1. კონვერსიული აშლილობა
  2. სომატოფორმული აშლილობები
  3. ფსიქიკური დაავადებები
კონვერსიული აშლილობა

კონვერსიული აშლილობისთვის დამახასიათებელია ნევროლოგიური დაავადების მსგავსი სიმპტომები. მათი გამომწვევია ფსიქიკური ფაქტორები, როგორიცაა სტრესები, მათ შორის კონფლიქტები.

  • შეიძლება განვითარდეს ხელის ან ფეხის დამბლა, ადამიანმა შეიძლება დაკარგოს შეხების შეგრძნება, სმენა ან მხედველობა;

  • ჩვეულებრივ, უამრავი გამოკვლევა და ტესტი ტარდება, რომ გამოირიცხოს სომატური დაავადება;

  • მნიშვნელოვანია პაციენტის დარწმუნება მისი მხარდამჭერი და მისთვის სანდო ექიმის მიერ. ჰიპნოზი და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ზოგჯერ ეფექტიანია.

ითვლება, რომ კონვერსიული აშლილობა, რომელსაც ადრე ისტერიას უწოდებდნენ, გამოწვეულია ფსიქიკური ფაქტორებით, როგორიცაა სტრესი და კონფლიქტი, რომლებიც სომატურ სიმპტომებად გარდაიქმნება. კონვერსიული აშლილობა უფრო ხშირად ვითარდება გვიანი ბავშვობის ასაკიდან მოწიფულობის ასაკამდე პერიოდში, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს. სავარაუდოდ, ქალებს შორის უფრო ხშირია.

სიმპტომები

სიმპტომები, როგორიცაა ფეხის ან ხელის დამბლა ან სენსორული დარღვევები სხეულის რომელიმე ნაწილში, ნერვული სისტემის დისფუნქციაზე მიუთითებს. მოხსენიებულის გარდა, შეიძლება აღინიშნოს გულყრები, მხედველობის ან სმენის დაკარგვა.

ხშირად სიმპტომები თავს იჩენს ამა თუ იმ მძიმედ გადასატანი სოციალური მოვლენის ან ფსიქოლოგიური ზეგავლენის შემდეგ.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი ცხოვრების მანძილზე ან სპონტანურად აღმოცენებული, ჩვეულებრივ, ხანმოკლე ეპიზოდები.

კონვერსიული სიმპტომების მქონე პაციენტთა მდგომარეობა, საავადმყოფოში მკურნალობის შემთხვევაში, 2 კვირის თავზე უმჯობესდება; პაციენტების 20-25%-ს მომდევნო წლის განმავლობაში სიმპტომები უმეორდება, ზოგჯერ დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს.

დიაგნოზი

დასაწყისში დიაგნოზის დასმა, როგორც წესი, ძნელია, ვინაიდან ადამიანი დარწმუნებულია, რომ მას ორგანული ბუნების დაავადება აქვს და ამიტომ შეიძლება არ ისურვოს ფსიქიატრის ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა სპეციალისტის კონსულტაცია. გარდა ამისა, ექიმები თავად ცდილობენ დარწმუნდნენ, რომ სიმპტომები რომელიმე სომატური დაავადებით არ არის გამოწვეული. ამდენად, დიაგნოზი ყალიბდება მხოლოდ მას შემდეგ, თუ მრავალმხრივი ფიზიკური გამოკვლევისა და ტესტირების შედეგებით ვერ დადგინდა სომატური დაავადება, რომლის არსებობითაც შეიძლება აიხსნას არსებული სიმპტომები.

მკურნალობა

ექიმისა და პაციენტის ურთიერთობისას დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას. ეფექტიან მიდგომად უნდა ჩაითვალოს პირველადი ჯანდაცვის ექიმის თანამშრომლობა ფსიქიატრთან და სხვა სპეციალობის ექიმებთან, მაგალითად, ნევროლოგთან ან თერაპევტთან. ექიმი, სომატური დაავადების არსებობის შესაძლებლობის შეფასების შემდეგ, არწმუნებს პაციენტს, რომ სიმპტომები არ ადასტურებს ზემოხსენებულის არსებობას; ამის შემდეგ და შედეგად პაციენტმა შეიძლება თავი უკეთ იგრძნოს და სიმპტომები გაუქრეს.

სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს შემდეგი მკურნალობა:

  • ჰიპნოზი – ეხმარება ადამიანებს, აკონტროლონ სტრესისა და სხვა ფსიქიკური მდგომარეობის ზემოქმედება სხეულის ფუნქციებზე;

  • ნარკოანალიზი – ჰიპნოზის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ პირს აძლევენ ძილის მომგვრელ სედაციურ საშუალებას;

  • კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტიანია.

იმავდროულად, საჭიროა ნებისმიერი თანმხლები ფსიქიკური აშლილობის (მაგალითად, დეპრესიის) მკურნალობა.