დეპერსონალიზაციური აშლილობა | მკურნალი.გე
  1. დეპერსონალიზაციური აშლილობა
  2. დისოციაციური აშლილობები
  3. ფსიქიკური დაავადებები
დეპერსონალიზაციური აშლილობა

დეპერსონალიზაციური აშლილობისას ადამიანს აქვს საკუთარი სხეულისგან ან მენტალური პროცესებისგან განცალკევების მუდმივი ან პერიოდული შეგრძნება (დეპერსონალიზაცია), აგრეთვე, იმისი განცდა, რომ საკუთარ ცხოვრებას გარედან აკვირდება.

  • აშლილობის განვითარებაში სიცოცხლისთვის საშიში ან სხვა მძიმე სტრესი ხშირად გამშვები მექანიზმის როლს ასრულებს;

  • განცდა, რომ საკუთარი "მე" განცალკევებულია, შეიძლება არსებობდეს მუდმივად ან პერიოდულად;

  • როდესაც შესაძლო მიზეზის გამოსარიცხავად ყველა გამოკვლევა ჩატარებულია, აშლილობის დიაგნოზისთვის ფსიქოლოგიურ ტესტირებას მიმართავენ;

  • ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დაეხმაროს ფსიქოთერაპია და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია.

დისტანცირების დროებითი განცდა (დეპერსონალიზაცია) შფოთვის და დეპრესიის შემდეგ მესამე ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური სიმპტომია. ეს შეგრძნება ხშირად თავს იჩენს, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან იგი გარკვეულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს (მაგალითად, მარიხუანა, ჰალუცინოგენები, კეტამინი, ექსტაზი) იღებს, ან ძლიერ გადაღლილია, ან უძილობა აქვს, ან მოკლებულია სენსორულ სტიმულაციას (მაგალითად, თუ პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება). დეპერსონალიზაციური აშლილობა გვხვდება მოსახლეობის დაახლოებით 2%-ში.

სიმპტომები

ადამიანები გრძნობენ, რომ დაშორებული არიან საკუთარ სხეულს, გონებას, გრძნობებსა და შეგრძნებებს. ისინი ზოგჯერ ამბობენ, რომ თავს გრძნობენ არარეალურად, თითქოს ავტომატები არიან ან სიზმარში არიან, ან როგორღაც მოსწყდნენ სამყაროს. საკუთარი თავი შეიძლება დაახასიათონ როგორც "მოსიარულე მიცვალებული". სიმპტომები თითქმის ყოველთვის იწვევს ძლიერ დისკომფორტს, ზოგიერთისთვის – აუტანელ შეგრძნებებს.

სიმპტომები პაციენტების ორ მესამედს მუდმივად აღენიშნება, ერთ მესამედს კი პერიოდულად. ზოგჯერ სიმპტომების ეპიზოდურობა მათი მუდმივობით იცვლება.

ადამიანს ხშირად უჭირს სიმპტომების აღწერა და შეიძლება გაგიჟების შიში გაუჩნდეს ან ირწმუნოს, რომ გაგიჟდა, თუმცა, ყოველთვის აცნობიერებს, რომ მისი განცდები არარეალურია, რომ ეს მხოლოდ მისი შეგრძნებებია. სწორედ ამისი გაცნობიერება განასხვავებს დისოციაციურ აშლილობას ფსიქოზური აშლილობისგან. ამ უკანასკნელის დროს ადამიანებს ყოველთვის აკლიათ გაგების უნარი.

დიაგნოზი

დიაგნოზი სიმპტომებს ეფუძნება. ფიზიკური გამოკვლევა და ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტი იმისთვის ტარდება, რომ გამოირიცხოს ესა თუ ის დაავადება, მათ შორის სხვა ფსიქიკური აშლილობა და წამალდამოკიდებულება, რომელმაც შეიძლება არსებული სიმპტომები გამოიწვიოს. გამოიყენება ისეთი გამოკვლევებიც, როგორიცაა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ), და შარდის ანალიზი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველობაზე. ფსიქოლოგიური ტესტირება და სპეციალური სტრუქტურირებული ინტერვიუ შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს დიაგნოზის დასადასტურებლად.

მკურნალობა და პროგნოზი

დეპერსონალიზაციური აშლილობა ხშირად მკურნალობის გარეშე ქრება. მკურნალობა საჭიროა, როდესაც აშლილობა მყარია, მეორდება და დისტრესს იწვევს. ზოგ შემთხვევაში ეფექტიანია დინამიკური ფსიქოთერაპია და კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპია. დეპერსონალიზაციური აშლილობა ხშირად ან დაკავშირებულია სხვა ფსიქიკურ აშლილობასთან, ან პროვოცირებულია სხვა ფსიქიკური აშლილობით, რომელიც მკურნალობას საჭიროებს. ნებისმიერი სტრესი, რომელმაც დეპერსონალიზაციური აშლილობა გამოიწვია, გასათვალისწინებელია მკურნალობის პროცესში.

ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს:

  • კოგნიტური მეთოდები – ყოფიერების არარეალურობის აკვიატებული აზრის დასაბლოკავად;

  • ქცევითი მეთოდები – შეიძლება დაეხმაროს ინდივიდს, დაკავდეს ისეთი ამოცანებით, რომლებიც ხელს შეუწყობს დეპერსონალიზაციური განცდებიდან ყურადღების გადატანას;

  • დამიწების მეთოდები – გამოიყენება ხუთი გრძნობის ორგანო (სმენა, შეხება, ყნოსვა, გემოვნება და მხედველობა) იმისათვის, რომ ინდივიდმა უკეთ შეიგრძნოს საკუთარი თავი და სამყარო. მაგალითად, ხმამაღალი მუსიკის ჩართვა ან ყინულის ნატეხის ჩადება ხელში. ამ შეგრძნებების უგულებელყოფა ძნელია; ეს კი ეხმარება ინდივიდს მოცემულ მომენტში საკუთარი თავის შეცნობაში;

  • ფსიქოდინამიკური მეთოდები – ეხმარება პაციენტს ცნობიერიდან განდევნილი აუტანელი კონფლიქტებისა და მათთან დაკავშირებული განცდების გადამუშავებაში.

მკურნალობით შესაძლებელია გარკვეული გაუმჯობესება, ხშირად – სრული განკურნება, განსაკუთრებით იმ პირებისა, რომელთა აშლილობა დაკავშირებულია სტრესებთან, რომლებიც მკურნალობისას გათვალისწინებული იყო. ზოგიერთი პაციენტი მკურნალობას კარგად არ ექვემდებარება, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი მდგომარეობა შეიძლება თავისთავად გაუმჯობესდეს. რჩება მცირერიცხოვანი კონტინგენტი, რომელიც არ რეაგირებს არანაირ მკურნალობაზე. შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტები და ანტიდეპრესანტები ზოგჯერ ეფექტიანია, განსაკუთრებით თანმხლები შფოთვის ან დეპრესიის არსებობისას.