1. ტიკები
  2. მოძრაობის დარღვევები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ტიკები

ტიკები სწრაფი, უმიზნო, განმეორებადი, მაგრამ არარიტმული მოძრაობებია, რომლებიც ფაქტობრივად ზუსტად ერთნაირია ყოველ ჯერზე. მათი დათრგუნვა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ხანმოკლედ და მხოლოდ ნებისყოფის დაძაბვით.

  • ტიკი შესაძლოა დამოუკიდებლად განვითარდეს ან რაიმე დაავადების, მედიკამენტის მიერ იყოს გამოწვეული;

  • ადამიანებს აქვთ დაუძლეველი მოთხოვნილება, დაახამხამონ თვალები, გააკეთონ რამე მიმიკა, გაამოძრაონ თავი ან შეასრულონ რაიმე მოძრაობა;

  • ბევრი ტიკი თავისით ქრება, თუმცა თუ ისინი შემაწუხებელი ან მძიმეა, მსუბუქი სედაციური ან ანტიფსიქოზური საშუალებები ინიშნება.

ტიკი იყოფა მარტივად და რთულად. მარტივი ტიკი, მაგ.: თვალების ხშირი ხამხამი, მიმიკები ან თავის მოძრაობა, შესაძლოა ნერვული მანერების სახით განვითარდეს. რთული ტიკები, როგორიც ტურეტის სინდრომის დროს გვხვდება, ხშირად ნორმალური ქცევის ნაწილს მიაგავს.

ტიკები, განსაკუთრებით კი მარტივი, შესაძლოა დამოუკიდებლად განვითარდეს. მრავალი მათგანი ბავშვობაში იწყება და მკურნალობის გარეშეც ქრება. ამ დარღვევას ზოგჯერ სხვა პათოლოგიები იწვევს, მაგ.: ჰანტინგტონის დაავადება, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ზოგი ინფექცია ან ინსულტი. ტიკის გამოწვევა ზოგიერთ მედიკამენტს ან მომწამლავ ნივთიერებასაც შეუძლია.

სიმპტომები

ტიკის განვითარებამდე შესაძლოა ამ მოძრაობის გაკეთების დაუძლეველი სურვილი გაჩნდეს, ისეთივე ძლიერი, როგორიც დაცემინების ან მოქავების სურვილია. ადამიანი ნელ-ნელა იძაბება, განსაკუთრებით კი სხეულის ტიკში ჩართულ ნაწილზეა ეს გამოხატული. დანებება და ტიკის შესრულება ცოტა ხნით ჰგვრის შვებას მას.

ზოგჯერ ტიკისგან თავის შეკავება რამდენიმე წამით ან წუთითაცაა შესაძლებელი, ხშირად საბოლოოდ ადამიანი მაინც აკეთებს იმ მოძრაობას. უმრავლესობას უჭირს ტიკების კონტროლი, განსაკუთრებით კი ემოციური სტრესის დროს. თუმცა, ზოგს შეუძლია, დათრგუნოს ტიკი, რაც ხშირად ძალიან ძნელია. ტიკზე ყურადღების გამახვილება, განსაკუთრებით ბავშვებში, უფრო აუარესებს მას.

მკურნალობა

მარტივი ტიკის მქონე ადამიანების (განსაკუთრებით ბავშვების) დამშვიდება საუკეთესო მიდგომაა და ასევე, უმჯობესია, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღების მიქცევა ტიკისთვის.

თუ დარღვევა ძალიან შემაწუხებელია, მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს. მარტივი ტიკების დროს ზოგჯერ ეფექტიანია ბენზოდიაზეპინები, მაგ.: კლონაზეპანი და დიაზეპამი. ეს მსუბუქი სედაციური საშუალებები დასალევად ინიშნება. კლონიდინი მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა ზოგჯერ ტიკების დროსაც ეფექტიანია. იგი ბლოკავს ნორადრენალინს – ნეირომედიატორს, რომელიც ტიკების განვითარებას უწყობს ხელს. გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია არტერიული წნევის მკვეთრად დაცემა.

მძიმე ტიკების შემთხვევაში ანტიფსიქოზური საშუალებები შეიძლება დაინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ მათი მიზეზი ფსიქოზი არ არის. ზოგჯერ მოძრაობაში ჩართულ კუნთში ბოტულინის ტოქსინი შეიყვანება, რომელიც მის დამბლას იწვევს და ტიკიც ვეღარ ვითარდება.

ტურეტის სინდრომი

ტურეტის სინდრომი მემკვიდრული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მარტივი და რთული კუნთოვანი და ხმოვანი ტიკებით. ისინი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მეორდება, სულ მცირე, ერთი წლის მანძილზე მაინც.

ტურეტის სინდრომი საკმაოდ გავრცელებულია – სავარაუდოდ ყოველი 100 ადამიანიდან 1-ს აქვს. იგი სამჯერ უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში. დაავადება, როგორც წესი, ადრეულ ბავშვობაში იწყება. პაციენტთა უმრავლესობაში სიმპტომები იმდენად მსუბუქია, რომ დარღვევა მათ არც უდგინდებათ.

  • მიზეზი უცნობია;

  • დაავადება ხშირად მარტივი ტიკებით იწყება: თვალების ხამხამით, მიმიკებით ან თავის მოძრაობით. ამას შემდეგ მოჰყვება ხელის ან წიხლის დარტყმა, ხმოვანი წამოძახილები, მათ შორის – უხამსიც;

  • დიაგნოსტიკა სიმპტომების მიხედვით ხდება;

  • მედიკამენტები შესაძლოა არ იყოს საჭირო, მაგრამ ზოგჯერ ეფექტიანია კლონიდინი, მსუბუქი სედაციური ან ანტიფსიქოზური საშუალებები, ბოტულინის ტოქსინი.

დაავადების მიზეზი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს დარღვევა დოფამინის ან ტვინის სხვა ნეირომედიატორის (ქიმიური გადამცემი, რომლითაც ნერვული უჯრედები კავშირს ამყარებს ერთმანეთთან) მოქმედებაში. დაავადების განვითარებაში გენებიცაა ჩართული, მაგრამ უცნობია, ზუსტად რომელი და როგორ.

სიმპტომები

ტურეტის სინდრომი ხშირად მარტივი კუნთოვანი ტიკებით იწყება, მაგ.: მიმიკებით, თავის მოძრაობითა და თვალების ხამხამით. მარტივი ტიკები შესაძლოა უბრალოდ ნერვული ჩვევა იყოს და დროთა განმავლობაში გაქრეს. არ არის აუცილებელი მათი გამოვლენა ტურეტის სინდრომის დასაწყისს ნიშნავდეს, რადგან ეს დარღვევა მარტივ ტიკზე ბევრად რთულად მიმდინარეობს. მაგალითად, პაციენტმა შესაძლოა თავი აქეთ-იქით აქნიოს, ახამხამოს თვალები, გააღოს პირი და დაჭიმოს კისერი.

დაავადება შესაძლოა პროგრესირდეს და განვითარდეს რთული ტიკების უეცარი გამოვლინებები, მათ შორის ხმოვანი ტიკები, ხელისა და წიხლის დარტყმა, უეცარი, მკვეთრი სუნთქვითი მოძრაობები. ხმოვანი ტიკები თავიდან შეიძლება დუდღუნის, ფხუკუნის, ღიღინის ან ყეფის ხმებით გამოვლინდეს და გადაიზარდოს უხამსი სიტყვების თავშეუკავებელ, უნებლიე წამოძახებებში. ტურეტის სინდრომით დაავადებულები უმიზეზოდ, ხშირად შუა საუბარში წამოიძახებენ უხამსობებს ან განავალთან დაკავშირებულ სიტყვებს (ამას კოპროლალია ეწოდება). ზოგჯერ შეცდომით ჰგონიათ, რომ ამას ძალით აკეთებს ადამიანი (განსაკუთრებით კი, თუ იგი ბავშვია). კოპროლალია ტურეტის სინდრომის კარგად ცნობილი თავისებურებაა, თუმცა დაავადებულთა სულ მცირე, 85%-ს ეს არ აღენიშნება. ასევე, ზოგი პაციენტი მოსმენისთანავე იმეორებს სიტყვებს, რასაც ექოლალია ეწოდება.

ტურეტის სინდრომის მქონეებს ხშირად უჭირთ საქმიანობა და მნიშვნელოვან შფოთვას განიცდიან საზოგადოებაში. წარსულში მათ უარყოფდნენ, განაცალკევებდნენ ან ითვლებოდა, რომ ეშმაკით იყვნენ შეპყრობილები. ბევრ დაავადებულში ვითარდება იმპულსური, აგრესიული ქცევა, თვითდაზიანება, შემთხვევათა ნახევარში კი – ობსესიურ-კომპულსიური დაავადება. ტურეტის სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად სწავლაც უჭირთ. მათ შესაძლოა ასევე ჰქონდეთ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. უცნობია, ამ პრობლემებს თავად ტურეტის სინდრომი იწვევს თუ ამ დარღვევით ცხოვრებასთან დაკავშირებული სტრესი.

დიაგნოზი

დიაგნოზი სიმპტომებს ეფუძნება. დაავადების ადრეულად დადგენისას მშობლებს თავიდანვე ესმით, რომ მათი შვილების ტიკები უნებლიეა და დასჯით ვერ გამოსწორდება, პირიქით, უფრო გაუარესდება.

მკურნალობა

თუ სიმპტომები მსუბუქია, მედიკამენტები საჭირო შეიძლება არც იყოს.

მარტივი ტიკები: ექიმები, პირველ რიგში, კლონიდინს ან გუანფაცინს ნიშნავენ. კლონიდინი, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალება, ზოგჯერ ეფექტიანია, განსაკუთრებით კი შფოთვის ან ობსესიურ-კომპულსური ქცევის დროს. შესაძლოა კარგად იმოქმედოს ბენზოდიაზეპინებმაც, მაგ.: კლონაზეპამმა და დიაზეპამმა. ეს მსუბუქი სედაციური საშუალებები დასალევად ინიშნება.

მძიმე სიმპტომები: ტიკების სამკურნალოდ ანტიფსიქოზური საშუალებებიც შეიძლება იყოს ეფექტიანი, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი ფსიქოზი არ არის. ინიშნება უმცირესი დოზა, რომელიც ტიკებს ასატანს ხდის და შემდეგ მათ შესუსტებასთან ერთად წამლის რაოდენობაც მცირდება. ჰალოპერიდოლი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანტიფსიქოზური საშუალებაა და საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა უფრო მეტად აქვს გვერდითი მოვლენები, ვიდრე ამ ჯგუფის სხვა მედიკამენტებს: ოლანზაპინს, პიმოზიდსა და რისპერიდონს.

ანტიფსიქოზური საშუალებების არასასურველი ეფექტები მოიცავს: პარკინსონის დაავადების მსგავს სიმპტომებს (პარკინსონიზმს), მოუსვენრობას, კუნთთა დაჭიმულობას ან ხანგრძლივ, უნებლიე შეკუმშვებს (დისტონიას), წონის მატებას, მხედველობის დაბინდვას, ძილიანობას, და შენელებულ, დაქვეითებულ აზროვნებას. შესაძლოა განვითარდეს და წამლის მოხსნის შემდეგაც კი დარჩეს გვიანი დისკინეზია, რომელიც განმეორებითი, უნებლიე მოძრაობებით გამოიხატება. ზოგჯერ, ადამიანი უნებლიეთ ტუჩებს პრუწავს, აწკლაპუნებს, ენას ყოფს, ხელები და ფეხები ეგრიხება. იშვიათი, მაგრამ უფრო მძიმე გვერდითი მოვლენაა ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, რომლის დროსაც ვლინდება მაღალი ცხელება და არტერიული წნევა, კუნთების დაზიანება და კომა.

ტიკებში ჩართულ კუნთებში ბოტულინის ტოქსინის შეყვანა ამცირებს პათოლოგიურ მოძრაობებს და მათ დაუძლეველ სურვილსაც. ბოტულინი ბაქტერიული ტოქსინია, რომელიც ბოტულიზმს იწვევს. მას კუნთების დამბლის გამოსაწვევად (და ნაოჭების საწინააღმდეგოდ) იყენებენ.

ტვინის ღრმა სტიმულაცია ტურეტის სინდრომის მკურნალობის საცდელ მეთოდად ითვლება, თუმცა ზოგჯერ იგი გამოიყენება სპეციალურ ცენტრებში, როცა დაავადება ძალიან მძიმეა და მედიკამენტები არ არის ეფექტიანი. ელექტროდები ტვინის იმ უბნებში თავსდება, რომლებიც სავარაუდოდ ტიკებს იწვევს.