მრავლობითი მონონეიროპათია | მკურნალი.გე
  1. მრავლობითი მონონეიროპათია
  2. პერიფერიულ ნერვთა დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
მრავლობითი მონონეიროპათია

მრავლობითი მონონეიროპათია (მრავლობითი მონონევრიტი) ორი ან მეტი პერიფერიული ნერვის ფუნქციის ერთდროული მოშლაა სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ეს უჩვეულო შეგრძნებებსა და სისუსტეს იწვევს.

მრავლობითი მონონეიროპათია, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე ნერვს აზიანებს, ხშირად სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ამის საწინააღმდეგოდ, პოლინეიროპათია მრავალ ნერვს აზიანებს და – ერთსა და იმავე უბნებში სხეულის ორივე მხარეს. თუმცაღა, თუკი მრავლობით მონონეიროპათიაში ბევრი ნერვია ჩართული, მისი გარჩევა შეიძლება ძნელი იყოს პოლინეიროპათიისგან.

მრავლობითი მონონეიროპათიის გამოწვევა რამდენიმე დაავადებას შეუძლია და თითოეული მათგანის დროს დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება. შაქრიანი დიაბეტი ალბათ ყველაზე ხშირი მიზეზია, თუმცა იგი პოლინეიროპათიას უფრო იწვევს. მრავლობითი მონონეიროპათიის სხვა ხშირი გამომწვევებია: კვანძოვანი პოლიარარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა, შაგრენის სინდრომი, რევმატოიდული ართრიტი, სარკოიდოზი, ამილოიდოზი და ინფექციები (მაგ. ლაიმის დაავადება ან აივ ინფექცია). მრავლობითი მონონეიროპათია შესაძლოა ბაქტერიების პირდაპირ ნერვში შეჭრით იყოს გამოწვეული, მაგ. კეთრის დროს. დაავადებები ზოგჯერ ნერვებს ერთდროულად ან თანდათან, რამდენიმეს ერთად, გარკვეული შუალედებით აზიანებს. ვლინდება ტკივილი, სისუსტე, უჩვეულო შეგრძნებები ან ამ სიმპტომთა კომბინაცია ნერვების შესაბამის სხეულის ნაწილებში. ეს ყველაფერი თავიდან ზოგჯერ მხოლოდ ცალ მხარეს ვლინდება. როცა მიზეზი შაქრიანი დიაბეტია, ხშირად თვალისა და ბარძაყის კუნთებიც ჩაერთვება დაავადებაში.

ექიმი დიაგნოზს გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამს, მაგრამ ხშირად მის დასადასტურებლად ელექტრომიოგრაფია და ნერვთა გამტარებლობის კვლევაცაა საჭირო.

მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული.