ინფექციები ადამიანებში დასუსტებული დაცვითი მექანიზმებით | მკურნალი.გე
  1. ინფექციები ადამიანებში დასუსტებული დაცვითი მექანიზმებით
  2. ინფექციური დაავადების ბიოლოგია
  3. ინფექციები
ინფექციები ადამიანებში დასუსტებული დაცვითი მექანიზმებით

ბევრმა დაავადებამ, მედიკამენტებმა და სხვა სახის მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ბუნებრივი დაცვითი მექანიზმების ფუნქციონირების გაუარესება. ამ გაუარესებამ შეიძლება მიგვიყვანოს ისეთი ინფექციების განვითარებამდე, რომელსაც გამოიწვევენ ჩვენს სხეულზე ან სხეულში მცხოვრები, ჩვეულებრივ, უვნებელი მიკროორგანიზმები. იმუნური სისტემის ფუნქციონირების ასეთი გაუარესება შეიძლება გამოიწვიონ შემდეგმა ფაქტორებმა:

  • ვრცელი დამწვრობა: ინფექციის განვითარების რისკი იზრდება იმიტომ, რომ დაზიანებული კანი ვეღარ ახდენს მავნე მიკროორგანიზმების ორგანიზმში შეჭრის პრევენციას;

  • სამედიცინო პროცედურები: პროცედურის დროს შესაძლოა ორგანიზმში შეყვანილ იქნას უცხო მასალა, რაც ზრდის ინფექციის განვითარების რისკს. ასეთ პროცედურებს მიეკუთვნება საშარდე სისტემაში ან სისხლძარღვში კათეტერის შეყვანა და სასულეში მილის ჩადგმა;

  • მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ იმუნური სისტემის დათრგუნვას: ამ მედიკამენტებს მიეკუთვნება სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიული პრეპარატები, მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან გადანერგილი ორგანოს მოცილებას (როგორებიცაა მაგ. აზათიოპრინი, მეტოტრექსატი და ციკლოსპორინი) და კორტიკოსტეროიდები (მაგ.: პრედნიზოლონი);

  • სხივური თერაპია: მკურნალობის ამ სახემ შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის დათრგუნვა, კერძოდ კი იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება ძვლის ტვინის დასხივებაც;

  • აივ ინფექცია: კონკრეტულ ინფექციებთან ბრძოლის უნარი მკვეთრად იკლებს აივ-ით დაინფიცირებულ ადამიანებში, განსაკუთრებით კი დაავადების ბოლო სტადიებში. აივ-ით ინფიცირებული ადამიანები იმყოფებიან ოპორტუნისტული ინფექციების (ისეთი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, არ იწვევენ ინფექციურ დაავადებებს) განვითარების განსაკუთრებული რისკის ქვეშ. აივ-ით ინფიცირებული ადამიანები შეიძლება ძალიან მძიმედ დაავადდნენ ბევრი გავრცელებული ინფექციით.