1. მონონეიროპათია
  2. პერიფერიულ ნერვთა დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
მონონეიროპათია

მონონეიროპათია ერთი პერიფერიული ნერვის დაზიანებაა.

  • ნერვი შესაძლოა ხანგრძლივი ზეწოლის შედეგად დაზიანდეს;

  • ნერვის შესაბამის უბანზე ჩხვლეტის, წიწკნის შეგრძნება, მგრძნობელობის მოშლა ან კუნთის სისუსტე ვითარდება;

  • ხშირად დიაგნოზი სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით ისმება;

  • იმ საქმიანობის შეცვლა ან შეწყვეტა, რამაც პრობლემა გამოიწვია და ტკივილგამაყუჩებლების მიღება ხშირად ეფექტიანია, მაგრამ ზოგჯერ ფიზიკური თერაპია ან ოპერაციაც ხდება საჭირო.

მიზეზები

მონონეიროპათიის ყველაზე ხშირი მიზეზი ფიზიკური დაზიანებაა, რაც შეიძლება გამოიწვიოს:

  • ხანგრძლივმა ზეწოლამ ნერვზე, რომელიც სხეულის ზედაპირთან ან ძვალთან ახლოს მდებარეობს – მაგ.: იდაყვზე, მხარში, მაჯაში, მუხლზე (ზეწოლა დიდი ხნის მანძილზე ღრმა ძილში შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით ალკოჰოლიკებში);

  • არასწორად მორგებული თაბაშირის ან ფიქსატორის ზეწოლამ, ან ყავარჯნებმა, რომლებიც საჭირო სიმაღლის არ არის ან არასწორად გამოიყენება;

  • ზეწოლამ უხერხულ პოზაში დიდხანს ყოფნისას, მაგ.: ბაღში მუშაობისას ან ბანქოს თამაშისას იდაყვების მაგიდაზე დაყრდნობის გამო.

დაზიანება შესაძლოა ხანგრძლივი უმოძრაობით გამოწვეულმა ზეწოლამაც გამოიწვიოს, მაგ.: ნარკოზში ყოფნისას ოპერაციის დროს, საწოლზე მიჯაჭვულობისას (განსაკუთრებით მოხუცებში) ან დამბლისას. უფრო იშვიათად დაზიანება ვითარდება შემდეგი მიზეზის გამო:

  • უბედური შემთხვევები

  • გადაციება ან გადახურება

  • ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო სხივური თერაპია

  • განმეორებითი ტრავმები, მაგ.: პატარა ზომის ხელსაწყოების ხელში მაგრად დაჭერის ან ჭარბი ვიბრაციის გამო ელექტროჩაქუჩის ხმარებისას

  • ინფექციები, მაგ.: კეთრი ან ლაიმის დაავადება

  • სისხლჩაქცევა (ჰემატომა)

  • ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შესაძლოა პირდაპირ შეიჭრას ნერვში

  • ზოგი მავნე ნივთიერება და მედიკამენტი

თუ ნერვზე ზეწოლა მსუბუქია, ადამიანს შესაძლოა მხოლოდ ჩხვლეტის შეგრძნება აწუხებდეს სისუსტის გარეშე, მაგალითად, იდაყვის მირტყმისას ან ფეხის დაბუჟებისას. ეს მდგომარეობები შეიძლება დროებით მონონეიროპათიად ჩაითვალოს.

სხეულის ზედაპირთან ან ძვალთან ახლოს მდებარე ნერვები უფრო ადვილად ზიანდება. ამის მაგალითია შუათანა ნერვი მაჯაში (რომელზე ზეწოლის შედეგადაც მაჯის არხის სინდრომი ვითარდება), იდაყვის ნერვი იდაყვის არეში, სხივის ნერვი მკლავის ზედა ნაწილში და მცირე წვივის ნერვი მუხლთან.

სიმპტომები

უჩვეულო შეგრძნებები, მაგ. ჩხვლეტის ან სულაც მგრძნობელობის მოშლა დაზიანებული ნერვის შესაბამის ადგილას ვითარდება სხეულზე. ამას შესაძლოა თან ახლდეს ტკივილი და სისუსტეც.

მაჯის არხის სინდრომი:შუათანა ნერვი ვიწრო სივრცეში გაივლის მაჯაში. მასზე ზეწოლა ტკივილსა და უჩვეულო შეგრძნებებს იწვევს თითებში, ხელისგულის მხარეს და მაჯაში, ზოგჯერ ხელსა და მხარშიც კი.

იდაყვის ნერვის დამბლა: იდაყვის ნერვი იდაყვის სახსრის გარეთა მხარეს კანთან ახლოს, ზედაპირულად გაივლის. იგი ადვილად ზიანდება იდაყვის ხშირი დაყრდნობით რამეზე ან მისი მირტყმით. ზოგჯერ ნერვს ძვლის პათოლოგიური წანაზარდი აზიანებს. შედეგად ხშირად ჩხვლეტის, წიწკნის შეგრძნება ვლინდება. იდაყვის ნერვის დამბლა უფრო მძიმე დაზიანების გამო ვითარდება და მტევნის კუნთების სისუსტეს იწვევს. მძიმე, ქრონიკული დამბლა მათი განლევის (ატროფიის) მიზეზიც შეიძლება გახდეს, რის გამოც ე.წ. ბრჭყალისებრი მტევანი ვითარდება (თითები მოხრილ მდგომარეობაშია გაშეშებული კუნთების დაჭიმულობის გამო). რეკომენდებულია იდაყვის ნერვზე ზეწოლის მაქსიმალურად თავიდან აცილება.

სხივის ნერვის დამბლა:სხივის ნერვი მკლავის ზედა ნაწილში, ძვლის ქვეშ მდებარეობს და მას მიჰყვება. ხანგრძლივმა ზეწოლამ შესაძლოა ნერვის დამბლა გამოიწვიოს. ამას ზოგჯერ შაბათი საღამოს დამბლას უწოდებენ, რადგან ალკოჰოლის ჭარბად მიღებისა და მძიმედ დათრობის შემდეგ (ხშირად შაბათ-კვირას) ადამიანები ხშირად ღრმად იძინებენ, ხელი კი სკამზე გადაკიდებული ან პარტნიორის თავქვეშ ამოდებული რჩებათ. ყავარჯნების არასწორად მორგების შემთხვევაში ისინი იღლიის მახლობლად აწვებიან მკლავის შიგნითა ნაწილს, რასაც ასევე შეუძლია სხივის ნერვის დამბლა გამოიწვიოს. ნერვის დაზიანება ასუსტებს მაჯასა და თითებს, ასე რომ, მაჯა ხშირად ჩამოვარდნილია, თითები კი მოხრილი (ამას ჩამოკიდებული მტევანი ეწოდება). ზოგჯერ მტევნის ზურგზე მგრძნობელობაც იკარგება. სხივის ნერვის დამბლა ხშირად გაივლის ზეწოლის მოხსნის შემთხვევაში.

მცირე წვივის ნერვის დამბლა: მცირე წვივის ნერვი კანთან ახლოს, ზედაპირულად გაივლის მუხლის გარეთა, ქვედა ნაწილში. მასზე ზეწოლა დამბლას იწვევს. ეს მდგომარეობა ასუსტებს ტერფის ამწევ კუნთებს, რის გამოც მისი ზემოთ მოხრა შეუძლებელია (ჩამოკიდებული ტერფი). ეს ყველაზე ხშირი საწოლს მიჯაჭვულ ან სავარძელში არასწორად მსხდომ პაციენტებში და ფეხის ფეხზე ხანგრძლივად გადადების ჩვევის მქონე ადამიანებშია (განსაკუთრებით გამხდრებში). თუ თავიდან ავიცილებთ ნერვზე ზეწოლას – მაგ. ფეხს ფეხზე არ გადავიდებთ – ეს შეამსუბუქებს სიმპტომებს.

დიაგნოზი

მონონეიროპათიის დიაგნოზის დასმა ექიმს სიმპტომებისა და გამოკვლევის შედეგების მიხედვით შეუძლია, მათ შორის კუნთის ხელით გასინჯვით (პალპაციით) მისი მოძრაობისას, რათა განისაზღვროს, არის თუ არა სისუსტე. ზოგჯერ ელექტრომიოგრაფია და ნერვთა გამტარებლობის კვლევაც ტარდება სხვა მიზეზების გამოსარიცხად ან იმის განსაზღვრისთვის, სად და რამდენად მძიმედაა დაზიანებული ნერვი.

მკურნალობა

თუკი მონონეიროპათიის მიზეზი რაიმე დაავადებაა, საჭიროა მისი მკურნალობა, მაგ. სიმსივნის ქირურგიულად ამოკვეთა. ხშირად, როცა ამ დარღვევას დროებითი ზეწოლა იწვევს, სიმპტომების შესამსუბუქებლად ეფექტიანია:

  • მოსვენება

  • ზეწოლის მოხსნა

  • დაზიანების ადგილზე თბილის დადება

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს), მაგ. იბუპროფენის მიღება, რათა შემცირდეს ანთება

მაჯის არხის სინდრომის მქონე ზოგ პაციენტში კორტიკოსტეროიდების ინექციები ამსუბუქებს სიმპტომებს.

დაავადების გამოვლინებების გაქრობამდე ფიქსატორები ან ელასტიკური სახვევები გამოიყენება, რათა კუნთების დამოკლება (კონტრაქტურები) არ განვითარდეს. ნერვზე ზეწოლის მოსახსნელად ან მკურნალობის მიუხედავად დაავადების პროგრესირების შემთხვევაში შესაძლებელია ოპერაციული ჩარევაც გაკეთდეს.

იდაყვის ნერვის მძიმე, ქრონიკული დამბლის შემთხვევაში კუნთების დაჭიმვის თავიდან აცილება ფიზიკური თერაპიით შეიძლება. ქირურგიული მკურნალობა ხშირად წარმატებული არ არის.