1. დიეტა
  2. კვების ზოგადი მიმოხილვა
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
დიეტა

დიეტა წარმოადგენს შერჩევით კვებით რაციონს, რომელსაც ადამიანი იღებს გარკვეული მიზნით (წონის კლების, წონის მატების, ცხიმების შეზღუდვის, ნახშირწყლების შეზღუდვის) ან განსაკუთრებული მიზნის გარეშე. ტერმინი "დიეტა" ხშირად მოიაზრებს წონაში კლებასთან ასოცირებულ კვების რეჟიმს, რომელიც პაციენტების საკმაოდ დიდი ნაწილის აკვიატებული იდეაა.

სტანდარტული ჯანსაღი დიეტა ბავშვებისთვისა და მოზრდილებისთვის ეფუძნება მოთხოვნილებებს, რომელიც გააჩნია იმ საშუალო ადამიანის ორგანიზმს, რომელსაც:

  • არ სჭირდება წონაში კლება ან მატება

  • არ საჭიროებს დიეტას რაიმე დაავადების, რისკ-ფაქტორების არსებობის ან ასაკის გამო

  • ხარჯავენ ენერგიის საშუალო მოცულობას ვარჯიშის დროს ან სხვა სახის ენერგიული აქტივობისას

აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი დიეტა კონკრეტული პირისთვის შესაძლოა რადიკალურად განსხვავდებოდეს სტანდარტული ჯანსაღი რაციონისგან, რამეთუ გასათვალისწინებელია არსებული დაავადება, ასაკი. მაგ.: სპეციფიკური დიეტა დგება პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ დიაბეტი, თირკმლის და ღვიძლის სხვადასხვა დაავადება, კორონარული არტერიების დაავადება, ქოლესტერინის მაღალი დონე, ოსტეოპოროზი, დივერტიკულური დაავადება, ქრონიკული შეკრულობა ან გაზრდილი მგრძნობელობა გარკვეული სახეობის საკვების მიმართ.

არსებობს სპეციალურად შემუშავებული დიეტური რეკომენდაციები (გაიდლაინები) მცირე ასაკის ბავშვებისთვის და სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის, როგორიცაა მოხუცები.

წონაში კლებისთვის განკუთვნილი დიეტა

იმისათვის, რომ ორგანიზმმა დაიწყოს წონის დაკარგვა, საჭიროა, ადამიანის მიერ ყოველდღიურად მიღებული კალორიების რაოდენობა იყოს ნაკლები სხეულის მიერ ენერგიის სახით მოხმარებულ ყოველდღიურ კალორიებზე. 1/2 ფუნტი (1 ფუნტი = 0,453 კგ) ცხიმის დასაკლებად საჭირო დიეტა გულისხმობს 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 200-ით ნაკლები კალორიის მიღებას სხეულის მიერ მოხმარებულ კალორიებთან შედარებით ან 400 კალორიით ნაკლების მიღებას 5-7 დღის განმავლობაში. 1 ფუნტი ცხიმი დაახლოებით 3,500 კალორიას შეესაბამება.

წონაში კლების კონსერვატიულ დიეტათა უმრავლესობა გულისხმობს დღიური კალორაჟის შემცირებას, არა უმეტეს 1200-დან 1400 კალორიამდე. თუ აუცილებელია წონაში სწრაფი კლება, დღიური კალორაჟი შესაძლოა 1200-ზე ნაკლები იყოს, მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ამ დროს აღნიშნული კალორაჟი უნდა მოიცავდეს ორგანიზმისათვის აუცილებელ ნივთიერებებს, როგორიცაა ცილები, რკინა და კალციუმი. დღეში 800 კალორიაზე ნაკლების მიღება არ ზრდის წონის კლების მოცულობას და მძიმდება პაციენტის თვითშეგრძნება.

ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე წონის დასაკლები დიეტა გულისხმობს, ჯანსაღი კვების ჩვეულებრივ რაციონს, რომელშიც მეტი რაოდენობითაა ბოჭკოს და წყლის შემცველობა, ამასთანავე შემცირებულია ნაჯერი ცხიმების და შაქრის შემცველობა და საკვები მოიცავს აუცილებელ ნივთიერებებს ანტიოქსიდანტების ჩათვლით. ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგადი რეკომენდაციები დაეხმარებათ პაციენტებს წონის კლებაში.

  • საკვები პროდუქტების იარლიყის წაკითხვა: პაციენტებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ნაყიდი საკვების და სასმელი პროდუქტის შემადგენლობას და კალორიების რაოდენობას, რაც მნიშვნელოვანია ეფექტური დიეტის დაგეგმვისათვის.

  • კალორიების დათვლა: პაციენტები ითვლიან მიღებული კალორიების რაოდენობას, რაც ეხმარება მათ ზედმეტი კალორიების მიღების თავიდან აცილებაში.

  • მაღალი კვებითი ღირებულების და დაბალკალორიული საკვების შერჩევა: დაბალკალორიული დიეტისას რთულია აუცილებელი ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით მიღება, ეს განსაკუთრებით ეხება ვიტამინებს და მინერალებს. ამიტომ პაციენტმა უნდა შეარჩიოს დაბალკალორიული და მაღალი კვებითი ღირებულების საკვები. ცეხვილი მარცვლეული და ცეხვილი მარცვლეულისგან მომზადებული ვიტამინებით გამდიდრებული პური საუკეთესო არჩევანია. ფერადგულიანი ხილი და ბოსტნეული (როგორიც არის მარწყვი, ატამი, ბროკოლი, ისპანახი) უფრო მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა, ვიდრე არაფერადგულიანი ხილი და ბოსტნეული.

  • ხშირი კვება მცირე ულუფებით: აღნიშნული სტრატეგია ეხმარება პაციენტს წონაში კლებაში რამდენიმე მიზეზის გამო. ყოველი კვების შემდეგ სისხლში ჩვეულებრივ იმატებს ინსულინის დონე, ინსულინი გაცილებით მეტი გამომუშავდება, როცა საკვები ბევრი და მაღალკალორიულია, განსაკუთრებით – ნახშირწყლების მაღალი შემცველობისას. ჭარბი ინსულინი ხელს უწყობს ცხიმის დეპონირებას და მადის გაძლიერებას. მცირე ულუფებით ხშირი კვებისას შესაძლებელია ინსულინის დონის მატების, ცხიმის დეპონირების თავიდან აცილება და შესაბამისად, ასეთი კვება გვეხმარება მადის დათრგუნვაში.

  • დღის გარკვეულ დროს გარკვეული სახის პროდუქტების მიღება: სწრაფი ენერგეტიკული პროდუქტების, მაგალითად, ნახშირწყლების მიღება უმჯობესია მაშინ, როცა ადამიანი მეტ ენერგიას საჭიროებს, მაგ.: დილით ან ენერგიული ვარჯიშისას. ორგანიზმი ყველაზე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს საღამოს და კიდევ უფრო ცოტას – ძილის დროს, ამიტომ საღამოს ნახშირწყლებით მდიდარ საკვებზე უარის თქმა ხელს შეუწყობს წონის კლებას.

  • ცხიმისა და შაქრის შემცვლელების გამოყენება: აღნიშნული ნივთიერებები და საკვები შესაძლოა დაეხმარონ პაციენტებს, შეამცირონ კალორიების მიღება, მიუხედავად ამისა, გარკვეულ შემთხვევებში შაქრის შემცვლელები გავლენას ახდენენ ნივთიერებათა ცვლაზე და აფერხებენ წონაში კლების პროცესს.

  • ვარჯიში: ფიზიკური აქტივობის გაზრდა ვარჯიშის სახით დიეტასთან კომბინაციაში, მკვეთრად ზრდის წონაში კლების შესაძლებლობას. ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმი მოიხმარს კალორიების გაზრდილ რაოდენობას. მაგ.: ფეხით ჩქარი სიარულის დროს ორგანიზმი ხარჯავს წუთში 4 კალორიას, ასე რომ, დღეში 1 საათის განმავლობაში სწრაფი სიარულით შესაძლებელია 240 კალორიის დაკარგვა. სირბილი კიდევ უკეთესია – ამ დროს დახარჯული კალორიების რაოდენობა წუთში 6-დან 8-მდეა.

პაციენტების უმრავლესობა მიმართავს წონაში დასაკლებ სპეციალურ დიეტებს.

ცილებით მდიდარი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტები: ცილის მაღალი და მარტივი ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტები საკმაოდ პოპულარულია წონაში კლების დიეტებს შორის. ამ დიეტების უმრავლესობაში ჩვეულებრივ შეზღუდულია ცხიმი, რადგან ის შეიცავს ბევრ კალორიას, თუმცა არის ცილებით მდიდარი დაბალნახშირწყლოვანი დიეტები, სადაც ცხიმი არ იზღუდება. მაგ.: ატკინსის დიეტა. ამ დიეტის არსი მდგომარეობს შემდგომში: ცხიმები, რომლებიც ნელა იწვება და ცილები უზრუნველყოფენ ენერგიის თანამიმდევრულ წარმოქმნას, რაც ნაკლებად შესაძლებელს ხდის წონის მატებას. ამასთანავე, აღნიშნული პროდუქტები იწვევენ პაციენტების ხანგრძლივ დანაყრებას, განსხვავებით ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებისგან, რომლებიც ადვილად მოინელებიან და კუჭი სწრაფად ცარიელდება. ნახშირწყლები ასტიმულირებენ ინსულინის პროდუქციას, რაც ხელს უწყობს ცხიმის დეპონირებას და მადის გაზრდას.

ამ დიეტების დროს წონაში კლების ერთ-ერთ მიზეზს ისიც წარმოადგენს, რომ პაციენტებს ჰბეზრდებათ დასაშვები პროდუქტების სრული ჩამონათვლის მიღება და იკვებებიან ნაკლები კალორიებით.

ზოგიერთი ექსპერტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებისგან თავის შეკავება ეხმარება პაციენტებს წონაში კლებაში, განსაკუთრებით ეს ეხება დაბალნახშირწყლოვან დიეტებს. მათი აზრით, გლიკემიური ინდექსი ნაკლებმნიშვნელოვანია ნახშირწყლოვან საკვებში კალორიების რაოდენობასთან შედარებით. დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დროს განსხვავება, თუ რამდენად სწრაფად შეიწოვება ნახშირწყლები სხვადასხვა პროდუქტებიდან (მათი განსხვავებული გლიკემიური ინდექსიდან გამომდინარე), იმდენად მცირეა, რომ დიეტაზე მყოფი პირებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება.

მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების აკრძალვა ხშირად ამცირებს ორგანიზმისთვის ღირებული ვიტამინების და მინერალების მიღების შესაძლებლობას. ექსპერტები ასევე არ ეთანხმებიან გლიკემიური დატვირთვის (გლიკემიურ ინდექსს დამატებული საკვებში შემავალი ნახშირწყლების რაოდენობა) განსაკუთრებულ მნიშვნელობას წონაში კლების თვალსაზრისით. მათი გარკვეული ნაწილი არ უწევს რეკომენდაციას ცილებით მდიდარ ხანგრძლივ დიეტას. არსებობს მტკიცებულებები, რომ წლების მანძილზე პროტეინებით (ცილებით) მდიდარი დიეტა ამცირებს თირკმლის ფუნქციას და მოგვიანებით იწვევს თირკმლის უკმარისობას, განსაკუთრებით ხანში შესულ პირებში. პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება, არ უნდა გამოიყენონ მაღალპროტეინული დიეტები. ცილებით მდიდარი დიეტის დროს შესაძლებელია დაჩქარდეს გარკვეული მედიკამენტების ათვისება ორგანიზმში და გაიზარდოს პრეპარატის ეფექტიანობა.

ნახშირწყლების ძალიან შემცირებული მოხმარებისას (დღეში 100 გრამზე ნაკლები), შესაძლოა, ორგანიზმში დაიწყოს კეტონური მჟავების მოჭარბებული დაგროვება (კეტოზი). როდესაც სხეულს არ აქვს საკმარისი ენერგია, იწყება ცხიმების დაშლა. ამ პროცესის დროს გამოთავისუფლდება კეტონური სხეულები. მცირე მოცულობის შემთხვევაში კეტომჟავები ადვილად გამოიყოფა (ექსკრეტირდება) თირკმელების საშუალებით და არანაირ სიმპტომებს არ იწვევენ, ხოლო მათი ჭარბი რაოდენობით არსებობისას, შესაძლოა პაციენტს დაეწყოს ღებინება, სისუსტე, სუნთქვის პრობლემები და სხვა სერიოზული გართულებები, როგორიცაა: თავბრუხვევა (გაუწყლოების შემთხვევაში), გულის რიტმის დარღვევები (ელექტროლიტების დისბალანსის გამო). პაციენტებმა, რომლებიც იცავენ დაბალნახშირწყლოვან (ან წონის კლებისთვის განკუთვნილ სხვა სახის) დიეტას, უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი, რათა მოხდეს კეტონური სხეულების ორგანიზმიდან გამოდევნა.

დაბალნახშირწყლოვან დიეტას ახასიათებს საკმაოდ დიდი მასის კლების ტენდენცია, დიეტის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, როდესაც ორგანიზმი ღვიძლში არსებული ნახშირწყლების (გლიკოგენის) მარაგს ენერგიად გარდაქმნის. გლიკოგენის დაშლისას ორგანიზმი გამოყოფს დიდი რაოდენობით წყალს, რაც ემატება დაკარგული წონის მაჩვენებელს. როგორც კი სხეული ენერგიის მისაღებად იწყებს ცხიმების დაშლას, წონაში კლების სიჩქარე მცირდება. პაციენტებს, რომლებიც იცავენ დაბალნახშირწყლოვან დიეტებს, შეუძლიათ ჩაანაცვლონ აკრძალული ნახშირწყლები ცხიმებით. ასეთ შემთხვევებში საყურადღებოა, რომ ცხიმებით მიღებული კალორაჟი არ აღემატებოდეს ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიას, აღნიშნულის არსებობისას კლების პროცესი ჩერდება გლიკოგენის მოხმარების შემდეგ.

დაბალცხიმოვანი დიეტები: თითოეული გრამი ცხიმი შეიცავს გაცილებით მეტ კალორიას და დეპონირებულია ორგანიზმში ფენების სახით ცილებისა და ნახშირწყლებისგან განსხვავებით. შესაბამისად, ცხიმის რაოდენობის შემცირებით, ნახშირწყლების და ცილების კლების გარეშე, შესაძლოა უფრო ადვილად შევამციროთ ყოველდღიურად მიღებული კალორიების რაოდენობა. გასათვალისწინებელია, რომ ცხიმის მცირე შეზღუდვის პირობებშიც კალორიების დიდი რაოდენობა აკლდება ორგანიზმს. გამოთვლილია, დღეში 10გ ცხიმის შეზღუდვისას დღიური კალორაჟი 90 კალორიით მცირდება. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, საუკეთესო მიზეზი, რისთვისაც უნდა დავიცვათ დაბალცხიმიანი დიეტა, მაინც არის სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითება. მაღალი ქოლესტერინი კი ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, რომელიც შემდგომში გულის შეტევის ან ინსულტის განვითარებას იწვევს. ქოლესტერინის დონის კლება კი იცავს ან აფერხებს ორგანიზმში ათეროსკლეროზის განვითარებას და ამავდროულად დაბალცხიამიანი დიეტა ითვლება წონის კლებისთვის განკუთვნილ ყველაზე ჯანსაღ დიეტად.

დიეტა ბოჭკოს მაღალი შემცველობით: ბოჭკო ირიბად ხელს უწყობს წონაში კლებას, რაც ხორციელდება რამდენიმე გზით:

  • ასეთი საკვები მოცულობითია, რაც სწრაფად ანაყრებს პაციენტს

  • ის ანელებს კუჭის დაცლის პროცესს, რაც უზრუნველყოფს პაციენტის ხანგრძლივად დანაყრების შეგრძნებას

  • ბოჭკო ძნელად დასაღეჭია, რის გამოც პაციენტი იძულებულია ჭამოს ნელა და შედარებით მცირე ულუფები

ბოჭკოს მაღალი შემცველობის მქონე საკვები, როგორიცაა: ხილი და ბოსტნეული, ხორბლის პური და ლობიო – ანაყრებს ორგანიზმს ბევრი კალორიის გარეშე. შესაბამისად, ბოჭკოსშემცველი პროდუქტების ჭარბი გამოყენება საშუალებას აძლევს ადამიანებს, მიიღონ ცოტა და დაბალკალორიული საკვები და დანაყრდნენ დამატებითი კალორიების – ცხიმიანი პროდუქტების – მიღების გარეშე. გასათვალისწინებელია, რომ ბოჭკოს დამატებით მიღება გუმფსის მცენარის ან ცელულოზას სახით არაეფექტურია წონის კლებისთვის.

სითხის მიღებაზე დაფუძნებული დიეტა: პაციენტების დიდი ნაწილი წონაში კლებისთვის იყენებს სითხის მიღებაზე დაფუძნებულ დიეტებს. თვლიან, რომ მოსახერხებელია, თუმცა გასახდომად გამოყენებული სითხეების შემადგენლობა მეტად განსხვავებულია და ზოგჯერ სრულიადაც არ უწყობს ხელს წონაში კლებას.

არსებობს კომერციული მიზნით შექმნილი სითხეები დიეტისთვის, რომელთა შემადგენლობა რაციონალურად არის დაბალანსებული ცილებით, ნახშირწყლებით და ცხიმებით, ამავდროულად შეიცავენ დამატებით საჭირო ვიტამინებს და მინერალებს. ასევე გვხვდება სავაჭრო ქსელში ნახშირწყლებით მდიდარი ტკბილი და გემრიელი წვენები, სადაც არ არის შეზღუდული კალორიების რაოდენობა. დიეტები მსგავსი სითხეების გამოყენებით მეტად მოსახერხებელია პაციენტებისთვის, რომელთაც გამიზნული აქვთ წონის მომატება.

ჩვეულებრივ, წონაში კლების მიზნით შექმნილი წვენები, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო ქსელში, ხშირად გამოიყენება და თითოეული პორციის მიღებისას პაციენტი იღებს 220 კალორიას. წვენის აღნიშნული ულუფა რეკომენდებულია დღეში 4-ჯერ საკვების ნაცვლად. მსგავსი რეჟიმი მოწოდებულია ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს სწრაფად წონის კარგვას. რაც შეეხება წონაში კლების ხანგრძლივ პერსპექტივას, გასახდომი წვენების გამოყენება, შესაძლოა მხოლოდ 2 ან 3 კვების ჩანაცვლებით. დარჩენილი 1 ან 2 კვება უნდა იყოს დაბალცხიმიანი, დაბალკალორიული და მსუყე.

აღნიშნული კომერციული წვენების ალტერნატივას წარმოადგენს რძის დიეტა. ის მარტივია, იაფია და გამოიყენება ხანმოკლე პერიოდით წონაში კლების მიზნით.

გრეიპფრუტის დიეტა: ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხანმოკლე დიეტაა, რომელიც გულისხმობს გრეიპფრუტის ან მისი წვენის ჭარბ გამოყენებას. ამ დიეტის მოქმედების თეორია მდგომარეობს გრეიპფრუტის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტის თვისებაში – ხელი შეუწყოს ცხიმის დაწვას, თუმცა ეს თეორია არსად არ

დამტკიცებულა. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ გრეიპფრუტი წარმოადგენს ჯანსაღ საკვებს, რომელიც არ შეიცავს ცხიმებს, მასში ცოტაა მარილი და ჭარბადაა C ვიტამინი, ბეტა-კაროტინი (შედარებით ცოტაა წითელ გრეიპფრუტში) და ბოჭკო. დიეტა, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ერთი პროდუქტის შემადგენლობაზე, არაჯანსაღად მიიჩნევა. გრეიპფრუტის დიეტა ეხმარება პაციენტების გარკვეულ ნაწილს შეამციროს საერთო კალორაჟი, მაგრამ ის არ წარმოადგენს ბალანსირებული კვებითი მოთხოვნილებების შესაბამის პროდუქტს, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა გრეიპფრუტის გამოყენება ცვლის სისხლში გარკვეული მედიკამენტების კონცენტრაციას (იხ. ცხრილი გვ. 102) და მისი ჭარბი გამოყენება ახდენს დიარეის პროვოცირებას.

საკვების ციკლურ მიღებასა და კომბინირებულ საკვებზე დაფუძნებული დიეტები: აღნიშნული დიეტების მოქმედების თეორიის თანახმად, განსხვავებული პროდუქტების სხვადასხვა დროს მიღება ასტიმულირებს წონაში კლებას. მაგ: ბევერლი ჰილსის/Beverly Hills დიეტა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პროდუქტის ციკლურ მონაცვლეობას 6 კვირის განმავლობაში. გარკვეული პერიოდი პაციენტი იღებს მხოლოდ ხილს, შემდეგ – მხოლოდ პურს, მოგვიანებით – მხოლოდ ცილებს და ბოლოს – მხოლოდ ცხიმს. აღნიშნული თანამიმდევრობა მეორდება რამდენიმეჯერ დიეტის განმავლობაში. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც აღნიშული დიეტით წონაში კლების სასარგებლოდ მეტყველებდეს, ამასთანავე, შინაარსობრივად ის არაჯანსაღ დიეტად არის მიჩნეული.

უჩვეულო დიეტები: ცნობილია არაერთი უჩვეულო დიეტა, რომლებიც უზრუნველყოფენ წონაში სწრაფ კლებას, თუმცა მოკლებულნი არიან ყოველგვარ მეცნიერულ მტკიცებულებას მათი ეფექტურობის შესახებ. დიეტების გარკვეული ნაწილი დაფუძნებულია კალორიების მკვეთრ შეზღუდვაზე, ნაწილი დამატებითი ცხიმის დასაწვავი სტიმულატორების მიღებაზე. ცნობილია დიეტები, სადაც რეკომენდებულია მხოლოდ ერთი სახეობის საკვების მიღება. ამ დიეტებით არ იქნა მიღწეული ხანგრძლივი წონის კლების ეფექტი და მათი უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. უჩვეულო დიეტების დროს არ არის დაცული აუცილებელი კვებითი ნივთიერებების მიღების პრინციპი, რაც გარკვეული დროის შემდეგ იწვევს სერიოზულ მეტაბოლურ დარღვევებს, როგორიცაა ძვლის მასის და სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპოროზის ჩათვლით), მენსტრუალური პრობლემები, გულის რიტმის დარღვევები, ქოლესტერინის დონის მატება სისხლში, თირკმლის კენჭოვანი დაავადების განვითარება და არსებული პოდაგრის გამწვავება.