ტვინის შერყევა | მკურნალი.გე
  1. ტვინის შერყევა
  2. თავის ტრავმები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ტვინის შერყევა

ტვინის შერყევა მენტალური ფუნქციების ან ცნობიერების დონის ცვლილებაა, რომელიც ტრავმით არის გამოწვეული და რომელსაც ზოგჯერ გონების დაკარგვაც ახლავს თან. ამ შემთხვევაში ტვინის ორგანული დაზიანების თვალსაჩინო ნიშნები შეიძლება არ იყოს და მდგომარეობაც 6 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდება.

ტვინის შერყევისას ზოგჯერ გაბრუება და მსუბუქი დეზორიენტაცია ვლინდება. ზოგი ადამიანი ვერც ხვდება, რომ შერყევა აქვს. ცნობიერება შესაძლოა ხანმოკლედ დაიკარგოს, იშვიათად – 15 წუთზე დიდხანს. ხანდახან პაციენტს აღარ ახსოვს, რა ხდებოდა ზუსტად ტრავმის წინ ან მის შემდეგ.

მოგვიანებით ზოგჯერ თავის ტკივილი, ტრიალის გრძნობა, თავში სიმსუბუქის შეგრძნება, დაღლილობა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის მოშლა, გაღიზიანებადობა, დეპრესია და შფოთვა ვლინდება. ამას შერყევის შემდგომი სინდრომი ეწოდება. აზროვნება შეიძლება მოიშალოს, განსაკუთრებით კი მათში, ვისაც ემოციური სფეროს პრობლემები ჰქონდა ტრავმამდე. შერყევის შემდგომი სინდრომის სიმპტომები ხშირია პირველი კვირის მანძილზე და როგორც წესი, მეორე კვირაში ქრება, შეიძლება თვეები ან წლებიც დარჩეს, მაგრამ იშვიათად. პირველი შერყევის გადატანის შემდეგ მომდევნო უფრო ადვილად ვითარდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალი ტრავმა წინას სიმპტომების სრულად გაქრობამდე მიიღო ადამიანმა.

ტვინის შერყევის დიაგნოზის დასასმელად ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ ქსოვილები არ დაზიანებულა. ეს ხერხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, ან ორივეს ერთად გამოყენებით. თუ ტვინის ქსოვილი არაა დაზიანებული, მხოლოდ სიმპტომების მკურნალობაც საკმარისია. ტკივილისთვის აცეტამინოფენი ინიშნება. ასპირინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) გამოყენება არ შეიძლება, რადგან ისინი ხელს უშლის სისხლის შედედებას და შესაძლოა დაზიანებული სისხლძარღვებიდან სისხლდენა დაიწყოს. ტვინის შერყევის სამკურნალოდ ყველაზე კარგი საშუალება – მოსვენებაა.

შერყევის შემდგომი სინდრომის მკურნალობის მეთოდი სიმპტომების სიმძიმეზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია დასვენება და ყურადღებით დაკვირვება პაციენტზე. ემოციური სფეროს პრობლემების აღმოცენებისას ფსიქოთერაპიაა საჭირო. განმეორებითმა შერყევებმა შეიძლება გაზარდოს მოგვიანებით დემენციის, პარკინსონის დაავადებისა და დეპრესიის განვითარების რისკი. შერყევის შემდეგ სიმპტომების სრულ გაქრობამდე და სამედიცინო შეფასების ჩამთავრებამდე არ შეიძლება კონტაქტური სპორტის სახეობით დაკავება.