1. მიოკლონუსი
  2. მოძრაობის დარღვევები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
მიოკლონუსი

მიოკლონუსი ნიშნავს კუნთის ან კუნთთა ჯგუფის სწრაფ, გაელვებისმაგვარ შეკუმშვას.

მიოკლონუსი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ ერთ ხელზე, ზედა კიდურის, ფეხის ან სახის კუნთთა ჯგუფზე. ზოგჯერ მასში ბევრი კუნთი ერთდროულადაა ჩართული. სლოკინიც მიოკლონუსის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც დიაფრაგმა – გულმკერდისა და მუცლის ღრუს ერთმანეთისგან გამომყოფი კუნთი – იკუმშება.

მიოკლონუსები ნორმაშიც გვხვდება, განსაკუთრებით ჩაძინებისას. ისინი რაიმე დაავადებამაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად:

  • ღვიძლის უკმარისობამ

  • თირკმლის უკმარისობამ

  • გულის გაჩერებამ (ვითარდება უეცრად და შედეგად გული სისხლის გადატუმბვას წყვეტს)

  • ტვინის დაზიანებამ ვირუსის მიერ (ვირუსული ენცეფალოპათია)

  • მეტაბოლურმა დარღვევებმა (სისხლში შაქრის მაღალი ან დაბალი დონე)

  • ჟანგბადის ნაკლებობამ

  • თავის ტრავმამ

  • ალცჰაიმერის დაავადებამ (ზოგჯერ)

  • კროიტცფელდტ-იაკობის დაავადებამ

  • იუვენილურმა მიოკლონურმა ეპილეფსიამ (რაც გულყრებს იწვევს)

მიოკლონუსი ზოგჯერ რომელიმე მედიკამენტის მაღალი დოზით მიღებისასაც ვითარდება, მაგ.: ანტიჰისტამინური საშუალებების, ზოგი ანტიდეპრესანტის (ამიტრიპტილინი), ბისმუტის, ლევოდოპას ან ოპიოიდების (ნარკოტიკები).

სიმპტომები

მიოკლონუსი შეიძლება მსუბუქი ან მძიმე იყოს. კუნთები იკუმშება სწრაფად ან ნელა, რიტმულად ან არარიტმულად, ხანდახან ან ხშირად. მიოკლონუსი შეიძლება თავისით განვითარდეს ან რაიმე გაღიზიანებამ გამოიწვიოს, მაგ.: უეცარმა ხმაურმა, სინათლემ ან მოძრაობამ. ზოგჯერ საგნის ასაღებად ხელის გაწვდენისას ან ნაბიჯის გადადგმისას ვითარდება ნებითი მოქმედების ხელის შემშლელი სწრაფი მოძრაობები. კროიტცფელდტ-იაკობის დაავადების დროს (ტვინის იშვიათი დეგენერაციული პათოლოგია), მიოკლონუსი უფრო გამოკვეთილი მაშინაა, როცა ადამიანი უეცრად კრთება. თუ ამ დარღვევას მეტაბოლური დაავადება იწვევს, იგი შეიძლება გახანგრძლივდეს და მთელი სხეულის კუნთები მოიცვას. ზოგჯერ შედეგად გულყრაც კი ვითარდება.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზი სიმპტომებს ეფუძნება. მიზეზის დასადგენად სხვა კვლევები შეიძლება გახდეს საჭირო.

თუ შესაძლებელია, გამომწვევ მდგომარეობას მკურნალობენ. მაგალითად, მიოკლონუსის განვითარების ხელის შემწყობი მედიკამენტები მოიხსნება, სისხლში შაქრის მაღალი ან დაბალი დონე რეგულირდება და თირკმლის უკმარისობის დროს დიალიზი ტარდება. თუ მიზეზის მკურნალობა შეუძლებელია, ზოგჯერ ეფექტიანია ვალპროატი ან ლევეტირაცეტამი (ანტიკონვულსანტები – იხ. ცხრილი გვ. 785) ან კლონაზეპამი (მსუბუქი სედაციური საშუალება). კარბიდოპასთან ერთად შესაძლოა საკვები დანამატი 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი (რომელსაც თავად ტვინიც წარმოქმნის) დაინიშნოს.