1. მრავლობითი სკლეროზი (მრავლობითი სკლეროზი და მსგავსი დაავადებები)
  2. მრავლობითი სკლეროზი და მსგავსი დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
მრავლობითი სკლეროზი (მრავლობითი სკლეროზი და მსგავსი დაავადებები)

მრავლობითი სკლეროზის დროს თვალების, თავისა და ზურგის ტვინის ნერვული ბოჭკოები მათ მფარავ მიელინის გარსებთან ერთად ზიანდება ან ნადგურდება.

  • მიზეზი უცნობია, მაგრამ შესაძლოა მოიცავდეს იმუნური სისტემის თავდასხმას ორგანიზმის საკუთარ ქსოვილებზე (ავტოიმუნური რეაქცია);

  • ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობისა და სიმპტომების გაუარესების პერიოდები, როგორც წესი, ერთმანეთს ენაცვლება;

  • პაციენტებს ზოგჯერ მხედველობის პრობლემები, მგრძნობელობის მოშლა აწუხებთ, მოძრაობები სუსტი და მოუქნელი ხდება;

  • დიაგნოზი სიმპტომების, გასინჯვისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგების მიხედვით ისმება;

  • მკურნალობა მოიცავს კორტიკოსტეროიდებს, მედიკამენტებს, რომლებიც ასუსტებენ იმუნური სისტემის თავდასხმას ორგანიზმზე და ასევე, სიმპტომების შემამსუბუქებელ საშუალებებს;

  • ხშირად დაავადება ნელ-ნელა ღრმავდება, ზოგჯერ უნარშეზღუდულობასაც იწვევს, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობა არ მცირდება, თუ დარღვევა ძალიან მძიმე არ არის.

ტერმინი "მრავლობითი სკლეროზი" ნიშნავს, რომ ნაწიბურები (ანუ სკლეროზი) მრავალ ადგილას ვითარდება ნერვების გარშემო არსებული ქსოვილის (მიელინის გარსის) დაზიანების გამო. ამას დემიელინიზაცია ეწოდება. შედეგად ზოგჯერ იმპულსების გადამცემი ნერვული ბოჭკოებიც (აქსონებიც) ზიანდება. ამის გამო დროთა განმავლობაში ტვინი შესაძლოა ზომაში შემცირდეს.

აშშ-ში მრავლობითი სკლეროზი დაახლოებით 400 000 ადამიანს აქვს, ძირითადად – ახალგაზრდებს. ყველაზე ხშირად დაავადება 20-40 წლის ასაკში იწყება და უფრო გავრცელებულია ქალებში. პაციენტთა უმრავლესობაში ერთმანეთთან მონაცვლეობს ჯანმრთელობის შედარებით კარგი მდგომარეობისა (რემისია) და სიმპტომების გაუარესების პერიოდები (გამწვავება ანუ რეციდივი). რეციდივი შეიძლება მსუბუქი ან ძალიან მძიმე იყოს, რემისიის დროს კი ხდება აღდგენა, მაგრამ – არასრული. შესაბამისად, დაავადება დროთა განმავლობაში ნელ-ნელა პროგრესირებს.

მიზეზები

მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს თეორია, რომ სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე ადამიანის ორგანიზმში ხვდება რაიმე ვირუსი (ალბათ ჰერპესის ვირუსი ან რეტროვირუსი) ან უცნობი ნივთიერება, რომელიც როგორღაც მიმართავს იმუნურ სისტემას საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ (ავტოიმუნური რეაქცია). ეს იწვევს მიელინის ანთებას, რის გამოც ზიანდება მიელინის გარსები და მათ ქვეშ მდებარე ნერვული ბოჭკოები.

როგორც ჩანს, მემკვიდრეობით ფაქტორსაც აქვს მნიშვნელობა მრავლობითი სკლეროზის დროს. დაავადებულთა დაახლოებით 5%-ს ამავე დარღვევის მქონე და ან ძმა ჰყავს, 15%-ს კი – ახლო ნათესავი. ამასთანავე, მრავლობითი სკლეროზი უფრო ხშირად ვითარდება ისეთ ადამიანებში, რომელთა ორგანიზმშიც უჯრედებზე ზოგიერთი სპეციფიკური გენეტიკური მარკერია მოთავსებული – ე.წ. ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენები. მათი მეშვეობით ორგანიზმი ახერხებს, გაარჩიოს საკუთარი უცხოსგან და მიხვდეს, რომელ მოლეკულებს დაესხას თავს.

მრავლობითი სკლეროზის განვითარებაში გარემოსაც მიუძღვის წვლილი. ამ დაავადების განვითარების რისკი სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ სად გაატარა ადამიანმა ცხოვრების პირველი 15 წელი. ზომიერ კლიმატურ სარტყელში მრავლობითი სკლეროზი 2000-დან 1 კაცს სჭირს, ტროპიკულ სარტყელში გაზრდილთაგან კი – 10000-დან ერთს. დაავადება თითქმის არასდროს ვითარდება ადამიანებში, რომლებიც ბავშვობაში ეკვატორთან ცხოვრობდნენ. ეს განსხვავებები შესაძლოა ორგანიზმში D ვიტამინის რაოდენობით იყოს გამოწვეული. კანზე მზის სინათლის მოხვედრისას სხეულში ეს ნივთიერება გამომუშავდება. შესაბამისად, ზომიერ კლიმატში გაზრდილ ადამიანებს შეიძლება ვიტამინი ნაკლები შემცველობით აქვთ ორგანიზმში, რაც ზრდის მრავლობითი სკლეროზის განვითარების რისკს. მაგრამ უცნობია, ზუსტად როგორ იცავს D ვიტამინი ორგანიზმს ამ დაავადებისგან. მრავლობითი სკლეროზის განვითარების ალბათობა აღარ იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ კლიმატში გაატარებს ადამიანი ცხოვრების შემდეგ წლებს.

მოწევა, როგორც ჩანს, ზრდის დაავადების რისკს, რისი მიზეზიც ასევე უცნობია.

სიმპტომები

სიმპტომები მნიშვნელოვნად განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანში და ერთ ადამიანშიც კი – სხვადასხვა დროს. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელი ნერვული ბოჭკოები განიცდის დემიელინიზაციას. თუ ამ პროცესში მგრძნობელობითი ინფორმაციის გადამტანი ნერვები ჩაერთო – მგრძნობელობის დარღვევა (სენსორული სიმპტომები) ვითარდება. თუ დაზიანებულ ნერვულ ბოჭკოებში მამოძრავებელი იმპულსები მოძრაობს კუნთებისკენ, დაავადება მოძრაობის მოშლით გამოვლინდება (მოტორული სიმპტომები). დარღვევები სხეულის ერთ ან რამდენიმე ნაწილს მოიცავს და ხშირად ხან ვლინდება, ხან ქრება. სიმპტომების ასეთ ცვალებადობას მიელინის გარსების დაზიანება, შემდეგ აღდგენა და მერე ისევ, უფრო მეტად დაზიანება იწვევს. მდგომარეობა ხშირად მძიმდება მაღალი ტემპერატურისას, მაგალითად, ცხელ ამინდში, ცხელი აბაზანის ან შხაპის მიღებისას ან ცხელებისას.

მრავლობითი სკლეროზისას სიმპტომები შეიძლება მუდმივად უარესდებოდეს და მსუბუქდებოდეს, ისე, რომ ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელი იყოს.

თუმცა, დაავადება ძირითადად რამდენიმე დამახასიათებელი სახით ვლინდება:

  • გამწვავებებითა და რემისიებით მიმდინარე: რეციდივის (გამწვავების, სიმპტომების გაუარესების) პერიოდები ცვლის რემისიებს (როცა მდგომარეობა სტაბილურდება). რემისია შეიძლება თვეები ან წლები გაგრძელდეს. გამწვავება ზოგჯერ უმიზეზოდ იწყება, ზოგჯერ კი ინფექციის, მაგ.: გრიპის გამო.

  • პირველადად პროგრესირებადი: დაავადება თანდათან პროგრესირებს რემისიების ან გამოხატული გამწვავებების გარეშე, თუმცა ზოგჯერ პლატოს პერიოდები ვითარდება, რომლის დროსაც მდგომარეობა სტაბილურია.

  • მეორადად პროგრესირებადი: თავიდან გამწვავებები და რემისიები ერთმანეთს ენაცვლება, შემდეგ კი დაავადება თანდათან პროგრესირებს.

  • პროგრესულად გამწვავებადი: დაავადება თანდათან პროგრესირებს, მაგრამ დროგამოშვებით უეცარი გამწვავებები ვლინდება. ეს საკმაოდ იშვიათია.

თავის ტვინში მიმდინარე დემიელინიზაციის ზოგადი, არამკვეთრი სიმპტომები დაავადების დიაგნოსტირებამდე დიდი ხნით ადრეც ვლინდება, მაგალითად: ხელებზე, ფეხებზე, სხეულსა და სახეზე ჩხვლეტის, ტკივილის, წვის გრძნობა, ქავილი და დაბუჟება. ზოგჯერ შეხების შეგრძნება ქვეითდება. პაციენტმა შესაძლოა ხელში ან ფეხში ძალა, მოქნილობა დაკარგოს, კიდური დაიჭიმოს.

ზოგ შემთხვევაში მხედველობა უარესდება ან იბურება. ადამიანები ძირითადად ვერ ხედავენ პირდაპირ ყურებისას, ანუ იკარგება ცენტრალური მხედველობა, პერიფერიული (გვერდითი) მხედველობა კი არ იცვლება. ზოგჯერ ცალი თვალი უფრო მეტად სუსტდება, ვიდრე მეორე, რის გამოც ერთ მხარეს გახედვისას მხედველობა გაორდება. ამ დარღვევას ბირთვთაშორისი ოფთალმოპლეგია ეწოდება. უფრო ძლიერი თვალი შესაძლოა უნებლიეთ მოძრაობდეს, სწრაფად ერთი მიმართულებით და ნელა – საწყისი მდგომარეობისკენ, რაც მრავალჯერ მეორდება (ამ სიმპტომს ნისტაგმი ეწოდება). ვითარდება ნაწილობრივი სიბრმავე ცალ თვალში და ასევე, ტკივილი თვალის გამოძრავებისას. ეს სიმპტომები მხედველობის ნერვის ანთების – ოპტიკური ნევრიტის – შედეგია. მრავლობითი სკლეროზით დაავადებულ ზოგ ადამიანს მხოლოდ ოპტიკური ნევრიტი აქვს.

თუკი კისრის არეში ზურგის ტვინის უკანა ნაწილი დაზიანდა, კისრის წინ გადახრა დენის დარტყმის ან ჩხვლეტის შეგრძნებას იწვევს, რომელიც ზურგში, ორივე ფეხში, ერთ ხელში ან სხეულის ცალ მხარეს ვრცელდება (ამ რეაქციას ლერმიტის ნიშანი ეწოდება). შეგრძნება, როგორც წესი, წამიერია და ქრება კისრის გასწორებისთანავე. იგი მანამდე გრძელდება, სანამ კისერი მოხრილია.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად მოძრაობები მოკანკალე, უთანაბრო და ფუჭი ხდება. შეიძლება ნაწილობრივი ან სრული დამბლაც განვითარდეს. ზოგჯერ დასუსტებული კუნთები უნებლიეთ იკუმშება (რასაც სპასტიკურობა ეწოდება) ანდა, მტკივნეულად იკრუნჩხება. კუნთების სისუსტე და სპასტიკურობა ხელს უშლის სიარულს და საბოლოოდ შეუძლებელს ხდის ბორბლებიანი დასაყრდნობით ან სხვა დამხმარე მოწყობილობითაც კი. მეტყველება ნელდება, პაციენტი გაურკვევლად და დაყოვნებებით საუბრობს.

დაავადების გვიან ეტაპზე დემენცია და მანია (მეტისმეტი ეიფორიულობა) ვითარდება. ზიანდება კუჭის მოქმედების და შარდვის მაკონტროლებელი ნერვები, რის გამოც მოშარდვის ხშირი და დაუძლეველი სურვილი, შარდის შეკავება, შეკრულობა და ზოგჯერ შარდისა და განავლის შეუკავებლობაც აღინიშნება. თუ გამწვავებები უფრო გახშირდა, შესაძლებლობები კიდევ უფრო იზღუდება, ხანდახან სამუდამოდაც კი.

დიაგნოზი

იმის გამო, რომ სიმპტომები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ექიმმა შესაძლოა ვერც დასვას დაავადების დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე. მასზე ეჭვი მაშინ მიიტანება, როცა ახალგაზრდა ადამიანს უეცრად მხედველობის გაორება, დაბინდვა ან მოძრაობისა და მგრძნობელობის დარღვევები უვითარდება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რაიმე ურთიერთკავშირის გარეშე. სიმპტომების ცვალებადობა, გამწვავებისა და რემისიების მონაცვლეობა კიდევ უფრო ადასტურებს ამ დაავადებას.

როცა ექიმს ეჭვი მიაქვს მრავლობით სკლეროზზე, გასინჯვისას გულდასმით გამოიკვლევს ნერვულ სისტემას. იგი ოფთალმოსკოპით დაათვალიერებს თვალის ფსკერს, ბადურას (იხ. ილუსტრაცია გვ.1523). მხედველობის ნერვის დვრილზე (ადგილი, სადაც ეს ნერვი ბადურას უკავშირდება) შესაძლოა ანთების ნიშნები ჩანდეს ან იგი გაფერმკრთალებული იყოს, რაც ნერვის ანთებით პროცესზე მიანიშნებს.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) მრავლობითი სკლეროზის დასადგენად საუკეთესო კვლევაა. მისი მეშვეობით ვლინდება დემიელინიზაციის კერები თავისა და ზურგის ტვინში. ტომოგრაფიამდე ექიმს სისხლში შეჰყავს გადოლინიუმი – პარამაგნიტური საკონტრასტო ნივთიერება, რომლის დახმარებითაც განირჩევა ახალი დემიელინიზაციისა და აქტიური ანთების კერები ძველი დემიელინიზებულისგან.

დიაგნოზი შეიძლება ნათელი იყოს გასინჯვისა და მრტ-ის შედეგების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა კვლევებიც ინიშნება მეტი ინფორმაციის მისაღებად:

  • ლუმბალური პუნქცია: ამ დროს თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშს იღებენ. ცილის შემცველობა მასში შესაძლოა ნორმაზე მეტი იყოს. ასევე გაზრდილია ანტისხეულების რაოდენობა და აღინიშნება დამახასიათებელი ცვლილებები, რაც მრავლობითი სკლეროზით დაავადებულთა 90%-ში გვხვდება.

  • გამოწვეული პოტენციალები: ამ პროცედურის დროს მგრძნობელობითი გამღიზიანებელი, მაგ.: მოციმციმე სინათლე, ტვინის ზოგიერთი უბნის სტიმულაციისთვის გამოიყენება, შედეგად წარმოშობილი ელექტრული იმპულსები კი ჩაიწერება. მრავლობითი სკლეროზით დაავადებულებში ტვინის რეაქცია გაღიზიანებაზე შენელებულია, რადგან დემიელინიზებულ ნერვულ ბოჭკოებში სიგნალები ცუდად ტარდება. ამ პროცედურით მხედველობის ნერვის მსუბუქი დაზიანებაც კი შეიძლება დადგინდეს.

სხვა კვლევების დახმარებით მრავლობითი სკლეროზი დიფერენცირდება მსგავსი სიმპტომების გამომწვევი სხვა დაავადებებისგან, მაგ.: შიდსის, ვასკულიტის, კისრის ართრიტის, გილენ-ბარეს სინდრომის, მემკვიდრეობითი ატაქსიების, სისტემური წითელი მგლურას, ლაიმის დაავადების, კისრის მალთაშუა დისკის დაზიანების, სიფილისისა და ზურგის ტვინში არსებული ცისტისგან (სირინგომიელიისგან). ლაიმის დაავადების, სიფილისისა და სისტემური წითელი მგლურას გამოსარიცხად სისხლის ანალიზები კეთდება, კისრის ართრიტის, მალთაშუა დისკის დაზიანების და სირინგომიელიის გამოსავლენად კი გამოსახულებით კვლევებს ატარებენ.

პროგნოზი

მრავლობითი სკლეროზის გამოვლინებები ორგანიზმში და მისი პროგრესირების სიჩქარე მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანებში, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. რემისიები ზოგჯერ თვეები გრძელდება, ზოგჯერ კი 10 წელი და მეტიც. თუმცა, ზოგ პაციენტს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს, რომელთაც საშუალო ასაკში განუვითარდათ დაავადება, ხშირი გამწვავებები აქვთ და სწრაფად იზღუდება შესაძლებლობები. მიუხედავად ამისა, მრავლობითი სკლეროზის მქონე ადამიანთა 75%-ს არასდროს დასჭირდება სავარძელი, 40%-ს კი ჩვეულ საქმიანობაში არ ეშლება ხელი. სიცოცხლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ იცვლება, თუ დაავადება ძალიან მძიმე არ არის.

მკურნალობა

მრავლობითი სკლეროზისთვის არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად ეფექტიანი მკურნალობის მეთოდი. ყველაზე ხშირად კორტიკოსტეროიდები გამოიყენება, რომლებიც ალბათ იმუნური სისტემის დათრგუნვის გზით მოქმედებს. ისინი ხანმოკლე დროით ინიშნება, რათა არსებული სიმპტომები შემსუბუქდეს. პრედნიზონი, მაგალითად, დასალევი ფორმით არსებობს, მეთილპრედნიზონი კი შესაძლოა ვენაშიც გაკეთდეს. კორტიკოსტეროიდები ამცირებენ გამწვავებების ხანგრძლივობას და ანელებენ დაავადების პროგრესირებას, მაგრამ არ აჩერებენ მას.

ხანგრძლივად ეს მედიკამენტები იშვიათად გამოიყენება, რადგან მრავალი გვერდითი მოვლენა ახასიათებთ, როგორიცაა ინფექციების გაზრდილი რისკი, შაქრიანი დიაბეტი, წონაში მატება, დაღლილობა, ძვლის სიმკვრივის შემცირება (ოსტეოპოროზი) და წყლულები. ეს საშუალებები საჭიროების მიხედვით ინიშნება და იხსნება.

ხშირად სხვა მედიკამენტებიც გამოიყენება, რომლებიც აჩერებს იმუნური სისტემის თავდასხმას მიელინის გარსებზე. მათ შორის:

  • ბეტა-ინტერფერონის ინექციები ამცირებს გამწვავებების სიხშირეს და შესაძლოა ეფექტიანი იყოს უნარშეზღუდულობის თავიდან ასაცილებლად ან გადასავადებლად;

  • გლატირამერის აცეტატის ინექციებს მსგავსი ეფექტები აქვს მრავლობითი სკლეროზის ადრეული, მსუბუქი ფორმის დროს;

  • მიტოქსანტრონი ქიმიოთერაპიული საშუალებაა, რომელიც ამცირებს გამწვავებების სიხშირეს და ანელებს დაავადების პროგრესირებას. მას დროთა განმავლობაში გულის დაზიანება შეუძლია, ამიტომ ინიშნება არაუმეტეს 2 წლისა და მხოლოდ მაშინ, როცა სხვა მედიკამენტები ეფექტიანი არ არის;

  • ნატალიზუმაბი ანტისხეულია, რომელიც ვენაში გადაესხმება პაციენტს თვეში ერთხელ. იგი სხვა საშუალებებზე უფრო ეფექტიანია გამწვავების სიხშირის შემცირებისა და თავის ტვინის ახალი დაზიანებების თავიდან აცილებისთვის. თუმცა, მისი მიღებისას შეიძლება თავისა და ზურგის ტვინის იშვიათი, სასიკვდილო ინფექციის (პროგრესული მრავალკეროვანი ენცეფალოპათიის) რისკი გაიზარდოს. ნატალიზუმაბი მხოლოდ სპეციალურად მომზადებულმა ექიმმა უნდა დანიშნოს და საჭიროა პაციენტების პერიოდულად გამოკვლევა პროგრესული მრავალკეროვანი ენცეფალოპათიის ნიშნების აღმოსაჩენად.

  • იმუნოგლობულინის თვეში ერთხელ ვენაში გადასხმა ზოგჯერ ეფექტიანია, როცა სხვა წამლები არ მოქმედებს.

ზოგი ექსპერტი თვლის, რომ მძიმე გამწვავებებისას, რომლებიც კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას არ ექვემდებარება, პლაზმაფერეზი უნდა ჩატარდეს. თუმცა, დამტკიცებული არ არის ამ მეთოდის ეფექტურობა. პროცედურა მოიცავს სისხლის გამოღებას, გაწმენდას პათოლოგიური ანტისხეულებისგან და ადამიანის ორგანიზმში დაბრუნებას (იხ. ცხრილი გვ. 1132).

ზოგი სპეციფიკური სიმპტომის შესამსუბუქებლად და სამკურნალოდ სხვა საშუალებებიც გამოიყენება:

  • კუნთების სპაზმები: მომადუნებელი საშუალებები, ბაკლოფენი ან ტიზანიდინი;

  • შარდის შეუკავებლობა: ოქსიბუტინინი, ბეთანექოლი, ტამსულოზინი;

  • ტკივილი ნერვების დაზიანების გამო: ანტიკონვულსანტი გაბაპენტინი ან ზოგჯერ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგ.: ამიტრიპტილინი), ანტიკონვულსანტი კარბამაზეპინი ან ოპიოიდები;

  • კანკალი: ბეტა-ბლოკერი პროპრანოლოლი;

  • დაღლილობა: ამანტადინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება) ან, უფრო იშვიათად, მოდაფინილი (ჭარბი ძილიანობის საწინააღმდეგო მედიკამენტი);

  • დეპრესია: ანტიდეპრესანტები მაგ.: სერტალინი, ამიტრიპტილინი, ფსიქოთერაპია ან ორივე.

მრავლობითი სკლეროზის მქონე ადამიანებს ხშირად აქტიური ცხოვრების წესი აქვთ, თუმცა იოლად იღლებიან და შესაძლოა ვერ შეძლონ, გაუმკლავდნენ დატვირთულ გრაფიკს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუნთებისა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სპასტიკურობის შესამცირებლად კარგია რეგულარული ვარჯიში, მაგ.: ველოსიპედი-ტრენაჟორი, სიარული, ცურვა ან გაჭიმვა.

ფიზიკური თერაპიის საშუალებით ადვილდება წონასწორობის შენარჩუნება, სიარული, იზრდება მოძრაობის დიაპაზონი და მცირდება სპასტიკურობა, სისუსტე. ადამიანი უნდა ეცადოს მანამ იაროს დამოუკიდებლად, სანამ შეუძლია. ეს აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს და ეხმარება დეპრესიის თავიდან აცილებაში. ასევე სჯობს, პაციენტი მოერიდოს მაღალ ტემპერატურას, მაგ.: ცხელ აბაზანას ან შხაპს, რადგან ეს აუარესებს სიმპტომებს. საჭიროა მოწევისთვის თავის დანებება. D ვიტამინის მიღება ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად ან მისი და თავად მრავლობითი სკლეროზის პროგრესირების შესანელებლადაა ეფექტიანი.

შარდის შეკავების პრობლემის მქონე პაციენტებს თავად შეუძლიათ, ისწავლონ, როგორ ჩაიდგან შარდის ბუშტში კათეტერი და დაცალონ იგი. შეკრულობის დროს ეფექტიანია განავლის გამათხელებლების ან საფაღარათო საშუალებების რეგულარულად მიღება. სისუსტისა და მოძრაობის უნარის დაკარგვის შემთხვევაში ადვილად ვითარდება ნაწოლები, ასე რომ, საჭიროა, მომვლელმა ან თავად პაციენტმა დიდი ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს გართულებების თავიდან ასაცილებლად.

თუ უნარშეზღუდულობა განვითარდა, რეაბილიტაციის პროცესში შესაძლოა ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტები და სოციალური მუშაკებიც ჩაერთონ.