1. ქორეა, ათეთოზი და ჰემიბალიზმი
  2. მოძრაობის დარღვევები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ქორეა, ათეთოზი და ჰემიბალიზმი

ქორეის დროს სხეულის ერთ ნაწილში ვლინდება განმეორებითი, ხანმოკლე, მკვეთრი და სწრაფი, უნებლიე მოძრაობები, რომლებიც უეცრად და თანმიმდევრობით გადადის რომელიმე სხვა ნაწილზე.

ათეთოზი ნელი, ტალღისებური, უნებლიე, გრეხვითი მოძრაობებით ვლინდება. ჰემიბალიზმი ქორეის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს რომელიმე ხელის სწრაფ, ძლიერ გაქნევას.

  • ქორეა და ათეთოზი ხშირად სხვა დაავადების სიმპტომებია, თუმცა ქორეა შესაძლოა დამოუკიდებლადაც განვითარდეს მოხუცებში ან ორსულებში;

  • ქორეა და ათეთოზი, როგორც წესი, ნელ, გრეხვით ან ცეკვისმაგვარ, მკვეთრ მოძრაობებს იწვევს;

  • ჰემიბალიზმი სხეულის ცალ მხარეს ვლინდება ძირითადად ხელის გაქნევით;

  • ქორეის და ათეთოზის შემთხვევაში ხშირად ეფექტიანია მიზეზის მკურნალობა ან ანტიფსიქოზური საშუალებები.

ქორეა და ათეთოზი შესაძლოა ერთდროულადაც განვითარდეს ქორეოათეთოზის სახით, თუმცა ისინი დაავადებები არ არის – სიმპტომებია, რომელთაც რამდენიმე ძალიან განსხვავებული დარღვევა შეიძლება იწვევდეს. მათი მიზეზია ჭარბი აქტივობა ქერქქვეშა ბირთვებში – ტვინის იმ ნაწილში, რომელიც ამ ორგანოდან ნერვული იმპულსებით წამოწყებულ მოძრაობებს სიგლუვეს ანიჭებს, მათ კოორდინაციას უზრუნველყოფს. ქორეის სხვადასხვა ფორმის დროს ტვინის ამ უბნებს ფუნქციონირებაში ხელს უშლის ქერქქვეშა ბირთვების მთავარი ნეირომედიატორის, დოფამინის სიჭარბე. მედიკამენტები და დაავადებები, რომლებიც ამ ნივთიერების რაოდენობას და ნერვული უჯრედების მგრძნობელობას ზრდის მის მიმართ, ამძიმებს ქორეასა და ათეთოზს.

ეს სიმპტომები ასევე გვხვდება ჰანტინგტონის დაავადების დროს, რომელიც მემკვიდრული დეგენერაციული პათოლოგიაა. არსებობს სიდენჰამის ქორეაც (ეგრეთ წოდებული წმ. ვიტუსის ცეკვა ან სიდენჰამის დაავადება), რომელიც რევმატული ცხელების (ზოგიერთი სტრეპტოკოკით გამოწვეული ბავშვთა ინფექცია) შემდეგ გართულების სახით ვითარდება. სიდენჰამის ქორეა ხასიათდება მკვეთრი, უკონტროლო მოძრაობებით, რომლებიც რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს.

ზოგჯერ ქორეა ხანში შესულებში ვითარდება რაიმე თვალნათელი მიზეზის გარეშე. ამას მოხუცებულობითი ქორეა ეწოდება და მოიცავს პირის ღრუში და მის გარშემო მდებარე კუნთებს. ქორეა შესაძლოა ორსულობის პირველი 3 თვის მანძილზეც განვითარდეს (ამ მდგომარეობას ორსულთა ქორეა ეწოდება), მაგრამ მშობიარობის მერე მალევე ქრება მკურნალობის გარეშეც. იშვიათად მსგავსი დარღვევა ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენების დროს ვითარდება ქალებში. ქორეა შესაძლოა გამოვლინდეს: სისტემური წითელი მგლურას; ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი ფუნქციონირების (ჰიპერთირეოიდიზმი); ქერქქვეშა ბირთვების ერთ-ერთი უბნის – კუდიანი ბირთვის დამაზიანებელი სიმსივნის ან ინსულტის და ზოგიერთი მედიკამენტის, მაგ.: ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღების დროს.

სიმპტომები

ქორეა, როგორც წესი, მოიცავს მტევნებს, ტერფებსა და სახეს. მკვეთრი მოძრაობები თანდათან გადადის ერთი კუნთიდან მეორეზე, რაც ცეკვას მიაგავს. მოძრაობები შესაძლოა გაცნობიერების გარეშე გამიზნულ ან ნახევრადგამიზნულ მოქმედებებად იქცეს, რაც ზოგჯერ აძნელებს ქორეის ცნობას.

ათეთოზი ხშირად მტევნებსა და ტერფებს მოიცავს. ნელ, დაგრეხვისმაგვარ მოძრაობებს შორის პაციენტს კიდურების ნაწილები თავისებურ პოზაში უჭირავს, რაც მოძრაობათა უწყვეტ, თანმიმდევრულ ნაკადს ქმნის.

ჰემიბალიზმი სხეულის ერთ ნახევარს მოიცავს. ხელი უფრო ხშირადაა ამ დარღვევაში ჩართული, ვიდრე ფეხი. ამას, როგორც წესი, იწვევს ინსულტი ქერქქვეშა ბირთვების ქვემოთ მოთავსებულ პატარა უბანში, სუბთალამურ ბირთვში. ჰემიბალიზმი შესაძლოა დროებით შესაძლებლობების შემზღუდველი იყოს, რადგან ხელის გამოძრავების მცდელობისას ადამიანი კიდურს უნებლიეთ გაიქნევს.

მკურნალობა

ჰიპერთირეოიდიზმით გამოწვეული ქორეა ხშირად მცირდება ამ დაავადების მკურნალობისას. სიდენჰამის ქორეა და ინსულტით გამოწვეული ქორეა, როგორც წესი, თანდათან ქრება მკურნალობის გარეშეც. თუ დარღვევას მედიკამენტი იწვევს, შესაძლოა ეფექტიანი იყოს წამლის მოხსნა, მაგრამ პრობლემა ზოგჯერ მაინც რჩება. ორსულთა ქორეის სამკურნალოდ ზოგჯერ ბარბიტურატები ინიშნება.

დოფამინის მოქმედების დამთრგუნველი მედიკამენტები შეიძლება ეფექტიანი იყოს პათოლოგიური მოძრაობების სამკურნალოდ. მათ შორისაა: ანტიფსიქოზური საშუალებები (იხ. ცხრილი გვ. 979), მაგ.: ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი და რისპერიდონი. ზოგჯერ ინიშნება დოფამინის რაოდენობის შემამცირებელი მედიკამენტები, მაგ.: რეზერპინი და ტეტრაბენაზინი. თუმცა, მდგომარეობა შეიძლება ბევრად არ გაუმჯობესდეს.

ჰემიბალიზმი ხშირად თავისით ქრება რამდენიმე დღეში, მაგრამ შესაძლოა 6-8 კვირაც გაგრძელდეს. მის დასათრგუნად ზოგჯერ ანტიფსიქოზური საშუალებებია ეფექტიანი.