დეპრესია (გუნება-განწყობილების აშლილობა) | მკურნალი.გე
  1. დეპრესია (გუნება-განწყობილების აშლილობა)
  2. გუნება-განწყობილების აშლილობა
  3. ფსიქიკური დაავადებები
დეპრესია (გუნება-განწყობილების აშლილობა)

დეპრესიული აშლილობა ძლიერი სევდის განცდაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ყოველდღიურ ყოფასა და საქმიანობაზე. ის შეიძლება გამოიწვიოს უკანასკნელი ხანების დანაკარგმა ან სამწუხარო მოვლენამ, ამასთან, განცდის სიღრმე და ხანგრძლივობა აღემატება გამომწვევი მოვლენის მნიშვნელობას.

  • ზოგჯერ ხელს უწყობს მემკვიდრეობა, მედიკამენტის გვერდითი ეფექტები, სტრესული მოვლენები, ამა თუ იმ სახის დისბალანსი სხეულში და სხვა ფაქტორები;

  • დეპრესიის გამო ინდივიდი შეიძლება დასევდიანდეს, მოდუნდეს ან შფოთვა და შიში დაეწყოს;

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს;

  • ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპია და, ზოგჯერ, ელექტროკრუნჩხვითი თერაპია შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს.

შფოთვის შემდეგ დეპრესია ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობაა. პირველადი ჯანდაცვის ექიმთან ვიზიტზე მისული პაციენტების 30%-ს დეპრესიის სიმპტომები აქვს, თუმცა მხოლოდ ზოგიერთ მათგანს თუ ჰქონია დეპრესიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი. დეპრესია ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს (მათ შორის ბავშვობაში), თუმცა დაწყების ალბათობა მნიშვნელოვნად მატულობს გარდატეხის, 20 ან 30 წლის ასაკში. როგორც ჩანს, მე-20 საუკუნეში დაბადებულ ადამიანებს შორის დეპრესიის და სუიციდის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე წინა თაობაში, რაც, ნაწილობრივ, წამალდამოკიდებულების სიხშირის ზრდით აიხსნება. არანამკურნალები დეპრესიის ეპიზოდი, ჩვეულებრივ, 6 თვე გრძელდება, მაგრამ ზოგჯერ ორ წელზე მეტხანს შეიძლება გასტანოს. სიცოცხლის მანძილზე დეპრესია, როგორც წესი, რამდენჯერმე მეორდება.

მიზეზები

დეპრესიის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მრავალი ფაქტორი ზრდის დეპრესიის განვითარების ალბათობას. მათ შორისაა ოჯახური მიდრეკილებები (მემკვიდრეობა), ზოგიერთი მედიკამენტების გვერდითი ეფექტი და ემოციური სტრესი, განსაკუთრებით, დანაკარგთან დაკავშირებული. დეპრესია არ არის ხასიათის სისუსტის ან პიროვნული აშლილობის, ბავშვობაში მიღებული ტრავმის ან ცუდი აღზრდის გამოხატულება. დეპრესია შეიძლება განვითარდეს ან გაუარესდეს ყოველგვარი აშკარა ან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული სირთულეების გარეშე.

გენეტიკური დეფექტების მონაწილეობა სავარაუდოა, ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ ნეიროტრანსმიტერების – ნერვულ უჯრედებში ინფორმაციის გადამტანი ნივთიერებების – ფუნქციაზე. სეროტონინი, დოფამინი და ნორეპინეფრინი სწორედ ის ნეიროტრანსმიტერებია, რომლებიც მონაწილეობენ დეპრესიის განვითარებაში.

სოციალური მდგომარეობა, რასა, კულტურა, როგორც ჩანს, არ მოქმედებს დეპრესიის განვითარების ალბათობაზე, სქესისგან განსხვავებით. ამ უკანასკნელის გავლენა დეპრესიის სიხშირეზე ეჭვს არ იწვევს. ქალებს შორის დეპრესია ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებს შორის; ამ განსხვავების მიზეზი ბოლომდე ნათელი არ არის. ფიზიკური ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ჰორმონები, რომლების დონის მერყეობამ გუნება-განწყობილების ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ეს ქალებში ხდება მენსტრუაციის წინ და მშობიარობის შემდეგ. განწყობილებაზე ზეგავლენის მქონე ფერმენტების დონე ქალის ორგანიზმში შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგია, რომელიც ქალებში საკმაოდ გავრცელებულია, შეიძლება ასევე სარისკო ფაქტორი იყოს.

ხანმოკლე დეპრესიის დროს ადამიანები დროდადრო სევდიანი განწყობილებით რეაგირებენ გარკვეულ სიტუაციებზე:

  • დღესასწაულები (დღესასწაულის სევდა)

  • მნიშვნელოვანი თარიღების ყოველწლიური აღნიშვნა, როგორიცაა საყვარელი ადამიანის გარდაცვალება

  • მენსტრუაციის წინ (პრემენსტრუაციული სინდრომი; თუ მძიმე დეპრესიაა, პრემენსტრუაციული დისფორიული აშლილობა)

  • მშობიარობის მომდევნო 2 კვირა (მშობიარობის შემდგომი სევდა ან, თუ დეპრესია მძიმეა, მშობიარობის შემდგომი დეპრესია)

მოხსენიებული რეაქციები ნორმალურია და არ იწვევს მძიმე, ხანგრძლივ დეპრესიას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინდივიდი მიდრეკილია დეპრესიისკენ. დეპრესია შეიძლება თან ახლდეს სომატურ დაავადებას ან გამოწვეული იყოს სომატური დაავადებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დეპრესია შეიძლება ფიზიკური დაავადების უშუალო შედეგი იყოს (მაგალითად, როცა ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გავლენას ახდენს ჰორმონების დონეზე) ან მისი არაპირდაპირი შედეგი (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტით გამოწვეული ტკივილი და შესაძლებლობების შეზღუდვა). ხშირად სომატური დაავადება ერთდროულად უშუალოდ და გაშუალებულად იწვევს დეპრესიას. მაგალითად, შიდსი დეპრესიას უშუალოდ იწვევს, რადგან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი თავის ტვინს აზიანებს. ამავე დროს, შიდსით დაავადებულს დეპრესია შეიძლება განუვითარდეს ავადმყოფობის მის ცხოვრებაზე უარყოფითი ზეგავლენის საპასუხოდ.

ექიმის მიერ დანიშნულმა ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს. გაურკვეველი მიზეზით ორგანიზმში კორტიკოსტეროიდების ჭარბი რაოდენობით გამომუშავება (მაგალითად, კუშინგის სინდრომის დროს) ხშირად დეპრესიას იწვევს, კორტიკოსტეროიდების მედიკამენტის სახით მიღება კი უმეტესწილად ჰიპპომანიას, იშვიათად მანიას იწვევს. ზოგჯერ მედიკამენტის მიღების შეწყვეტა ხდება დეპრესიის მიზეზი.

ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობა, სახელდობრ, გარკვეული შფოთვითი აშლილობა, ალკოჰოლიზმი, წამალდამოკიდებულება და შიზოფრენია დეპრესიისადმი მიდრეკილების საფუძველი შეიძლება გახდეს. მაღალია დეპრესიის გამეორების ალბათობა იმ პირებში, ვისაც უკვე ჰქონდა დეპრესია.

სიმპტომები

სიმპტომები, როგორც წესი, მრავალფეროვანია და თანდათანობით ვითარდება – დღეების და კვირების განმავლობაში. დეპრესიული პიროვნება მოდუნებული და სევდიანი ან მშფოთვარე და გაღიზიანებული შეიძლება იყოს. ბევრი მათგანი მოკლებულია ემოციებს, მათ შორის მწუხარებას, სიხარულს, სიამოვნებას. უკიდურეს შემთხვევებში სამყარო უფერული და უსიცოცხლო ხდება. ეს პაციენტები შეპყრობილნი არიან საკუთარი თავის დადანაშაულების, თვითდამცირების ფიქრებით და არ შეუძლიათ კონცენტრირება. ისინი შეიძლება გრძნობდნენ სასოწარკვეთილებას, მარტოობას და ჰქონდეთ დაბალი თვითშეფასება. დეპრესიული პიროვნება ხშირად გაუბედავი და განმარტოებულია, იმედგაცრუებული და უსუსურია, ფიქრობს სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე.

სიმპტომები იცვლება დეპრესიის ტიპის მიხედვით:

  • კატატონიური დეპრესია: პაციენტი განმარტოებულია, აზროვნება, მეტყველება და ზოგადი აქტივობა შეიძლება მკვეთრად შენელდეს და საერთოდ შეწყდეს. არ შეუძლია იზრუნოს საკუთარ ბავშვებზე, შინაურ ცხოველებზე, საკუთარ თავზე. ზოგიერთი პაციენტი იმეორებს სხვების მიმიკას, ფრაზებს (ექოლალია) ან მოძრაობებს (ექოპრაქსია).

  • მელანქოლიური დეპრესია: პაციენტი ვეღარ იღებს სიამოვნებას იმ საქმიანობებისგან, რომლებიც ადრე სიხარულს ანიჭებდა; ძირითადად მოწყენილი, სევდიანი და განმარტოებულია; ცოტას ლაპარაკობს, საკვებს არ იღებს და წონაში იკლებს; სახეზე არანაირი ემოცია არ აქვს გამოხატული, ზოგჯერ თავს ზომაგადასულად ან უმართებულოდ იდანაშაულებს.

  • ფსიქოზური დეპრესია: პაციენტებს აქვთ მცდარი აზრები (ბოდვა), ჰგონიათ, რომ ცოდვა ან დანაშაული ჩაიდინეს, ან უკურნებელი, სამარცხვინო სენი აქვთ, ან მათ უთვალთვალებენ და სდევნიან; შეიძლება ჰქონდეთ სმენითი ჰალუცინაციები – ესმით, რომ მათ ადანაშაულებენ ან მათ საქციელს გმობენ; იშვიათად წარმოიდგენენ, რომ ხედავენ კუბოებს ან გარდაცვლილ ნათესავებს.

  • ატიპური დეპრესია: პაციენტებს გამოხატული აქვთ შფოთვა და შიში (განსაკუთრებით საღამოს). მადა გაძლიერებულია, წონაში იმატებენ, დასაწყისში უძილობა აქვთ, შემდეგ სულ უფრო და უფრო დიდხანს სძინავთ. სასიამოვნო მოვლენები ზოგჯერ ამხიარულებთ, მტკივნეულად განიცდიან კრიტიკას და უარს (უარის მიმართ სენსიტიურობა). ზოგიერთი პაციენტი აჟიტირებულია და მოუსვენარი – ხელებს იმტვრევს, განუწყვეტლივ ლაპარაკობს.

დეპრესიული პაციენტების უმეტესობა ძნელად იძინებს, ხშირად იღვიძებს, განსაკუთრებით გამთენიისას. ცუდმა მადამ და წონის დაკარგვამ შეიძლება გამოფიტვა გამოიწვიოს, ქალებში – მენსტრუაციის შეწყვეტა. თუმცაღა მსუბუქი დეპრესიის დროს ხშირია მადის გაძლიერება და წონაში მატება.

ზოგჯერ დეპრესიით შეპყრობილი პაციენტი ფიქრობს, რომ სომატური დაავადება აქვს და ტკივილებს უჩივის, ზოგს უბედურების ან გაგიჟების ეშინია. სხვები წუხან, რომ უკურნებელი ან სამარცხვინო სენი სჭირთ, მაგალითად, სიმსივნე ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადება და ეშინიათ, რომ სხვებს გადასდებენ.

სუიციდი: სიკვდილზე ფიქრი დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სიმპტომია. ბევრ დეპრესიულ პაციენტს სურს სიკვდილი ან ფიქრობს, რომ უნდა მოკვდეს, რადგან უსარგებლოა.

არანამკურნალებ დეპრესიულ პირთა 15% სუიციდით ასრულებს სიცოცხლეს. სუიციდის საფრთხე გადაუდებელი მდგომარეობაა. როდესაც პაციენტი თვითმკვლელობით იმუქრება, ექიმს შეუძლია მისი საავადმყოფოში მოთავსება მასზე მეთვალყურეობის მიზნით მანამ, სანამ მკურნალობა სუიციდის რისკს არ შეამცირებს. რისკი განსაკუთრებით მაღალია შემდეგ სიტუაციებში:

  • დეპრესიას არ მკურნალობენ ან არაადეკვატურად მკურნალობენ;

  • მკურნალობა მცირე ხნის დაწყებულია, პაციენტი ფსიქიკურად და ფიზიკურად გააქტიურებულია, მაგრამ განწყობილება ჯერ კიდევ არ აქვს გამოსწორებული;

  • როდესაც პაციენტი სევდიანია მას შემდეგ, რაც ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდა;

  • მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნისას;

  • როდესაც დეპრესია და მანია ენაცვლება ერთმანეთს;

  • როდესაც პაციენტი ძლიერი შფოთვით არის შეპყრობილი;

  • როდესაც პაციენტი იღებს ალკოჰოლს ან რეკრეაციულ, ან აკრძალულ ნარკოტიკს.

წამალდამოკიდებულება: დეპრესიული პირები მიდრეკილნი არიან ალკოჰოლის ან სხვა რეკრეაციული საშუალებების მიღებისადმი ადვილად ჩაძინების ან შფოთვის შემცირების მიზნით. ამავე დროს, დეპრესია უფრო იშვიათად იწვევს ალკოჰოლიზმსა და წამალდამოკიდებულებას, ვიდრე ეს წინათ მიაჩნდათ. ადამიანები უფრო ხშირად თამბაქოს მოიხმარენ, არაფრად აგდებენ საკუთარ ჯანმრთელობას, რის გამოც სხვა დაავადების (მაგალითად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) განვითარების ან მიმდინარეობის გაუარესების რისკი გაზრდილია.

დისთიმია:დეპრესიით შეპყრობილ ზოგიერთ ადამიანს სიმპტომები მსუბუქად აქვს გამოხატული, თუმცა დაავადება წლობით, ხშირად, ათწლეულობით გრძელდება. ამ ტიპის დეპრესიას დისთიმია ეწოდება; ის მოზარდობის პერიოდში ვლინდება და პიროვნულ ცვლილებებს იწვევს. დისთიმიისთვის დამახასიათებელია დაღვრემილობა, პესიმიზმი, სკეპტიციზმი, იუმორის ნაკლებობა და უხალისობა. ადამიანი პასიურია, ნაკლებად ენერგიული, თავი განცალკევებით უჭირავს, მუდმივად ჩივის, ადვილად აკრიტიკებს სხვებს და საყვედურობს საკუთარ თავს, შეწუხებულია საკუთარი არაადეკვატურობით, წარუმატებლობით, ნეგატიური მოვლენებით; ეს განცდები მას ზოგჯერ ავადმყოფურ სიამოვნებას გვრის.

დიაგნოზი

დიაგნოზი, როგორც წესი, სიმპტომებს ეფუძნება. დეპრესიის არსებობა წარსულში ან დეპრესიის ოჯახური ისტორია ეხმარება ექიმს დიაგნოზის დადასტურებაში. ვინაიდან დეპრესიის დროს ხშირია ძლიერი შფოთვა, პანიკის შეტევა და აკვიატება, ექიმმა შეიძლება შეცდომით შფოთვით აშლილობაზე მიიტანოს ეჭვი.

ხანდაზმულ ადამიანებში დეპრესიის ამოცნობა რთულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ ისინი არ მუშაობენ ან მწირი სოციალური კავშირები აქვთ. გარდა ამისა, დეპრესია შეიძლება შეცდომით დემენციად ჩათვალოს, სიმპტომების მსგავსების გამო. თუმცა დეპრესიით გამოწვეული დემენციის სიმპტომები დეპრესიის მკურნალობისას ქრება, დემენციის სიმპტომები კი უცვლელი რჩება.

დეპრესიის გამოსავლენად და მისი სიმძიმის ხარისხის განსასაზღვრად სტანდარტიზებულ კითხვარებს იყენებენ, სახელდობრ: ჰამილტონის დეპრესიის შეფასების სკალას (ინტერვიუერი ავსებს) და ბეკის დეპრესიის კითხვარს (პაციენტი ავსებს). გარდა ამისა, ექიმები აზუსტებენ, აქვს თუ არა პაციენტს თვითდაზიანების აზრები. ეს უკანასკნელი დეპრესიის სიმძიმის მაჩვენებელია.

არც ერთ გამოკვლევას არ შეუძლია დეპრესიის დადასტურება, თუმცა ლაბორატორიული ტესტები ეხმარება ექიმს იმის დადგენაში, ხომ არ არის დეპრესია გამოწვეული ენდოკრინული ან სხვა სომატური პათოლოგიით. მაგალითად, ტარდება სისხლის ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ამოსაცნობად ან ვიტამინის დეფიციტის განსაზღვრისთვის. ახალგაზრდებში უნდა შემოწმდეს, ხომ არ მოიხმარს პირი ნარკოტიკს. სრული ნევროლოგიური გამოკვლევა უნდა ჩატარდეს პარკინსონის დაავადების გამოსარიცხავად, რომელიც მსგავს სიმპტომებს იწვევს. პაციენტებს, რომელთაც ძილის პრობლემები აქვთ, უნდა ჩაუტარდეთ ტესტი (პოლისომნოგრაფია), რომელიც ძილის დარღვევის დეპრესიისგან გარჩევის საშუალებას იძლევა.

პროგნოზი და მკურნალობა

არანამკურნალები დეპრესია შეიძლება 6 თვიდან რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქად გამოხატული სიმპტომები ხშირად რჩება, ადამიანები ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. თუმცა, ხშირად დეპრესიის ეპიზოდები მეორდება, ცხოვრების მანძილზე საშუალოდ 4-5-ჯერ.

დეპრესიულ პაციენტთა უმეტესობა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ეს უკანასკნელი აუცილებელია, თუ პაციენტს ჰქონდა სუიციდის მცდელობა ან ფიქრობს თავის მოკვლას, დასუსტებულია შიმშილით, ძლიერი აჟიტირების გამო მაღალია გულის დაავადების განვითარების რისკი.

მკურნალობის ძირითადი მეთოდი მედიკამენტების გამოყენებაა. მიმართავენ ფსიქოთერაპიას და ელექტროკრუნჩხვით თერაპიასაც, ზოგჯერ მათ კომბინაციას. დეპრესია, როგორც წესი, იკურნება. თუ დეპრესიის გამომწვევი რაიმე მიზეზი (მაგალითად, ნარკოტიკის მოხმარება ან რომელიმე დაავადება) არსებობს, ჯერ მას მკურნალობენ, მაგრამ, იმავდროულად, ანტიდეპრესანტებსაც იყენებენ.

მედიკამენტური თერაპია: რამდენიმე სახის ანტიდეპრესანტი – სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი-ები), ჰეტეროციკლური ანტიდეპრესანტები, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მოი) და ზოგიერთი სხვა ახალი თაობის პრეპარატი ფართოდ გამოიყენება ფსიქოსტიმულატორებთან ერთად. მედიკამენტის მოქმედების დაწყებისთვის აუცილებელია მისი რეგულარულად მიღება სულ ცოტა რამდენიმე კვირის განმავლობაში. ანტიდეპრესანტების გამოყენებისას დადებითი ეფექტის ალბათობა 65%-ის ტოლია. გვერდითი ეფექტები განსხვავებულია ანტიდეპრესანტის ტიპის მიხედვით. ზოგჯერ, თუ ერთი ანტიდეპრესანტის გამოყენება უშედეგოა, ანტიდეპრესანტების კომბინაციას ნიშნავენ.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი-ები) ყველაზე გავრცელებული ახალი ჯგუფია დეპრესიის სამკურნალოდ. სუსი-ები ეფექტიანია როგორც დეპრესიის და დისთიმიის სამკურნალოდ, ასევე სხვა ფსიქიკური აშლილობების დროს, რომლებიც ხშირად თან ახლავს დეპრესიას. სუსი-ებმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, დიარეა, კანკალი, წონის დაკარგვა და თავის ტკივილი, მაგრამ ეს გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, მსუბუქად არის გამოხატული ან მალე ქრება. პაციენტთა უმეტესობა სუსი-ების გვერდით ეფექტებს უკეთესად იტანს, ვიდრე ჰეტეროციკლური ანტიდეპრესანტების მიღებასთან დაკავშირებულს. ჰეტეროციკლურ ანტიდეპრესანტებთან შედარებით, სუსი-ების უარყოფითი გავლენა ნაკლებია გულზე, თუმცა ზოგიერთი პაციენტი სუსი-ებით მკურნალობის დაწყების შემდეგ პირველი კვირის განმავლობაში ან დოზის გაზრდისას შეიძლება უფრო აჟიტირებული, შეწუხებული ან მშფოთვარე შეიქნეს. მათ ნაწილს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, თუ დაავადება დროულად არ იქნა ამოცნობილი და მკურნალობა არ დაიწყო, სუიციდის მაღალი ალბათობა აქვთ. პაციენტები, რომლებიც იღებენ სუსი-ებს, და მათი ახლობლები უნდა გაფრთხილებული იყვნენ ამის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმს უნდა დაუკავშირდნენ. ამავე დროს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სუიციდს არანამკურნალები პირებიც სჩადიან, ამიტომ საჭიროა გონივრული ბალანსის შენარჩუნება სუიციდის რისკსა და მედიკამენტური მკურნალობის თანმხლებ რისკს შორის. მკურნალობის გახანგრძლივებისას შეიძლება გამოვლინდეს სუსი-ების სხვა გვერდითი ეფექტები, როგორიცაა წონის მატება და სექსუალური დისფუნქცია (პაციენტთა მესამედში). სუსი-ების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, შფოთვა, გაღიზიანებადობა, თავბრუხვევა და გაცივების მსგავსი სიმპტომები.

უახლესი ანტიდეპრესანტები ისევე ეფექტიანია, როგორც სუსი-ები და მსგავსი გვერდითი ეფექტები აქვს. ეს მედიკამენტებია:

  • ნორეპინეფრინ-დოფამინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები

  • სეროტონინის მოდულატორები

  • სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები

ისევე, როგორც სუსი-ებით მკურნალობისას, სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში. მედიკამენტის მიღების უეცარი შეწყვეტა მოხსნის სინდრომს იწვევს.

ჰეტეროციკლური (ტრიციკლურის ჩათვლით) ანტიდეპრესანტებიწარსულში მკურნალობის ძირითადი საშუალებები იყო, თუმცა ამჟამად ნაკლებად გამოიყენება, რადგან გვერდითი მოვლენები მეტი აქვს, ვიდრე სხვა ანტიდეპრესანტებს. ხსენებული მედიკამენტები ხშირად იწვევს ძილიანობას და წონის მატებას, შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და ფეხზე წამოდგომისას სისხლის წნევის დაცემა. სხვა გვერდითი ეფექტებია მხედველობის დარღვევა, პირის სიმშრალე, ცნობიერების დაბინდვა, ყაბზობა და შარდვის გაძნელება. ამ გვერდით მოვლენებს ანტიქოლინერგულ ეფექტს უწოდებენ. ჰეტეროციკლური ანტიდეპრესანტების უეცარმა შეწყვეტამ, სუსი-ების მსგავსად, შეიძლება მოხსნის სინდრომი გამოიწვიოს.

მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მოი) შეიძლება ეფქტური იყოს, მაგრამ ინიშნება იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა სხვა ანტიდეპრესანტები უეფექტოა. პაციენტებმა, რომლებიც მოი-ს იღებენ, უნდა დაიცვან სპეციალური დიეტა და ფრთხილად იყვნენ, რომ არ განვითარდეს სერიოზული რეაქცია, რომელიც გამოიწვევს არტერიული წნევის უეცარ, მკვეთრ მატებას და ძლიერ თავის ტკივილს (ჰიპერტონიული კრიზი). კრიზმა შეიძლება ინსულტი გამოიწვიოს.

ზემოხსენებულის თავიდან ასაცილებლად პაციენტმა:

  • არ უნდა მიიღოს საკვები ან სასმელი, რომელიც შეიცავს თირამინს. მაგალითად, ჩამოსასხმელი ლუდი, წითელი ღვინო, ალუბლის ლიქიორი, ხანგასული პროდუქტები, სალიამი, დაძველებული ყველი, საფუარის ექსტრაქტი, დაკონსერვებული ლეღვი, ქიშმიში, იოგურტი, ყველი, არაჟანი, დამარილებული ქაშაყი, ხიზილალა, ღვიძლი, დაკონსერვებული ხორცი და სოიის სოუსი;

  • არ უნდა მიიღოს ფსევდოეფედრინი, რომელსაც შეიცავს ურეცეპტოდ გასაცემი ხველის და გაცივების საწინააღმდეგო წამლები;

  • არ უნდა მიიღოს დექსტრომეტორფანი (ხველის საწინააღმდეგო), რეზერპინი (ჰიპოტენზიური) ან მეპერიდინი (ანტიალერგიული);

  • თან უნდა ატაროს ანტიდოტი, მაგალითად, ქლორპრომაზინის ტაბლეტები; თუ დაეწყება ძლიერი, პულსირებადი თავის ტკივილი, უნდა მიიღოს ერთი ტაბლეტი და მიაკითხოს უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას.

პაციენტები, რომლებიც იღებენ მოი-ს, უნდა მოერიდონ სხვა ანტიდეპრესანტებს, მათ შორის ჰეტეროციკლურ ანტიდეპრესანტებს, სუსი-ებს, ბუპროპიონს და სეროტონინის მოდულატორებს (მირტაზაპინი, ნეფაზოდონი, ვენლაფაქსინი). სხვა ანტიდეპრესანტთან ერთად მოი-ს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატება, კუნთების დაშლა, თირკმლების უკმარისობა და გულყრა. ამ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც შეიძლება ფატალური აღმოჩდეს, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი ეწოდება.

ფსიქოსტიმულატორები, როგორიცაა დექსტროამფეტამინი და მეთილფენიდატი, ზოგჯერ გამოიყენება, ხშირად ანტიდეპრესანტთან ერთად.

კრაზანა(Hypericum perforatum – ისტორიულად ითვლებოდა ბოროტი სულის, ავადმყოფობის განსადევნად) – მცენარეული დანამატია, ზოგჯერ გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის დროს, თუმცა მისი ეფექტურობა არ არის დადასტურებული. სხვა მედიკამენტებთან შესაძლო საზიანო ურთიერთქმედების გამოექიმის კონსულტაცია აუცილებელია.

ფსიქოთერაპია: მსუბუქი დეპრესიის დროს ფსიქოთერაპია შესაძლოა ისევე ეფექტიანი აღმოჩნდეს, როგორც მედიკამენტური მკურნალობა. მძიმე დეპრესიის შემთხვევაში მიზანშეწონილია ზემოხსენებულების კომბინაცია. ანტიდეპრესანტებით მიღწეული გაუმჯობესების ფონზე ინდივიდუალური ან ჯგუფური ფსიქოთერაპია შეიძლება დაეხმაროს პაციენტს ძველი ვალდებულებების თანდათანობით აღდგენასა და ცხოვრების ნორმალურ ტემპთან შეგუებაში. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია შეიძლება დაეხმაროს უიმედობის დაძლევასა და ნეგატიური აზრების შეცვლაში.

ელექტროკრუნჩხვითი თერაპია: ელექტროკრუნჩხვით თერაპიას ზოგჯერ იყენებენ იმ პაციენტების სამკურნალოდ, ვინც ღრმა დეპრესიაშია, აქვს ფსიქოზი, იმუქრება სუიციდით და უარს ამბობს საკვებზე; ის, გარდა ამისა, ორსულობის დროს დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება. მკურნალობის ეს სახე, ჩვეულებრივ, ეფექტიანია და სწრაფად მოქმედებს, ანტიდეპრესანტები კი მოქმედებას რამდენიმე კვირაში იწყებს. სწრაფმა ეფექტმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს. ელქტროკრუნჩხვითი თერაპიის დროს თავზე ელექტროდები მაგრდება და ზოგადი ანესთეზიის ფონზე ტვინში ელექტრული ნაკადის სერიებით ხანმოკლე კრუნჩხვას იწვევენ. გაურკვეველი მიზეზით კრუნჩხვები ამცირებს დეპრესიას. როგორც წესი, 5-დან 7 სეანსამდე ტარდება, თითო სეანსი დღეგამოშვებით. ელექტროკრუნჩხვით თერაპიას შეიძლება მოჰყვეს მეხსიერების ხანმოკლე, იშვიათად – ხანგრძლივი დაკარგვა.