1. პარკინსონიზმი
  2. მოძრაობის დარღვევები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
პარკინსონიზმი

პარკინსონიზმის დროს პარკინსონის დაავადების სიმპტომებს (მოძრაობის შენელება, კანკალი) სხვა დარღვევა იწვევს.

ამის მიზეზი ბევრი მდგომარეობა შეიძლება იყოს:

  • ვირუსული ენცეფალიტი, ტვინის იშვიათი ინფექცია, რომელიც გრიპისმაგვარ დაავადებას მოჰყვება თან

  • სხვა დეგენერაციული დაავადებები, მაგ.: დემენცია, მრავლობითი სისტემური ატროფია, კორტიკობაზალური განგლიონური დეგენერაცია, პროგრესირებადი ბირთვზედა დამბლა

  • ტვინის სტრუქტურული დაავადებები, მაგ.: სიმსივნე და ინსულტი

  • თავის ტრავმა, განსაკუთრებით კი განმეორებითი დაზიანებები მოკრივეებში (დარტყმები, რომლებიც სპორტსმენის გაბრუებას იწვევს);

  • მედიკამენტები, მაგ.: ანტიფსიქოზური და ანტიჰიპერტენზიული (მეთილდოპა და რეზერპინი) საშუალებები

  • ტოქსიკური ნივთიერებები – მანგანუმი, ნახშირბადის მონოქსიდი, მეთანოლი

ზოგი მედიკამენტი და ტოქსინი ხელს უშლის ან სულაც ბლოკავს დოფამინისა და სხა ნეირომედიატორების მოქმედებას. ამას აკეთებს, მაგალითად, ანტიფსიქოზური საშუალებები, რომლებსაც პარანოიისა და შიზოფრენიის სამკურნალოდ იყენებენ. MPTP-ის (რომელიც არალეგალური ნივთიერებების მომხმარებლებმა შემთხვევით შექმნეს ოპიოიდი მეპირიდინის ხელოვნურად მიღების მცდელობისას) გამოყენება იწვევს უეცარ, მძიმე, გამოუსწორებელ პარკინსონიზმს ახალგაზრდებში.

სიმპტომები

პარკინსონიზმი იმავე სიმპტომებით ვლინდება, რითიც პარკინსონის დაავადება, მათ შორის: მოსვენების კანკალი, კუნთების დაჭიმულობა, მოძრაობების შენელება და წონასწორობის შენარჩუნების, სიარულის გაძნელება. პარკინსონიზმის გამომწვევი დარღვევების გამო ამ ნიშნების განსხვავებული ვარიანტები ან სულაც სხვა სიმპტომებიც შეიძლება განვითარდეს, მაგალითად:

  • მეხსიერების მკვეთრად გამოხატული დაკარგვა დემენციის დროს

  • პარკინსონიზმის სიმპტომები – სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს – ტვინის ზოგი სიმსივნის გამო

  • დაბალი არტერიული წნევა და შარდვის პრობლემები მრავლობითი სისტემური ატროფიის გამო

  • მეტყველების ან სხვისი ლაპარაკის გაგების დარღვევა (აფაზია), მარტივი მოქმედებების შესრულების უუნარობა (აპრაქსია), საგნებისა და მათი ფუნქციების ერთმანეთთან დაკავშირების უუნარობა (აგნოზია) – კორტიკობაზალური განგლიონური დეგენერაციის გამო

ამ უკანასკნელის დროს სიმპტომები 60 წლის შემდეგ ვლინდება. ადამიანები მოძრაობის უნარს დაახლოებით 5 წელში კარგავენ, სიკვდილი კი 10 წლის შემდეგ ვითარდება.

დიაგნოზი

ექიმი დაინტერესდება, რა დაავადებები აქვს გადატანილი პაციენტს, რამე მომწამვლელ ნივთიერებასთან ხომ არ ჰქონია შეხება ან ისეთ მედიკამენტს ხომ არ იღებს, რომელსაც პარკინსონიზმის გამოწვევა შეუძლია. შესაძლოა თავის ტვინის გამოსახულებითი კვლევები – კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ჩატარდეს, რათა სიმპტომების გამომწვევი სტრუქტურული დაავადება გამოირიცხოს.

როცა დიაგნოზი გაურკვეველია, ექიმი ლევოდოპას, პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებას დაუნიშნავს პაციენტს. თუ შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდა მდგომარეობა, სავარაუდოა, რომ ადამიანს ეს პათოლოგია აქვს.

მკურნალობა

თუ შესაძლებელია, გამომწვევი მიზეზი უნდა გამოსწორდეს ან მისი მკურნალობა დაიწყოს. როცა პარკინსონიზმი რომელიმე მედიკამენტის მიღების შედეგია, მისი მოხსნით შესაძლოა დაავადებაც განიკურნოს. სიმპტომები მსუბუქდება ან ქრება ძირითადი პათოლოგიის მკურნალობისასაც. პარკინსონის დაავადების დროს გამოყენებული მედიკამენტები (მაგ.: ლევოდოპა) ამ შემთხვევაში ხშირად ეფექტიანი არ არის, მაგრამ შესაძლოა მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდეს.

სამკურნალო საშუალებები მაშინ ინიშნება, თუ სიმპტომები შემაწუხებელია. როცა მიზეზი ანტიფსიქოზური მედიკამენტების მიღებაა, ამანტადინი ან ანტიქოლინერგული საშუალება, მაგ.: ბენზტროპინი შეიძლება იყოს ეფექტიანი.

პარკინსონიზმის დროსაც იგივე ზოგადი მეთოდები გამოიყენება პაციენტებისთვის მოძრაობის უნარისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, რაც პარკინსონის დაავადების შემთხვევაში. მაგალითად, საჭიროა ადამიანი რაც შეიძლება აქტიური იყოს, გაიმარტივოს ყოველდღიური საქმიანობები, გამოიყენოს დამხმარე ნივთები და სახლში გარემო უფრო უსაფრთხო გახადოს (პატარა ნოხები აიღოს იატაკიდან, რათა არ წამოედოს). ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტები ეხმარებიან ადამიანებს ამაში. მნიშვნელოვანია კარგი კვება.