ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი სიმპტომი გამოვლინდეს:

  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება

  • მეტყველების დარღვევა

  • აპათია

  • უყურადღებობა

  • დაგვიანებული პასუხი კითხვებზე

  • თავის გამოხატული შეუკავებლობა, რაც საზოგადოებაში მიუღებელი ქცევით ვლინდება

თავშეკავების დაკარგვის გამო ადამიანი ხდება ეიფორიული ან დეპრესიული, ჭარბად მოკამათე ან პასიური და ვულგარული, შესაძლოა არც აცნობიერებდეს ან ნანობდეს ქცევის შედეგებს. ასევე, დამახასიათებელია მეტყველების დროს უკვე ნათქვამის გამეორება.

საფეთქლის წილის დაზიანება წინა ნაწილში იწვევს მგრძნობელობის დაქვეითებას ან დაკარგვას სხეულის საპირისპირო მხარეზე. პაციენტებს უჭირთ გაარჩიონ შეგრძნებების ადგილი და სახე (ტკივილი, ცხელი, ცივი, ვიბრაცია).

უკანა ნაწილის დაზიანების დროს ადამიანები მარჯვენასა და მარცხენას ვერ არჩევენ (მარჯვენა-მარცხენას ორიენტაციის მოშლა) და უძნელდებათ ანგარიში, ხატვა.

თუ მარჯვენა თხემის წილი დაზიანდა, აპრაქსია ვითარდება – ანუ პაციენტს აღარ შეუძლია მარტივი, დასწავლილი ჩვევების შესრულება, მაგ. თმის დავარცხნა ან ჩაცმა.

თუ თხემის წილის დაზიანება უეცარი იყო, ადამიანმა შეიძლება საერთოდ ვერ გააცნობიეროს თავისი დაავადების სიმძიმე და დაზიანების საწინააღმდეგო მხარეს სხეულს ვერც აღიქვამდეს, სულაც უარყოფდეს მის არსებობას. ამ დროს შესაძლოა ცნობიერება მოიშალოს ან დელირიუმი განვითარდეს, პაციენტმა ვეღარ შეძლოს ჩაცმა ან მარტივი მოქმედებების შესრულება.

საფეთქლის წილის დაზიანება თუ მარჯვენა მხარეს განვითარდა, ხმებისა და ფორმების მეხსიერება ირღვევა. მარცხენა ნახევრის პათოლოგიისას კი, იმ ადამიანებში, რომელთა მეტყველებასაც ეს ნახევარსფერო განაგებს, სიტყვათა მეხსიერება, სიტყვიერი მარაგი მკვეთრად მცირდება, ზოგჯერ კი ქვეითდება სხვისი ლაპარაკის გაგების უნარიც ანუ ვითარდება ვერნიკეს (აღქმის) აფაზია. ზოგჯერ საფეთქლის წილის დაზიანება პიროვნების ცვლილებას იწვევს, ადამიანი კარგავს იუმორს, სქესობრივ ლტოლვას და ხდება ზედმეტად რელიგიური.

კეფის წილის დაზიანება: კეფის წილში მხედველობითი ინფორმაციის გადამმუშავებელი მთავარი ცენტრია მოთავსებული. თუკი იგი ტვინის ორივე ნახევარში დაზიანდა, პაციენტი ვეღარ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ თვალების ფუნქცია მოშლილი არ არის. ამას ქერქული სიბრმავე ეწოდება. ზოგჯერ ადამიანები ვერც აცნობიერებენ, რომ ვეღარ ხედავენ. თუ წინა ნაწილი დაზიანდა, პაციენტს უჭირს ნაცნობი საგნებისა და სახეების ცნობა, სწორად ვერ აღიქვამს იმას, რასაც ხედავს.