კურუ | მკურნალი.გე
  1. კურუ
  2. პრიონული დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
კურუ

კურუ პრიონული დაავადებაა, რომელიც შემეცნებითი ფუნქციების სწრაფ დაქვეითებასა და კუნთების კოორდინაციის მოშლას იწვევს. იგი ვითარდებოდა ახალი გვინეის მაღალმთიან ნაწილში, ფორეს ტომის ხალხში და დაკავშირებულია რიტუალურ კანიბალიზმთან.

1960-იან წლებამდე კურუ საკმაოდ გავრცელებული იყო ახალ გვინეაში. პრიონებს ადგილობრივები სავარაუდოდ კანიბალისტური რიტუალის შესრულებისას იღებდნენ, რომლის დროსაც გარდაცვლილი ნათესავის ქსოვილების შეჭმა პატივისცემის ნიშანი იყო. კურუ ალბათ კროიტცფელდტ-იაკობის დაავადებით გარდაცვლილი ადამიანის პრიონების შემცველი ქსოვილების ჭამით დაიწყო. იგი უფრო ხშირი იყო ქალებსა და ბავშვებში, რადგან მათ ტვინს აძლევდნენ საჭმელად. დღეს ამ რიტუალების უმრავლესობა აღარ სრულდება და კურუც, ფაქტობრივად, აღარ გვხვდება.

სიმპტომებიდან აღსანიშნავია კუნთთა კოორდინაციის მოშლა და სიარულის გაძნელება. კიდურები დაჭიმულია და კუნთების შეკუმშვები ვითარდება. ხშირია პათოლოგიური უნებლიე მოძრაობები, მაგ.: კიდურებისა და სხეულის ნელი დაგრეხა ან სწრაფი გამოძრავება (კურუ კანკალს ნიშნავს). ემოციები სწრაფად იცვლება სევდიდან ბედნიერებამდე, ხშირად სიცილის უეცარი წასკდომით. კურუთი დაავადებულებს უვითარდებათ დემენცია, აღარ აქვთ ემოციები, ვერ მეტყველებენ და არ რეაგირებენ გარემოზე.

ადამიანთა უმრავლესობა სიმპტომების გაჩენიდან 3-24 თვეში იღუპება, როგორც წესი, ფილტვების ანთების ან ნაწოლების გამო განვითარებული ინფექციის შედეგად.