პროგრესირებადი ბირთვზედა დამბლა | მკურნალი.გე
  1. პროგრესირებადი ბირთვზედა დამბლა
  2. მოძრაობის დარღვევები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
პროგრესირებადი ბირთვზედა დამბლა

პროგრესირებადი ბირთვზედა დამბლა ხასიათდება კუნთების დაჭიმულობით (რიგიდობით), თვალების მოძრაობის უუნარობით, ყელის კუნთების სისუსტით და უკან წაქცევისკენ მიდრეკილებით.

პროგრესირებადი ბირთვზედა დამბლა პარკინსონის დაავადებაზე ბევრად იშვიათია და ტვინის მრავალ ნაწილს აზიანებს, განსაკუთრებით კი ქერქქვეშა ბირთვებსა და ტვინის ღეროს (ქერქქვეშა ბირთვები კუნთების მოძრაობას გლუვს ხდიან და უზრუნველყოფენ მათ კოორდინაციას პოზის შეცვლისას. ტვინის ღერო ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს არეგულირებს, მაგ.: სუნთქვას, გულისცემის სიხშირეს, ყლაპვას და მონაწილეობს პოზის შეცვლაშიც). ტვინის ამ უბნებში უჯრედები დეგენერაციას განიცდის, მაგრამ ამის მიზეზი უცნობია.

სიმპტომები ხშირად შუახნის ასაკის ბოლოსკენ ვითარდება. პირველი გამოვლინება ზოგჯერ თავის უკან გადახრის გარეშე ზევით ახედვის, კიბეებზე ასვლისა და ჩამოსვლის გაძნელებაა. დაავადებულებს არ შეუძლიათ თვალების ქვევით მოძრაობა, უძრავ საგანზე მზერის დაფიქსირება ან გაყოლება. ზოგჯერ ვლინდება მხედველობის დაბინდვა ან გაორება. ზედა ქუთუთოები აწეულია, რაც გაოცებულ გამომეტყველებას ქმნის. კუნთები დაჭიმული, მოძრაობა კი შენელებული ხდება. დაავადებულები ბარბაცით დადიან, ხშირად ვარდებიან უკან. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია: უძილობა, აგზნება, გაღიზიანებულობა, აპათია და ემოციების სწრაფი ცვლილებები.

მოგვიანებით ხშირია დეპრესია და დემენცია. პარკინსონის დაავადების მსგავსად, პროგრესირებადი ბირთვზედა დამბლაც კუნთების ძლიერ დაჭიმულობასა და უნარშეზღუდულობას იწვევს, რაც როგორც წესი, 5 წელში ყალიბდება. სიკვდილი ხშირად სიმპტომების გამოვლენიდან 10 წელში ვითარდება, რისი მიზეზიც ბევრ შემთხვევაში ინფექციაა.

დიაგნოსტიკა გამოვლინებების მიხედვით ხდება. ეფექტიანი მკურნალობა არ არსებობს. მდგომარეობის მეტნაკლებად გაუმჯობესება პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებითაა შესაძლებელი.