1. ფსიქიკური დაავადების გავრცელება
  2. ფსიქიკური ჯანმრთელობა – მიმოხილვა
  3. ფსიქიკური დაავადებები
ფსიქიკური დაავადების გავრცელება

მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 30-50%-ს ცხოვრების ამა თუ იმ მონაკვეთზე ფსიქიკური დაავადება უვითარდება. ამ ადამიანთა 50%-ზე მეტს საშუალოდ ან მძიმედ გამოხატული სიმპტომები აღენიშნება. ფაქტობრივად, მოსახლეობაში, 5 წლის ასაკიდან მოყოლებული, შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი 10 მიზეზიდან 4 ფსიქიკურ აშლილობაზე მოდის. იმ დაავადებებს შორის, რომლებიც შესაძლებლობების შეზღუდვის მიზეზი ხდება, დეპრესია პირველ ადგილზეა. სამწუხაროდ, ფსიქიკური აშლილობის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, დაავადებულთა მხოლოდ 20% სარგებლობს სამედიცინო დახმარებით. ფსიქიკური აშლილობის ბუნების გაგებასა და მკურნალობაში უდიდესი მიღწევების მიუხედავად, სტიგმა ამ დაავადებების მიმართ კვლავ არსებობს. მაგალითად, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები შეიძლება დაადანაშაულონ სიზარმაცეში, უპასუხისმგებლობაში; ფსიქიკური აშლილობა, ფიზიკურ დაავადებასთან შედარებით, ზოგჯერ განიხილება როგორც ნაკლებად ანგარიშგასაწევი გარემოება, რის გამოც პოლიტიკის განმსაზღვრელებს და სადაზღვევო კომპანიებს არ სურთ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება; შეიძლება მშობლებს დასდონ ბრალი იმაში, რომ შვილებს ფსიქიკური დაავადება აქვთ; საზოგადოება შეიძლება მოერიდოს ადამიანებს, ვისაც ფსიქიკური აშლილობა აქვს და არ ისურვოს მათ გვერდით ცხოვრება, მათთან მუშაობა ან ურთიერთობა.

თანამედროვე შეხედულებით ფსიქიკური აშლილობა გენეტიკური და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედებით არის გამოწვეული. ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების დროს თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერებად წოდებული ქიმიური გადამცემების სისტემის მოქმედებაა დარღვეული. კვლევის გამოსახულებითი მეთოდების – მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის და პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის გამოყენების შედეგებმა დაადასტურა, რომ მრავალ ფსიქიკურ აშლილობას თან ახლავს ფიზიკური კომპონენტიც. დადასტურებულია გენეტიკური ფაქტორის მნიშვნელოვანი როლი სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის განვითარებაში. ხშირად ფსიქიკური აშლილობა ემართება ადამიანებს, რომელნიც გენეტიკური თავისებურებების გამო მიდრეკილნი არიან ამ დაავადებებისადმი, რასაც ემატება სტრესი ოჯახში, სამსახურში, ზოგადად – სოციალურ გარემოში.

ფსიქიკური დაავადების მკაფიოდ გამიჯვნა ნორმალური ქცევისგან ყოველთვის ვერ ხერხდება. მაგალითად, შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს მძიმე დანაკლისით, როგორიცაა მეუღლის, შვილის გარდაცვალება, გამოწვეული მწუხარების გარჩევა დეპრესიისგან. ზუსტად ასევე, შფოთვითი აშლილობის დიაგნოზის დასმა ადამიანისთვის, რომელიც ღელავს ან სამსახურთან დაკავშირებული სტრესი აქვს, რამდენადმე სადავოა, რადგან ადამიანთა უმეტესობისთვის დროდადრო მსგავსი განცდები უცხო არ არის. ზღვარი გარკვეულ პიროვნულ თვისებებსა და პიროვნულ აშლილობას შორის შეიძლება ბუნდოვანი იყოს. აქედან გამომდინარე, ფსიქიკური დაავადება და ფსიქიკური ჯანმრთელობა უკეთესია განვიხილოთ როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენების უწყვეტობა, ერთობლიობა. მათ შორის გამყოფი ხაზი, ჩვეულებრივ, ეფუძნება სიმპტომების ხანგრძლივობას, იმის შეფასებას, თუ რამდენად შეიცვალა ადამიანის ჩვეული "მე", როგორ მოქმედებს მძიმე სიმპტომები მის ცხოვრებაზე.

დეინსტიტუციონალიზაცია

ეფექტიანი წამლების გამოყენება და, ამასთან ერთად, ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა დაედო საფუძვლად უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მოძრაობას, რომლის მიზანია ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების გამოყვანა სპეციალური დაწესებულებებიდან (დეინსტიტუციონალიზაცია). ამ უკანასკნელმა ბიძგი მისცა იმის გაცნობიერებას, რომ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები ოჯახისა და თემის წევრები არიან.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ოჯახებსა და პაციენტებს შორის ურთიერთობის გარკვეულმა ფორმებმა შეიძლება გააუმჯობესოს ან გააუარესოს უკანასკნელის ფსიქიკური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, შემუშავდა და განვითარდა ოჯახური თერაპიის მეთოდები, რომლებიც ქრონიკული ფსიქიკური დაავადების მქონე პირების რეინსტიტუციონალიზაციის სიხშირეს მკვეთრად ამცირებს. ფსიქიკურად დაავადებული პირის ოჯახი, წარსულთან შედარებით, დღეს უფრო მეტად არის მკურნალობის თანამონაწილე. ოჯახის ექიმი ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანის რესოციალიზაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღესდღეობით ფსიქიკურად დაავადებული პირები, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ, ისევე არიან იზოლირებული და შეზღუდული, როგორც წარსულში; ხშირად ისინი ადრეულ ეტაპზე აგრძელებენ მკურნალობას დღის ცენტრებში, სადაც მკურნალობის საფასური ნაკლებია (თანამშრომელთა ნაკლები რაოდენობის გამო), აქცენტი კეთდება უფრო ჯგუფურ თერაპიაზე, ვიდრე ინდივიდუალურზე და, ამასთან ერთად, პაციენტები ღამეს სახლში ათევენ.

ამავე დროს, დეინსტიტუციონალიზაციის მოძრაობას თავისი წილი პრობლემებიც ახლავს. თუ ფსიქიკურად დაავადებული პირები არ უქმნიან საშიშროებას საკუთარ თავს ან საზოგადოებას, მათი ნების წინააღმდეგ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მკურნალობა აღარ არის შესაძლებელი, რის გამოც ბევრი მათგანი უსახლკაროდ რჩება ან ციხეში ხვდება. მართალია, სამართლებრივი ღონისძიებები იცავს სხვა ადამიანების სამოქალაქო უფლებებს, მაგრამ, იმავდროულად, ართულებს მრავალი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის ადეკვატურ მკურნალობას; მკურნალობის გარეშე პაციენტთა ნაწილი შეიძლება უკიდურესად ირაციონალური გახდეს, უსახლკარობა კი საზოგადოებაზე ახდენს გავლენას.

სოციალური მხარდაჭერა

სოციალური კავშირები ყველას სჭირდება, რომ იგრძნოს ზრუნვა, აღიარება, ემოციური მხარდაჭერა, განსაკუთრებით სტრესის დროს. კვლევებით დადასტურებულია, რომ ქმედითმა სოციალურმა დახმარებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი გამოჯანმრთელებას როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური დაავადებების დროს. საზოგადოებაში ცვლილებებმა შეამცირა ტრადიციული დახმარების ფორმები, რომელსაც ოდესღაც ოჯახები და მეზობლები სთავაზობდნენ ცალკეულ ადამიანს. მოხსენიებულის ალტერნატივად მთელ ქვეყანაში აღმოცენდა თვით- და ურთიერთდახმარების ჯგუფები. ზოგიერთი თვითდახმარების ჯგუფი, როგორიცაა "ანონიმური ალკოჰოლიკები" და "ანონიმური ნარკომანები" უპირატესწილად ფოკუსირებულია დამოკიდებულ პირებზე. სხვები ადვოკატირებას უწევენ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს და ხანდაზმულებს; ზოგიერთი, როგორიცაა "ფსიქიკურად დაავადებულთა ეროვნული ალიანსი", მხარში უდგას მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების ოჯახის წევრებს.