1. ავტონომიური ნეიროპათიები
  2. ავტონომიური ნერვული სისტემის დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ავტონომიური ნეიროპათიები

ავტონომიური ნეიროპათიები პერიფერიული ნერვების დაავადებებია, რომლებიც ძირითადად ორგანიზმის ავტონომიური (ცნობიერი ძალისხმევის გარეშე მიმდინარე) პროცესების მარეგულირებელ ნერვებს (ავტონომიურ ნერვებს) აზიანებს.

  • მიზეზი შეიძლება იყოს: შაქრიანი დიაბეტი, ამილოიდოზი, ავტოიმუნური დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნე, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ზოგი მედიკამენტი;

  • ადგომისას ადამიანს შესაძლოა თავბრუხვევა ჰქონდეს, ვლინდებოდეს მოშარდვის გაძნელება, შეკრულობა, ღებინება და ერექციული დისფუნქცია – მამაკაცებში;

  • ავტოიმუნური დარღვევისა და მისი სავარაუდო მიზეზების დასადგენად ექიმი გასინჯავს პაციენტს და სხვადასხვა კვლევას დანიშნავს;

  • საჭიროა მიზეზის გამოსწორება ან მკურნალობა, თუ ეს შესაძლებელია.

ნერვული სისტემა ცენტრალური და პერიფერიული ნაწილებისგან შედგება. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში თავისა და ზურგის ტვინი შედის. პერიფერიული კი წარმოდგენილია ნერვებით, რომლებიც ამ ორ ორგანოს სხეულის დანარჩენ ნაწილებთან აკავშირებს. პერიფერიული ნერვები თავის მხრივ იყოფა ავტონომიურ და სომატურ ნერვებად. ავტონომიური ნერვები ავტომატურად, გაუცნობიერებლად მიმდინარე პროცესებს აკონტროლებს ორგანიზმში, სომატური კი – ნებით მოძრაობებში ჩართულ კუნთებს ან კანის მგრძნობიარე რეცეპტორებს უკავშირდება. პერიფერიული ნეიროპათიების დროს მთელ სხეულში ზიანდება ეს ნერვები. ამის ერთ-ერთი სახეა ავტონომიური ნეიროპათია, რომლის დროსაც ავტონომიური ნერვების ფუნქცია უფრო მეტადაა მოშლილი, ვიდრე სომატურის.

მიზეზები

ხშირი მიზეზებია: შაქრიანი დიაბეტი, ამილოიდოზი (პათოლოგიური ცილის დაგროვება ქსოვილებში) და ავტოიმუნური დაავადებები (რომლის დროსაც იმუნურ სისტემას ორგანიზმის საკუთარი ქსოვილები უცხო ჰგონია და თავს ესხმის მათ). ვირუსულმა ინფექციებმა შესაძლოა ავტოიმუნური რეაქცია გამოიწვიოს და შედეგად ავტონომიური ნერვები დაზიანდეს. იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ზოგი ანტისხეული აცეტილქოლინის რეცეპტორებს (ნერვულ უჯრედზე მოთავსებული მოლეკულები, რომელთა მეშვეობითაც იგი აცეტილქოლინის მოქმედებაზე რეაგირებს) ესხმის თავს. აცეტილქოლინი ერთ-ერთი ქიმიური გადამცემია (ნეირომედიატორი), რომელიც ავტონომიური ნერვების მიერ კავშირის დასამყარებლად გამოიყენება. მსგავსი რეაქცია ხშირად გილენ-ბარეს სინდრომის დროსაც ვითარდება. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია: ავთვისებიანი სიმსივნე, მედიკამენტები, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ტოქსინები.

სიმპტომები

ხშირი სიმპტომია არტერიული წნევის ზედმეტად დაცემა ადგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია). შედეგად, ადამიანს ამ დროს თავბრუხვევა ან ისეთი შეგრძნება უვითარდება, თითქოს სადაცაა გული წაუვა. მამაკაცებში ზოგჯერ ასევე ვლინდება ერექციის განვითარებისა და შენარჩუნების გაძნელება (ერექციული დისფუნქცია). შესაძლოა განვითარდეს შარდის შეუკავებლობაც, ხშირად შარდის ბუშტის ზედმეტი აქტიურობის გამო. ზოგ პაციენტს პირიქით, შარდის შეკავება აწუხებს, რადგან ბუშტის შეკუმშვის უნარი დაქვეითებულია. ჭამის შემდეგ შესაძლოა ნაადრევი სისავსის შეგრძნება ან ღებინებაც კი განვითარდეს, რადგან კუჭი ნელა იცლება საკვებისგან (გასტროპარეზი). ზოგჯერ მძიმე შეკრულობაც ვლინდება.

სომატური ნერვების დაზიანების დროს ადამიანს მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის, წიწკნის შეგრძნება აწუხებს მტევნებსა და ტერფებში, ზოგჯერ კუნთებიც სუსტდება.

დიაგნოზი და მკურნალობა

ავტონომიური დარღვევების ნიშნებისა და მათი მიზეზების (შაქრიანი დიაბეტი, ამილოიდოზი) დასადგენად საჭიროა პაციენტის გასინჯვა და ზოგი გამოკვლევის ჩატარება. კეთდება სისხლის ანალიზები, რათა გაირკვეს, მასში აცეტილქოლინის რეცეპტორების საწინააღმდეგო ანტისხეულები არის თუ არა, რაც ავტოიმუნურ დაავადებაზე მიუთითებს. ამ მიზეზით გამოწვეული ავტონომიური ნეიროპათიის მქონე ადამიანთა დაახლოებით ნახევარს ეს ანტისხეულები აქვს.

თუკი გამომწვევი დადგინდა, მისი მკურნალობა იწყება. როცა ეს ავტოიმუნური რეაქციაა, ზოგჯერ მისი დამთრგუნველი მედიკამენტები, მაგ.: აზათიოპრინი, ციკლოფოსფამიდი ან პრედნიზონი ინიშნება. როცა სიმპტომები ძალიან მძიმეა, შესაძლებელია პაციენტს ვენაში იმუნოგლობულინი გადაესხას (ხსნარი, რომელიც რამდენიმე დონორისგან მიღებულ მრავალ სხვადასხვა ანტისხეულს შეიცავს) ან პლაზმის შეცვლა – პლაზმაფერეზი ტარდება. ამ დროს სისხლს გამოიღებენ, გაწმენდენ პათოლოგიური ანტისხეულებისგან და ისევ ორგანიზმში აბრუნებენ.