ვიტამინები და მინერალები | მკურნალი.გე
  1. ვიტამინები და მინერალები
  2. კვების ზოგადი მიმოხილვა
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
ვიტამინები და მინერალები

ვიტამინები და მინერალები განეკუთვნებიან აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. ორგანიზმს არ შესწევს მათი სინთეზის უნარი, ასე რომ, ამ ნივთიერებების მიღების ერთადერთ წყაროს საკვები წარმოადგენს.

ვიტამინები კლასიფიცირებულია წყალსა და ცხიმში ხსნადობის მიხედვით. წყალში ხსნადი ვიტამინებია: C ვიტამინი და B ჯგუფის რვა წარმომადგენელი, ცხიმში ხსნადი ვიტამინებია D, E და K. ვიტამინების მხოლოდ გარკვეულ სახეობებს A, E და B12-ს აქვთ უნარი, ორგანიზმში დეპოს სახით დაგროვდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ზოგიერთი მინერალი საკმაოდ დიდი რაოდენობით (1 ან 2გ დღეში) სჭირდება ორგანიზმს დღის მანძილზე. ამ მინერალებს მაკროელემენტებს (მაკრონუტრიენტებს) უწოდებენ. მათ მიეკუთვნება: კალციუმი, ქლორი, მაგნიუმი, ფოსფორი (ორგანიზმში ძირითადად გვხვდება ფოსფატის სახით), კალიუმი და ნატრიუმი. მინერალები, რომლებზეც ორგანიზმის მხრიდან ყოველდღიური მოთხოვნა მცირეა (მიკროელემენტები) გაერთიანებულია მიკრონუტრიენტების ჯგუფში. ესენია: ქრომი, სპილენძი, ფთორი, იოდი, რკინა, მაგნიუმი, მოლიბდენი, სელენიუმი და თუთია. ყველა ეს მინერალი, გარდა ქრომისა, ჩართულია ფერმენტებისა და ჰორმონების შემადგენლობაში, რომლებიც მეტაბოლიზმისთვისაა აუცილებელი. ქრომი ხელს უწყობს ორგანიზმს, სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებაში. ისეთი მიკროელემენტები, როგორიცაა დარიშხანი, კობალტი, ფთორი, ნიკელი, კრემნიუმი და ვანადიუმი, აუცილებელია ცხოველთა კვებისას, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, ადამიანებისთვის მათი საჭიროებისა.

ფთორიდი უზრუნველყოფს ძვლებსა და კბილებში მინერალების სტაბილურ კონცენტრაციას, იგი ქმნის მყარ კომპლექსს კალციუმთან და ხელს უწყობს კბილების სიმყარეს.

ჩამოთვლილი ყველა მიკროელემენტი ტოქსიკურია, ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში, ზოგიერთ მათგანს (მაგ.: დარიშხანი, ნიკელი და ქრომი) გააჩნია კიბოს გამომწვევი თვისებებიც.

ვიტამინების ზოგიერთ სახეობებს (მაგ.: ვიტამინი C და E) და მინერალებს (როგორიცაა სელენიუმი) გააჩნიათ ანტიოქსიდანტური მოქმედება, მსგავსი თვისებებით ხასიათდება სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულში არსებული ნივთიერება (ბეტა-კაროტინი). ანტიოქსიდანტები იცავენ უჯრედებს სხვადასხვა დამზიანებელი აგენტებისაგან, კერძოდ, თავისუფალი რადიკალებისაგან, რაც ნორმალური უჯრედის ცხოველქმედების შუალედურ პროდუქტებს წარმოადგენენ. თავისუფალი რადიკალები სწრაფად ერთვებიან ქიმიურ რეაქციებში, რომელთაგან გარკვეული ნაწილი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, ხოლო ნაწილი კი საზიანო. არსებობს მოსაზრება, რომ თავისუფალი რადიკალები ხელს უწყობენ გულისა და სისხლძარღვების დაავადების და კიბოს განვითარებას. პაციენტები, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ ანტიოქსიდანტებით მდიდარ ხილს და ბოსტნეულს, ნაკლებად უვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბოს გარკვეული ფორმები. მიუხედავად ამისა, დაზუსტებით არ შეიძლება ითქვას, ხილისა და ბოსტნეულის ეს თვისებები მხოლოდ ანტიოქსიდანტებთან არის თუ არა კავშირში, რადგან ხილის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებები ბოლომდე არ არის შესწავლილი.

ხილისა და ბოსტნეულის სახით მიღებულ ვიტამინებსა და მინერალებს ენიჭებათ უპირატესობა ბიოლოგიურ დანამატებთან შედარებით, რადგან კვებითი დანამატებისაგან განსხვავებით, ხილ-ბოსტნეული შეიცავს ჯანმრთელობისათვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებსაც. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ყოველთვის კარგად დაბალანსებული, ჯანსაღი კვების უზრუნველყოფა საკმაოდ რთულია, ამიტომაც მოწოდებულია დღიურად დოზირებული ვიტამინებისა და სასარგებლო მინერალების კომპლექსის მიღება, განსაკუთრებით არარაციონალური კვების დროს.