ციკლოთიმიური აშლილობა | მკურნალი.გე
  1. ციკლოთიმიური აშლილობა
  2. გუნება-განწყობილების აშლილობა
  3. ფსიქიკური დაავადებები
ციკლოთიმიური აშლილობა

ციკლოთიმიური აშლილობისას ზეაწეული გუნება-განწყობილების შედარებით მსუბუქ და ხანმოკლე ეპიზოდებს (ჰიპომანია) ენაცვლება ასევე მსუბუქი და ხანმოკლე სევდიანობის (დეპრესია) პერიოდები.

ციკლოთიმიური აშლილობა მოგვაგონებს ბიპოლარულ აშლილობას, მაგრამ მასთან შედარებით ნაკლებად მძიმეა. ზეაწეული გუნება-განწყობილებისა და სევდიანობის ეპიზოდები ნაკლები ინტენსივობისაა, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება, მეორდება საკმაოდ ხშირად, არათანაბარი ინტერვალებით. ეს აშლილობა შესაძლებელია გადაიზარდოს ბიპოლარულ აშლილობაში ან გაგრძელდეს განსაკუთრებული ჭირვეულობის სახით.

ციკლოთიმიამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ლიდერობაში წარმატებას ბიზნესსა თუ მხატვრულ შემოქმედებაში. იმავდროულად შესაძლებელია არათანაბარი შედეგები შრომასა და სწავლაში, საცხოვრებლის ხშირი გამოცვლა, ხშირად ხელის მოცარვა რომანტიკულ ურთიერთობებსა და ქორწინებაში; შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლიზმზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება.

მკურნალობა

მშფოთვარე ინტერპერსონული ურთიერთობების გამო ციკლოთიმიით ცხოვრება რთულია. ამიტომ ადამიანებმა უნდა ისწავლონ, როგორ იცხოვრონ ტემპერამენტის ასეთი უკიდურესი ცვლილებებისადმი თავიანთი მიდრეკილებით. ამას შეიძლება ხელი შეუწყოს სამსახურმა არაფიქსირებული სამუშაო დროით ან შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების სახელოვნებო კარიერისადმი სწრაფვამ.

როცა აშლილობა ხელს უშლის ნორმალურ ფუნქციონირებას, შესაძლებელია გუნება-განწყობილების სტაბილიზატორების (ლითიუმი და ანტიკოლვუნსანტები) გამოყენება. ზოგიერთ ანტიკოლვულსანტს პაციენტები ლითიუმზე უკეთ იტანენ. ანტიდეპრესანტები არ გამოიყენება, თუ დეპრესია არ არის მძიმე და არ გრძელდება საკმარისად დიდხანს. სხვა შემთხვევაში, ანტიდეპრესანტებმა შესაძლოა გამოიწვიოს გუნება-განწყობილების ხშირი ცვლა – სწრაფი ციკლები.

მხარდაჭერის ჯგუფებში იმართება შეხვედრები საერთო გამოცდილებისა და შეგრძნებების გასაზიარებლად.