ნერვკუნთოვანი კავშირის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ნერვკუნთოვანი კავშირის დაავადებები
  2. პერიფერიულ ნერვთა დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ნერვკუნთოვანი კავშირის დაავადებები

ნერვი და კუნთი ერთმანეთს ნერვკუნთოვანი კავშირით უერთდება. ამ ადგილას ნერვული ბოჭკოების დაბოლოებები კუნთის მემბრანის სპეციალურ უბანს, მამოძრავებელ საბოლოო ფირფიტას უკავშირდება. მასზე რეცეპტორებია მოთავსებული, რომელთა მეშვეობითაც ვითარდება კუნთების საპასუხო რეაქცია ნერვული უჯრედის მიერ ნერვკუნთოვან კავშირში სიგნალის გადასაცემად გამოყოფილ ქიმიურ გადამცემზე (ნეირომედიატორზე) – აცეტილქოლინზე. ამ კავშირის საშუალებით ნერვის მიერ კუნთის სტიმულაციის შემდეგ ელექტრული იმპულსი მთელ კუნთზე ვრცელდება და კუმშავს მას.

ნერვკუნთოვანი კავშირის დამაზიანებელი დაავადებებია: მძიმე მიასთენია, ბოტულიზმი და ლამბერტ-იტონის სინდრომი. ეს ასევე შეიძლება გამოიწვიოს: ბევრმა მედიკამენტმა (მათ შორის ზოგი ანტიბიოტიკის ძალიან მაღალმა დოზამ); მწერების საწინააღმდეგო ზოგმა საშუალებამ (ორგანული ფოსფატის შემცველმა); კურარემ (შხამიანი ნივთიერება, რომელიც მცენარისგან მიიღება და ადრე შხამიანი ისრების წვერზე უსვამდნენ მსხვერპლის დამბლის გამოსაწვევად და მოსაკლავად); ქიმიურ იარაღად გამოყენებულმა ნერვული ზემოქმედების აირებმა. ზოგი ნივთიერება თრგუნავს აცეტილქოლინის დაშლას, რაც ნორმაში ხდება ნერვული იმპულსის კუნთზე გადაცემის შემდეგ.

მძიმე მიასთენია

მძიმე მიასთენია ავტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ნერვებსა და კუნთებს შორის კავშირი ზიანდება, რაც დროდადრო კუნთების სისუსტეს იწვევს.

  • დაავადება შესაძლოა იმუნური სისტემის ფუნქციონირების მოშლის შედეგად განვითარდეს;

  • პაციენტებს ხშირად აწუხებთ ქუთუთოების დაშვება, მხედველობის გაორება, კუნთების სისუსტე და უჩვეულო დაღლილობა ვარჯიშის შემდეგ;

  • მედიკამენტის ვენაში გადასხმის შემდეგ მდგომარეობის ცვლილება ექიმს დიაგნოზის დასმაში ეხმარება;

  • დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ელექტრომიოგრაფია, სისხლის ანალიზები და გამოსახულებითი კვლევები;

  • ზოგი მედიკამენტი სწრაფად ზრდის კუნთების ძალას, ზოგი კი დაავადების პროგრესირებას ანელებს.

მძიმე მიასთენია ქალებში უფრო ხშირია. იგი ძირითადად 20-40 წლის ასაკში ვითარდება. თუმცა დაავადება შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ქალს ან მამაკაცს დაემართოს. იშვიათად იგი ბავშვობაშივე იწყება.

ამ დროს იმუნური სისტემა ანტისხეულებს წარმოქმნის, რომლებიც თავს ესხმის ნერვკუნთოვან კავშირში, კუნთის ფირფიტაზე მდებარე, კერძოდ ნეირომედიატორ აცეტილქოლინის რეცეპტორებს. შედეგად, ნერვულ უჯრედსა და კუნთს შორის კავშირი ირღვევა. რატომ ესხმის თავს ორგანიზმი საკუთარ აცეტილქოლინის რეცეპტორებს – ანუ რატომ ვითარდება ავტოიმუნური რეაქცია, უცნობია. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, შესაძლოა მკერდუკანა ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა იყოს ამის მიზეზი. ამ ორგანოში იმუნური სისტემის ზოგი უჯრედი საკუთარი და უცხო ნივთიერებების გარჩევას სწავლობს. მასში ასევე მოთავსებულია კუნთოვანი უჯრედები (მიოციტები), რომელთაც ასევე აქვთ აცეტილქოლინის რეცეპტორები. უცნობი მიზეზის გამო მკერდუკანა ჯირკვალმა შესაძლოა იმუნურ სისტემას ამ რეცეპტორების საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნა "დაავალოს". ზოგჯერ დაავადებისადმი წინასწარგანწყობილება მემკვიდრეობით გადაეცემა. ამ პათოლოგიის მქონე ადამიანთა 65%-ში მკერდუკანა ჯირკვალი გადიდებულია, 10%-ში კი მისი სიმსივნე (თიმომა) აღინიშნება. თიმომების დაახლოებით ნახევარი ავთვისებიანია. ზოგჯერ დაავადებულებს აცეტილქოლინის რეცეპტორების საწინააღმდეგო ანტისხეულების ნაცვლად, ნერვკუნთოვანი კავშირის წარმოქმნაში ჩართული ერთ-ერთი ფერმენტის მიმართ აღენიშნებათ ანტისხეულები. ამ შემთხვევაში სხვანაირი მკურნალობაა საჭირო. დაავადების გამოვლენა შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციამ, ოპერაციამ, ზოგი მედიკამენტის მიღებამ, მაგ.: ნიფედიპინის ან ვერაპამილის (მაღალი წნევის საწინააღმდეგო საშუალებები), ქვინინის (მალარიის საწინააღმდეგო), და პროკაინამიდის (გულის რიტმის დარღვევის დროს გამოიყენება).

ახალშობილთა მიასთენია მძიმე მიასთენიის მქონე დედების შვილებიდან 12%-ს უვითარდება. აცეტილქოლინის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომლებიც სისხლში მოძრაობს, შესაძლოა ორსულ ქალში პლაცენტის გავლით ნაყოფს გადაეცეს. ამ შემთხვევაში ახალშობილს კუნთების სისუსტე გამოუვლინდება, რომელიც დაბადებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში გაივლის. ბავშვთა დანარჩენ 88%-ს ეს დარღვევა არ აქვს.

სიმპტომები

სიმპტომები ხშირად უფრო უარესდება (გამწვავება). სხვა დროს ისინი ძალიან მსუბუქია ან საერთოდ არ ვლინდება.

ყველაზე ხშირი გამოვლინებებია:

  • ქუთუთოების სისუსტე და დაშვება

  • თვალის კუნთების სისუსტე, რაც მხედველობის გაორებას იწვევს

  • ჩართული კუნთების ჭარბი სისუსტე მათი დატვირთვის შემდეგ

სისუსტე დასვენების შემდეგ ქრება, მაგრამ კუნთების გამოყენებისას ისევ ვითარდება.

პაციენტთა 40%-ში თავიდან თვალის კუნთების სისუსტე ვითარდება, ზოგადად 85%-ის შემთხვევაში კი ეს პრობლემა ოდესმე მაინც ვლინდება. 15%-ში მხოლოდ თვალის კუნთებია ჩართული, თუმცა ადამიანთა უმრავლესობაში – მთელი სხეულის. ხშირია მეტყველებისა და ყლაპვის გაძნელება, ხელებისა და ფეხების სისუსტე. ხელის მოჭერის ძალა ნორმალურსა და შემცირებულს შორის მერყეობს. ამას მწველავის ხელის სიმპტომს უწოდებენ. კისრის კუნთებიც სუსტდება, მგრძნობელობა კი არ იცვლება.

დაავადების დროს კუნთის რამდენჯერმე შეკუმშვის შემდეგ იგი სწრაფად იღლება და სისუსტე ვითარდება. მაგალითად, თუ ადრე ადამიანი საკმაოდ კარგად ხმარობდა ჩაქუჩს, დაავადების დროს რამდენიმე წუთით მისი გამოყენების შემდეგ უკვე სისუსტე ვლინდება. თუმცა, სისუსტის ხარისხი განსხვავებულია საათობრივად და ყოველდღიურად, დაავადების მიმდინარეობაც საკმაოდ შეიძლება იცვლებოდეს.

პაციენტთა 15%-ს დაავადების ძლიერი გამწვავება აქვს ხოლმე (მიასთენიური კრიზი), რასაც ზოგჯერ ინფექცია იწვევს. ხელები და ფეხები ძალიან სუსტდება, მაგრამ მგრძნობელობა არ იკარგება ამ დროსაც კი. ზოგჯერ სასუნთქი კუნთების სისუსტეც ვითარდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

დიაგნოზი

მძიმე მიასთენიაზე ექიმს ეჭვი დროგამოშვებით კუნთთა სისუსტის განვითარების გამო მიაქვს, განსაკუთრებით თუ ეს თვალების ან სახის კუნთებს ეხება, სისუსტე კუნთის რამდენჯერმე შეკუმშვის შემდეგ ვითარდება და დასვენებისას ქრება. იმის გამო, რომ აცეტილქოლინის რეცეპტორებია დაზიანებული, დიაგნოზის დასადასტურებლად იმ მედიკამენტების გამოყენება შეიძლება, რომლებიც ამ ნივთიერების რაოდენობას ზრდიან ორგანიზმში. ედროფონიუმის ვენაში ინექციას ყველაზე ხშირად მიმართავენ ამ მიზნით. თავიდან პაციენტს სთხოვენ, დაავადებაში ჩართული კუნთი რამდენჯერმე გამოიყენოს, სანამ არ დაეღლება. შემდეგ მედიკამენტი შეჰყავთ. თუ ეს დროებით და სწრაფად აუმჯობესებს კუნთის ძალას, სავარაუდო დიაგნოზი მძიმე მიასთენიაა.

დიაგნოზის საბოლოოდ დასადასტურებლად სხვა კვლევებია საჭირო. მათ შორისაა: ელექტრომიოგრაფია (კუნთების სტიმულაცია და მათი ელექტრული პასუხის აღრიცხვა) და სისხლის ანალიზები, აცეტილქოლინის რეცეპტორის მიმართ წარმოქმნილი და სხვა ანტისხეულების აღმოსაჩენად. მსგავსი სიმპტომების გამომწვევი დაავადებების გამოსარიცხადაც სისხლის ანალიზებია საჭირო. მკერდუკანა ჯირკვლის გამოსაკვლევად და თიმომის დასადგენად გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) კეთდება.

მკურნალობა

მედიკამენტები ინიშნება კუნთთა ძალის სწრაფად გასაუმჯობესებლად ან ავტოიმუნური რეაქციის დასათრგუნად და დაავადების პროგრესირების შესანელებლად.

აცეტილქოლინის რაოდენობის მოსამატებლად, მაგალითად, პირიდოსტიგმინის (დასალევად) გამოყენებამ შესაძლოა კუნთის ძალაც გაზარდოს. არსებობს მისი ხანგრძლივად მოქმედი კაფსულებიც, რომლებიც ღამით მისაღებად ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომელთაც ძლიერი სისუსტე და ყლაპვის გაძნელება აქვთ დილას, გაღვიძებისას. ექიმმა შესაძლოა დროდადრო დოზა შეცვალოს, რადგან საჭიროა მისი გაზრდა სისუსტის მეტად გამოვლინებისას. თუმცა, წამლის ძალიან დიდი რაოდენობით მიღებამ თავად შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, რაც ძნელი გასარჩევია დაავადების გამო განვითარებული სისუსტისგან. ასევე, ამ მედიკამენტების ეფექტურობა მცირდება ხანგრძლივ გამოყენებასთან ერთად. მზარდი სისუსტე, რასაც შესაძლოა წამლების უეფექტობა იწვევდეს, მძიმე მიასთენიის მკურნალობაში გამოცდილმა ექიმმა უნდა შეაფასოს.

პირიდოსტიგმინის ხშირი გვერდითი ეფექტებია მუცლის სპაზმური ტკივილი და ფაღარათი. მათ მოსახსნელად შესაძლოა საჭირო გახდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედების შემანელებელი საშუალებები, მაგ.: ატროპინი ან პროპანთელინი.

ავტოიმუნური რეაქციის დასათრგუნად ექიმმა შესაძლოა დანიშნოს კორტიკოსტეროიდი, მაგ.: პრედნიზონი ან იმუნოსუპრესანტი – ციკლოსპორინი ან აზათიოპრინი, დასალევად. პაციენტთა უმრავლესობას კორტიკოსტეროიდის მიღება მთელი ცხოვრება უწევს. ამ მედიკამენტის გამოყენებისას თავიდან ზოგჯერ სიმპტომები მძიმდება, მაგრამ რამდენიმე თვეში მდგომარეობა უმჯობესდება. შემდეგ დოზა მცირდება და ინიშნება წამლის ის ყველაზე მცირე რაოდენობა, რაც ეფექტიანია. კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღებას საშუალო სიმძიმის ან მძიმე გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს თან. შესაბამისად, ამ მედიკამენტის მოსახსნელად ან დოზის შესამცირებლად აზათიოპრინი შეიძლება დაინიშნოს. ამ უკანასკნელის მიღებისას მდგომარეობის გაუმჯობესებას დაახლოებით 18 თვე სჭირდება.

ზოგჯერ პაციენტს იმუნოგლობულინი (ხსნარი, რომელიც რამდენიმე დონორისგან მიღებულ მრავალ სხვადასხვა ანტისხეულს შეიცავს) გადაესხმება ვენაში დღეში ერთხელ, 5 დღის მანძილზე. შემთხვევათა ორ მესამედში მდგომარეობა 1-2 კვირაში უმჯობესდება და ეს 1-2 თვე გრძელდება.

როცა მედიკამენტები ეფექტიანი არ არის ან მიასთენიური კრიზი ვითარდება, შესაძლოა პლაზმაფერეზი გაკეთდეს (იხ. ცხრილი გვ. 1132). ამ დროს სისხლი მავნე ნივთიერებებისგან (ამ შემთხვევაში პათოლოგიური ანტისხეულებისგან) იწმინდება.

თუ პაციენტს თიმომა აქვს, მკერდუკანა ჯირკვალი ქირურგიულად უნდა ამოიკვეთოს, რათა სიმსივნე არ გავრცელდეს. თუ ეს დაავადება არ აღინიშნება, გაურკვეველია, რამდენად ეფექტიანი იქნება მკურნალობის მიზნით ჯირკვლის ამოკვეთა.

ბოტულიზმი

ბოტულიზმი იშვიათი, სიცოცხლისთვის საშიში მოწამვლაა, რომელსაც ბაქტერია Clostridium Botilinum-ის მიერ გამომუშავებული ტოქსინები იწვევს.

  • ბოტულიზმის ტოქსინი, როგორც წესი, ორგანიზმში საკვებიდან ხვდება, ასუსტებს კუნთებს ან მათ დამბლას იწვევს;

  • ბოტულიზმი შესაძლოა პირის სიმშრალით, მხედველობის გაორებით, მზერის დაფიქსირების შეუძლებლობით ან კუჭის გაღიზიანებით დაიწყოს;

  • ექიმი გამოიკვლევს სისხლის, განავლისა და ჭრილობის ქსოვილის ნიმუშებს, ზოგჯერ ელექტრომიოგრაფიაც ინიშნება;

  • ბოტულიზმის თავიდან ასაცილებელად სიფრთხილეა საჭირო საკვების მომზადებისა და შენახვისას;

  • ბოტულიზმის ტოქსინის მოქმედების დასათრგუნად ან შესანელებლად ანტიტოქსინი გამოიყენება.

ბოტულიზმით ხშირად საკვებით ავადდება ადამიანი.

ამ დაავადების გამომწვევი ტოქსინები ძალიან ძლიერია და საკმაოდ მნიშვნელოვნად არღვევს ნერვთა ფუნქციებს. იმის გამო, რომ ეს ნივთიერება ნერვებს აზიანებს, მას ნეიროტოქსინს უწოდებენ. ბოტულიზმის დროს კუნთების დამბლა გამოწვეულია ნერვებიდან ნეირომედიატორ აცეტილქოლინის გამოთავისუფლების დათრგუნვით. ძალიან მცირე დოზებით ამ ტოქსინს კუნთების სპაზმის მოსახსნელად და ნაოჭების გასაქრობად გამოიყენებენ.

მიზეზები

ბაქტერია Clostridium Botilinum-ის გასამრავლებლად სპეციალურ უჯრედებს – სპორებს წარმოქმნის. მცენარეთა თესლების მსგავსად სპორებსაც შეუძლიათ მიძინებულ მდგომარეობაში მრავალი წელი გაატარონ და ძალიან გამძლენი არიან დაზიანებისადმი. როცა გარემოში სინესტე და საკვები ნივთიერებები არის, ჟანგბადი კი – არა (მაგ.: ნაწლავში ან მოხუფულ ქილაში, კონსერვში), სპორები ზრდას იწყებს და ტოქსინებს წარმოქმნის. Clostridium Botilinum-ის მიერ გამოყოფილი ზოგიერთი ტოქსინი ნაწლავის დამცავი ფერმენტების მეშვეობითაც არ ნადგურდება.

Clostridium Botilinum საკმაოდ გავრცელებულია გარემოში და სპორები შესაძლოა ჰაერის გზითაც გადაიტანებოდეს. ბოტულიზმის ბევრი შემთხვევა მცირე რაოდენობით ნიადაგის ან მტვრის საკვებთან ერთად მიღებით ან შესუნთქვითაა გამოწვეული. სპორები ორგანიზმში თვალიდან ან დაზიანებული კანიდანაც შეიძლება მოხვდეს. არსებობს ბოტულიზმის რამდენიმე სახე:

საკვებისმიერი ბოტულიზმი მაშინ ვითარდება, როცა ტოქსინებით დაბინძურებულ საჭმელს იღებს ადამიანი. ყველაზე ხშირად მისი წყარო სახლში დამზადებული კონსერვებია, განსაკუთრებით კი მჟავას მცირე რაოდენობით შემცველი საკვების – სატაცურის, მწვანე ლობიოს, ჭარხლისა და სიმინდის. ბოტულიზმის ტოქსინის წყარო ასევე შეიძლება იყოს: ნიორი ზეთში, წიწაკა ჩილი, ფოლგაში გამომცხვარი კარტოფილი, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ძალიან დიდხანს იყო და სახლში დამზადებული თევზის კონსერვი. თუმცა, ბოტულიზმის აფეთქებების 10% ქარხნულად დამზადებული საკვების – უფრო ხშირად ბოსტნეულის, ხილისა და საკაზმების (მაგ.: სალსას სოუსი) მიღებისას ვითარდება.

უფრო იშვიათად დაავადებას ძროხის ხორცი, რძის პროდუქტები, ღორის ან ქათმის ხორცი და სხვა საკვები იწვევს.

ჭრილობის ბოტულიზმი მაშინ ვითარდება, როცა Clostridium Botilinum ხვდება ჭრილობაში ან სხვა ქსოვილებში. ჭრილობაში ბაქტერია ტოქსინებს წარმოქმნის, რომელიც სისხლში შეიწოვება. ბოტულიზმის ეს სახე არასტერილური ნემსით ინექციის დროსაც შეიძლება განვითარდეს, ისევე, როგორც დაბინძურებული ჰეროინის კუნთში ან კანქვეშ შეყვანისას.

ჩვილების ბოტულიზმი მაშინ ვითარდება, როცა ბავშვი ბაქტერიული სპორების და არა ტოქსინების შემცველ საკვებს იღებს. სპორები შემდეგ მის ნაწლავებში იზრდება, სადაც ტოქსინები წარმოიქმნება. უმრავლეს შემთხვევაში მიზეზი უცნობია, მაგრამ ზოგი მათგანი თაფლის მიღებას უკავშირდება. ჩვილების ბოტულიზმი ყველაზე ხშირად 6 თვის ასაკამდე ვითარდება.

სიმპტომები

საკვებისმიერი ბოტულიზმის სიმპტომები უეცრად ვითარდება, ხშირად ტოქსინების ორგანიზმში მოხვედრიდან 18-36 საათში, თუმცაღა ისინი შესაძლოა 4 საათის ან 8 დღის მერეც გამოვლინდეს. რაც უფრო მეტი ტოქსინი მიიღება საკვებით, უფრო ადრე ხდება ადამიანი ავად. ხშირად, როცა სიმპტომები 24 საათში იწყება, დაავადებაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

საკვებისმიერი ან ჭრილობის ბოტულიზმის პირველი სიმპტომებია: პირის სიმშრალე, მხედველობის გაორება, ქუთუთოების დაშვება და ახლომდებარე საგნებზე მზერის დაფიქსირების შეუძლებლობა. თვალის გამოკვლევისას გუგები სინათლის მინათებისას ისე არ ვიწროვდება, როგორც ნორმაში ხდება. თუმცაღა, საკვებისმიერი ბოტულიზმის დროს პირველი სიმპტომები ხშირადაა: გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი და ფაღარათი. ჭრილობის ბოტულიზმის დროს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გამოვლინებები არ ვითარდება. ტოქსინის მიერ ნერვების დაზიანება კუნთების ძალას ამცირებს, მგრძნობელობა კი არ იცვლება. სახის კუნთების ტონუსი შესაძლოა დაქვეითდეს, მეტყველება და ყლაპვა ძნელდება. ამ უკანასკნელის გამო ზოგჯერ საკვები ან ნერწყვი გადასცდება ადამიანს (ასპირაცია ხდება) და ფილტვებში ხვდება, რაც მოხრჩობას იწვევს და ფილტვების ანთების რისკს ზრდის. შესაძლოა შეკრულობაც განვითარდეს. სიმპტომები ნელ-ნელა სხეულის ქვედა ნაწილზე გადაინაცვლებს და სისუსტე ხელებსა და ფეხებში, სასუნთქ კუნთებზეც ვითარდება. სუნთქვის გაძნელება შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ცნობიერება, როგორც წესი, ნათელი რჩება.

ჩვილთა ბოტულიზმის დროს შემთხვევათა 90%-ში პირველი სიმპტომი შეკრულობაა. შემდგომ კუნთების დამბლა ვითარდება, რაც სახიდან, თავიდან იწყება და თანდათან ხელებს, ფეხებსა და სასუნთქ კუნთებსაც მოიცავს. ქუთუთოები დაშვებულია, ბავშვი სუსტი ხმით ტირის, უჭირს წოვა და სახის გამომეტყველება იკარგება. დაავადება შესაძლოა უბრალოდ დაღლილობით, ნელა ჭამით გამოვლინდეს ან კუნთთა ტონუსი მნიშვნელოვნად დაქვეითდეს და სუნთქვა გაძნელდეს. ტონუსის შემცირების გამო ჩვილი უჩვეულოდ მოდუნებული ხდება.

დიაგნოზი

ექიმს ბოტულიზმზე ეჭვი სიმპტომების მიხედვით მიაქვს. თუმცაღა, სხვა დაავადებებსაც შეიძლება მსგავსი გამოვლინებები ჰქონდეს, ასე რომ, დამატებითი ინფორმაციაცაა საჭირო.

ელექტრომიოგრაფია (კუნთების სტიმულაცია და მათი ელექტრული აქტივობის ჩაწერა) შესაძლოა გამოსადეგი იყოს ამ დროს. ბოტულიზმის შემთხვევათა უმრავლესობაში ამ კვლევისას კუნთების პათოლოგიური პასუხი ფიქსირდება ელექტრული სტიმულაციის შემდეგ.

საკვებისმიერი ბოტულიზმის დროს მნიშვნელოვანია ინფორმაცია ტოქსინის სავარაუდოდ შემცველ საჭმელზეც. მაგალითად, თუ ბოტულიზმი ორ და მეტ ადამიანს განუვითარდა, რომელთაც ერთი და იგივე საკვები მიიღეს ერთსა და იმავე ადგილას, დიაგნოზი უფრო ადვილად ისმება. დაავადება სისხლში ტოქსინების ან განავლის კულტურაში ბაქტერიების აღმოჩენით დასტურდება. ტოქსიკური ნივთიერებების აღმოჩენა იმ საკვებშიცაა შესაძლებელი, რაც დაავადებულმა მიირთვა.

ჭრილობის ბოტულიზმის შემთხვევაში ექიმი დაინტერესდება, პაციენტს ისეთი ტრავმა ხომ არ მიუღია, რომ კანი დაზიანებულიყო. საჭიროა კანის შესწავლა ნანემსრების აღმოსაჩენად, რაც აკრძალული ნივთიერებების მოხმარებაზე მიანიშნებს. დიაგნოზი დასტურდება ტოქსინების სისხლში ან ბაქტერიების ჭრილობის ქსოვილიდან მიღებულ კულტურაში აღმოჩენით.

ჩვილთა ბოტულიზმის დიაგნოზის ზუსტად დასმა კი ბაქტერიის ან ტოქსინის აღმოჩენითაა შესაძლებელი ბავშვის განავალში.

ზოგჯერ ვერ განისაზღვრება, ბოტულიზმი ჭრილობიდან განვითარდა თუ საკვებისმიერია.

პრევენცია

Clostridium Botilinum-ის სპორები ძალიან გამძლეა ტემპერატურისადმი და შესაძლოა რამდენიმესაათიანი დუღილის შემდეგაც გადარჩეს. თუმცა ბაქტერიის ტოქსინებს მაღალი ტემპერატურა საკმაოდ ადვილად ანადგურებს. საკვები ბოტულიზმის მიზეზი მაშინ ხდება, თუ იგი არასაკმარისად დამუშავდა შენახვამდე. ბაქტერიებს ტოქსინების გამომუშავება 3ºC-ზეც შეუძლიათ, ანუ მაცივრის ტემპერატურაზე, შესაბამისად საკვების მაცივარში მოთავსება იმას არ ნიშნავს, რომ იგი უსაფრთხო გახდება.

საკვებისმიერი ბოტულიზმის თავიდან ასაცილებლად, გაითვალისწინეთ:

  • საკვები უნდა მომზადდეს 79.9ºC-ზე 30 წუთის განმავლობაში, რაც თითქმის ყოველთვის ანადგურებს ტოქსინებს

  • კონსერვის სახლში დამზადებისას ხარშეთ იგი 10 წუთი, რაც ანადგურებს ტოქსინებს

  • თუკი კონსერვის შიგთავსი ფერშეცვლილია ან გაფუჭებულის სუნი აქვს, გადაყარეთ იგი;

  • გადაყარეთ გაბერილი ან ისეთი კონსერვები, რომლიდანაც ჟონავს შიგთავსი

  • ზეთში ჩადებული ნიორი ან სანელებლები შეინახეთ მაცივარში

  • ალუმინის ფოლგაში მომზადებული კარტოფილი მირთმევამდე ცხელი შეინახეთ

  • 2 წლამდე ასაკის ბავშვებს არ აჭამოთ თაფლი, რადგან მასში შესაძლოა Clostridium Botilinum-ის სპორები იყოს

თუ დარწმუნებული არ ხართ, კონსერვი საკვებად ვარგისია თუ არა, ამის შემოწმება მისი გახსნისას შეიძლება. იმ ადგილას, სადაც სახსნელით უნდა უჩხვლიტოთ, რამდენიმე წვეთი წყალი დაასხით. თუ ჩხვლეტისას წყალი ქილაში შიგნით კი არ შეისრუტა, არამედ გადაიღვარა – კონსერვი საკვებად არ გამოდგება და იგი გადასაგდებია.

ნებისმიერი საჭმელი, რომელიც ტოქსინებს შეიძლება შეიცავდეს, ფრთხილად უნდა გადაიყაროს. მომწამვლელი ნივთიერების მცირე რაოდენობის მიღებამ, შესუნთქვამ, თვალიდან ან კანის დაზიანებიდან შეწოვამაც კი მძიმე დაავადება შეიძლება გამოიწვიოს. მაქსიმალურად მოერიდეთ საკვების კანზე მოხვედრას და მისი გადაყრის შემდეგ მაშინვე დაიბანეთ ხელები.

თუ ჭრილობა დაინფიცირდა, დროული სამედიცინო დახმარებით შესაძლებელია ჭრილობის ბოტულიზმის რისკის შემცირება.

საჭიროა მკვლევრებისა და იმ ადამიანების იმუნიზაცია, რომელთაც ამ ბაქტერიებთან ან ტოქსინებთან მუშაობა უწევთ.

მკურნალობა

ბოტულიზმის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ საავადმყოფოში წასვლაა აუცილებელი. დიაგნოზის დასადასტურებლად ლაბორატორიული ანალიზები კეთდება, მაგრამ მკურნალობა შედეგების მიღებამდე ვერ გადაიდება. იმ ტოქსინის მოსაშორებლად, რომელიც ჯერ კიდევ არ შეწოვილა სისხლში, ექიმმა შესაძლოა აქტივირებული ნახშირი მისცეს პაციენტს დასალევად ან კუჭში ჩადგმული მილით.

საჭიროა სასიცოცხლო მაჩვენებლების (პულსი, სუნთქვის სიხშირე, არტერიული წნევა და ტემპერატურა) ხშირი გაზომვა. თუ სუნთქვის გაძნელება გამოვლინდა, პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანება და დროებით შესაძლოა ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირდეს. ასეთი მკურნალობის მეშვეობით ბოტულიზმით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1900-იანი წლების 70%-დან 10%-ზე ნაკლები გახდა.

ბოტულიზმის დიაგნოზის დასმისთანავე ტოქსინების მოქმედების დამთრგუნველი ნივთიერება – ანტიტოქსინი ეძლევა პაციენტს. იგი უფრო ეფექტიანია სიმპტომების დაწყებიდან 72 საათის მანძილზე გამოყენების შემთხვევაში. ანტიტოქსინი ანელებს ან აჩერებს მდგომარეობის გაუარესებას, შესაბამისად ორგანიზმს თავად შეეძლება გამოჯანმრთელდეს თვეების განმავლობაში. თუმცაღა, ამ ნივთიერების მეშვეობითაც ვერ ხერხდება უკვე არსებული დაზიანების გამოსწორება. ამასთანავე, ზოგ ადამიანს შესაძლოა მძიმე ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქცია ჰქონდეს ანტიტოქსინზე, რომელსაც ცხენის შრატისგან იღებენ, ან შრატისმიერი დაავადება განუვითარდეს. ანტიტოქსინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ჩვილთა ბოტულიზმის დროს, მაგრამ ამჟამად იკვლევენ ბოტულიზმის იმუნოგლობულინის ეფექტურობას ამ ასაკში (იგი დაავადების წინააღმდეგ იმუნიზებული ადამიანების სისხლიდან მიიღება). შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტისთვის საკვები ნითიერებების ვენაში გადასხმა. ჩვილებში ზოგჯერ ცხვირიდან ყელის გავლით კუჭში თხელი მილი იდგმება და პატარებს მისი მეშვეობით კვებავენ.

ზოგ ადამიანს ბოტულიზმის გადატანის შემდეგ დაღლილობა და ქოშინი აწუხებს წლების განმავლობაში. მათ შესაძლოა ხანგრძლივი ფიზიკური თერაპია დასჭირდეთ.

იტონ-ლამბერტის სინდრომი

იტონ-ლამბერტის სინდრომი ავტოიმუნური დაავადებაა და იგი სისუსტით ვლინდება.

იტონ-ლამბერტის სინდრომს ანტისხეულები იწვევს, რომლებიც ხელს უშლის აცეტილქოლინის გამოთავისუფლებას და არ ესხმის თავს აცეტილქოლინურ რეცეპტორებს (როგორც მძიმე მიასთენიის დროს ხდება). იტონ-ლამბერტის სინდრომი ხშირად წინ უსწრებს, მოჰყვება ზოგი სახის ავთვისებიან სიმსივნეს, ან თან ახლავს მას (განსაკუთრებით კი ფილტვის კიბოს).

დაავადების დროს კუნთების სისუსტე ვითარდება, მაგრამ მათი ხშირი გამოყენება ძალის მომატებას იწვევს და არა შემცირებას (განსხვავებით მძიმე მიასთენიისგან). პაციენტები ადვილად იღლებიან. ვითარდება პირის სიმშრალე, ქუთუთოების დაშვება, იდაყვის ზემოთ მკლავისა და ბარძაყების მტკივნეულობა. მამაკაცებში შესაძლოა ერექციული დისფუნქცია გამოვლინდეს.

დიაგნოზზე თავად სიმპტომებიც მიანიშნებს, მაგრამ მის დასადასტურებლად ელექტრომიოგრაფიაა საჭირო (კუნთების სტიმულაცია და მათი ელექტრული აქტივობის ჩაწერა). თუკი მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნეა, მისი მკურნალობა ზოგჯერ იტონ-ლამბერტის სინდრომსაც შველის. უანიდინე – მედიკამენტი, რომელიც აცეტილქოლინის გამოთავისუფლებას ზრდის, ხშირად ამსუბუქებს სიმპტომებს, მაგრამ შესაძლოა ასევე დათრგუნოს ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნა და დააქვეითოს ღვიძლის ფუნქციონირება. ზოგ პაციენტში ეფექტიანია კორტიკოსტეროიდები და პლაზმაფერეზი (სისხლის გაწმენდა მავნე ნივთიერებებისგან, მათ შორის პათოლოგიური ანტისხეულებისგან).