1. გულმკერდის ზედა გასავლის სინდრომები
  2. პერიფერიულ ნერვთა დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
გულმკერდის ზედა გასავლის სინდრომები

გულმკერდის ზედა გასავლის სინდრომები დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც ნერვებზე ზეწოლა იწვევს მათი კისრიდან გულმკერდზე გადასვლის ადგილას. ამ დროს ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზიები) ვითარდება მტევანში, მხარსა და მკლავში.

  • ნერვები და სისხლძარღვები შესაძლოა კისრიდან გულმკერდზე გადასვლისას ვიწრო სივრცეში მოიწნეხოს;

  • თავიდან ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება კისერსა და მხარში ვლინდება, შემდეგ კი მკლავში ვრცელდება;

  • სავარაუდო მიზეზების აღმოსაჩენად სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები ტარდება, მაგრამ ზუსტად დადასტურება შეუძლებელია;

  • სიმპტომების შესამსუბუქებლად ხშირად ეფექტიანია ფიზიკური თერაპია და ვარჯიში.

გულმკერდის ზედა გასავალი კისრისა და გულმკერდის ღრუს დამაკავშირებელი სივრცეა, სადაც მდებარეობს საყლაპავი, მსხვილი სისხლძარღვები, სასულე და მრავალი ნერვი. იმის გამო, რომ სივრცეში საკმაოდ ბევრი ორგანოა მოთავსებული, ხელების სისხლძარღვები ან ნერვები შესაძლოა ნეკნსა და ზედ მდებარე კუნთს შორის მოიჭყლიტოს, რაც გართულებებს იწვევს. მიუხედავად ამისა, გულმკერდის ზედა გასავლის სინდრომების მიზეზი ხშირად უცნობია. ძალიან იშვიათად, გამომწვევი შეიძლება იყოს ანატომიური პათოლოგია, მაგ.: ზედმეტი პატარა ნეკნი კისერში (კისრის ნეკნი), რომელიც არტერიას აწვება ან ერთ-ერთ ლავიწქვეშა არტერიას ახშობს (ლავიწქვეშა არტერიები ლავიწის ქვემოთაა მოთავსებული და მათში სისხლი ზედა კიდურებისკენ მიემართება). გულმკერდის ზედა გასავლის სინდრომები უფრო ხშირია ქალებში და ძირითადად 35-55 წლის ასაკში ვითარდება.

სიმპტომები

ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება ხშირად კისერში ან მხარში იწყება და შემდეგ ვრცელდება მკლავის შიგა ზედაპირზე, მტევანზე და ზოგჯერ ტანზეც, იმავე მხარეს.

თუ ზეწოლა რომელიმე ლავიწქვეშა არტერიაზეა, შესაბამისი მტევანი, მკლავი და მხარი შეიძლება შეშუპდეს, მფარავმა კანმა კი მოლურჯო ელფერი მიიღოს ჟანგბადის არასაკმარისად მიწოდების გამო (ამას ციანოზი ეწოდება). ზოგჯერ ზეწოლა იმდენად ძლიერია, რომ რეინოს სინდრომს იწვევს, რომლის დროსაც სიცივეში თითები ფითრდება ან ლურჯდება და ხშირად მგრძნობელობაც იკარგება. ძალიან მძიმე შემთხვევაში შესაძლოა თითების განგრენაც კი განვითარდეს.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზი სიმპტომების, გასინჯვისა და რამდენიმე გამოკვლევის შედეგების მიხედვით ისმება. ნერვთა გამტარებლობის კვლევითა და ელექტრომიოგრაფიით შესაძლებელია გულმკერდის ზედა გასავლის სინდრომისთვის დამახასიათებელი თავისებურებების აღმოჩენა. ლავიწზე ან იღლიის მწვერვალის მახლობლად სტეთოსკოპის დადებისას ექიმი თავისებურ ხმიანობას, შუილს მოისმენს, რომელსაც სისხლის არათანაბარი დინება იწვევს არტერიაზე ზეწოლის გამო. ზედა კიდურის არტერიების (მხრის არტერიების) ანგიოგრაფია სისხლის მოძრაობის პათოლოგიის აღმოსაჩენად ტარდება. ამ დროს სისხლძარღვში საკონტრასტო ნივთიერება შეიყვანება, რომელიც რენტგენის გადაღების შემდეგ გამოსახულებაზე ჩანს. ანატომიური დეფექტების აღმოსაჩენად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ტარდება. თუმცა, ამ კვლევებით გულმკერდის ზედა გასავლის სინდრომის დიაგნოზი ვერც ზუსტად დაისმება და ვერც გამოირიცხება.

მკურნალობა

პაციენტთა უმრავლესობაში ამ დაავადების სიმპტომები ფიზიკური თერაპიისა და სავარჯიშოების მეშვეობით მსუბუქდება. შესაძლოა ასევე ეფექტიანი იყოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) და ანტიდეპრესანტები დაბალი დოზით.

თუ ანატომიური დეფექტი ან ლავიწქვეშა არტერიის დახშობა დადასტურდა ან სიმპტომები მძიმდება, ზოგჯერ ოპერაცია ხდება საჭირო. თუმცა, იმის გამო, რომ ზუსტი დიაგნოზის დასმა ძნელია და პაციენტს ჩივილები მაინც რჩება ქირურგიული ჩარევის შემდეგაც, ექიმმა შესაძლოა თავი შეიკავოს ამისგან.