1. იპოქონდრია
  2. სომატოფორმული აშლილობები
  3. ფსიქიკური დაავადებები
იპოქონდრია

იპოქონდრია ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც პაციენტი ეჭვობს ან დარწმუნებულია, რომ სერიოზული დაავადება აქვს. ზემოხსენებულის საფუძველია ნორმალური ფიზიკური შეგრძნებების ან მსუბუქად გამოხატული სომატური სიმპტომების არასწორად შეფასება.

  • პიროვნებას სჯერა, რომ სხეულის ნორმალური ფუნქციონირების ნიშნები (ნაწლავების ყურყური ან ოფლიანობა) სერიოზული სომატური დაავადებით არის გამოწვეული;

  • პირის შეშფოთება და ეჭვი მყარია, მიუხედავად იმისა, რომ სათანადო სამედიცინო გამოკვლევა არ ადასტურებს ისეთი სომატური დაავადების არსებობას, რომლისთვისაც ეს სიმპტომებია დამახასიათებელი;

  • ექიმის ნდობა და მხარდამჭერი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგჯერ ფსიქიატრის კონსულტაციაა საჭირო.

იპოქონდრია ვითარდება უმეტესად ადრეულ მოწიფულობის ასაკში და თანაბარი სიხშირით ვლინდება ორივე სქესის წარმომადგენლებში.

სიმპტომები

ადამიანები არასწორად აფასებენ ნორმალურ ფიზიკურ შეგრძნებებს ან მსუბუქ სიმპტომებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული სომატურ დაავადებასთან. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს: მუცლის შებერილობა, ყურყური მუცელში, გულისცემის, ტკივილის ან გადაღლის შეგრძნება, ოფლიანობა. პაციენტი დაწვრილებით ჰყვება სიმპტომების შესახებ, რადგან ფიქრობს, რომ სერიოზული ფიზიკური ავადმყოფობა აქვს. მაგალითად, თავის ტკივილი შეიძლება მიაწეროს თავის ტვინის სიმსივნეს. სომატური სიმპტომები იწვევს ძლიერ შეშფოთებას ჯანმრთელობის მდგომარეობით, რის გამოც ადამიანს უქვეითდება პერსონალური ურთიერთობების უნარი, ვეღარ ახერხებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.

სამედიცინო გამოკვლევა და ექიმის მცდელობა, დაარწმუნოს პაციენტი მდგომარეობის უსაფრთხოებაში, უშედეგოა. პაციენტი ფიქრობს, რომ ექიმი რატომღაც ვერ პოულობს გამომწვევ დაავადებას.

იპოქონდრიული აშლილობის დროს ხშირია დეპრესია და შფოთვა.

იპოქონდრია წლობით გრძელდება ან პერიოდულად მეორდება. ზოგჯერ სრული გამოჯანმრთელებაა შესაძლებელი.

დიაგნოზი

იპოქონდრიაზე საუბრობენ, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი ზედმეტად შეფიქრიანებულია უმნიშვნელო სიმპტომებით და მისი გადარწმუნება საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგაც კი შეუძლებელია. სადიაგნოზო კრიტერიუმები შემდეგია: ადამიანს სიმპტომები მინიმუმ 6 თვის მანძილზე აღენიშნება და ეს სიმპტომები არ არის დაკავშირებული დეპრესიასთან ან სხვა ფსიქიკურ აშლილობასთან.

მკურნალობა

იპოქონდრიის მკურნალობა რთულია, რადგან პაციენტი დარწმუნებულია, რომ სერიოზულად არის ავად. გადარწმუნება უშედეგოა. თუმცა მკურნალი ექიმის რწმენა და მხარდამჭერი ურთიერთობა სასარგებლოა, განსაკუთრებით რეგულარული ვიზიტების დროს. თუ სიმპტომები არ შემსუბუქდა, პაციენტი შემდგომი შეფასებისა და მკურნალობისთვის ფსიქიატრთან ან ფსიქიკური ჯანდაცვის პრაქტიკოსთან უნდა გაიგზავნოს, ოჯახის ექიმის უწყვეტი მეთვალყურეობით. სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტებით მკურნალობა შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს. იპოქონდრიული სიმპტომების დროს უფრო შედეგიანია კოგნიტურ-ბიჰევიორული მკურნალობა.