1. ჰორნერის სინდრომი
  2. ავტონომიური ნერვული სისტემის დაავადებები
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ჰორნერის სინდრომი

ჰორნერის სინდრომის დროს სახის ცალ მხარეზე ვითარდება: ქუთუთოს დაშვება, გუგის შევიწროება და ოფლის გამოყოფის შემცირება. ამის მიზეზი თვალისა და თავის ტვინის დამაკავშირებელი ნერვული ბოჭკოების დაზიანებაა.

  • ჰორნერის სინდრომი შეიძლება დამოუკიდებლად ან სხვა ისეთი დაავადების შედეგად განვითარდეს, რომელიც თვალებისა და ტვინის დამაკავშირებელ ნერვულ ბოჭკოებს აზიანებს;

  • ზედა ქუთუთო დაშვებულია, გუგა შევიწროებული და სახის იმავე მხარეზე ოფლის გამოყოფა – შემცირებული;

  • ექიმი გამოიკვლევს გუგას, რათა შეამოწმოს, შეუძლია თუ არა მას გაფართოება და ასევე, ნიშნავს გამოსახულებით კვლევებს მიზეზის დასადგენად;

  • თუ მიზეზი გაირკვა, მისი მკურნალობაა საჭირო.

ჰორნერის სინდრომი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.

მიზეზები

თვალებისა და ტვინის დამაკავშირებელი ზოგი ნერვული ბოჭკო წრიულ გზას გადის. თავის ტვინიდან ისინი ზურგის ტვინში გადადის, ამ ორგანოს გულმკერდის ნაწილში გამოეყოფა, ზევით აუყვება კისერს საძილე არტერიის გასწვრივ, შედის თავის ქალაში და შემდეგ თვალში. ამ ნერვული ბოჭკოების ნებისმიერ ადგილას დაზიანების შემთხვევაში ჰორნერის სინდრომი ვლინდება. იგი დამოუკიდებლად შეიძლება განვითარდეს ან სხვა დაავადების მიერ იყოს გამოწვეული. მაგალითად, მიზეზებიდან აღსანიშნავია: თავის, ტვინის, კისრის ან ზურგის ტვინის დაავადებები, ფილტვის კიბო, სხვა სიმსივნეები, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება (კისრის ლიმფადენოპათია), აორტის ან საძილე არტერიის განშრევება, გულმკერდის აორტის ანევრიზმა და ტრავმები. ჰორნერის სინდრომი შეიძლება თანდაყოლილიც იყოს და დაბადებისას გამოვლინდეს.

სიმპტომები

ჰორნერის სინდრომის დროს სიმპტომები ნერვული ბოჭკოების დაზიანების მხარეს ვითარდება თვალზე. მათგან აღსანიშნავია: ზედა ქუთუთოს დაშვება (ფტოზი), გუგის შევიწროება (მიოზი). სახის შესაბამის ნახევარზე შესაძლოა ოფლი შემცირებული რაოდენობით ან საერთოდ არ გამოიყოფოდეს და იშვიათად, წამოწითლებაც ვლინდება. თანდაყოლილი ფორმის დროს თვალის გუგა სულ ისეთი მონაცრისფრო-მოცისფრო ფერის რჩება, როგორიც დაბადებისას იყო.

დიაგნოზი და მკურნალობა

დაავადებაზე ეჭვი სიმპტომების მიხედვით მიაქვს ექიმს. დიაგნოზის დასადასტურებლად მან შესაძლოა თვალში მცირე რაოდენობით კოკაინის შემცველი წვეთები ჩააწვეთოს პაციენტს გამოკვლევისას. თუ გუგა არ გაფართოვდა 30 წუთის შემდეგაც კი, ჰორნერის სინდრომის დიაგნოზი ისმება. შემდეგ ექიმი სხვა საშუალებებს იყენებს თვალის გამოსაკვლევად. მათზე გუგის რეაქციის მიხედვით შესაძლებელია ზოგადად განისაზღვროს, სად მდებარეობს დაზიანება. თავის ან ზურგის ტვინის, გულმკერდის და კისრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) სიმსივნისა და სხვა მძიმე დაავადებების გამოსარიცხად ინიშნება.

თუ მიზეზი დადგინდა, მისი მკურნალობა იწყება. თუმცა, თავად ჰორნერის სიმპტომის სამკურნალოდ რაიმე სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს. ხშირად ეს საჭიროც არ არის, რადგან ქუთუთო მხოლოდ მცირედაა დაშვებული.