1. ფოლიუმის მჟავა
  2. ვიტამინები (კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები)
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
ფოლიუმის მჟავა

ფოლატი (ფოლიუმის მჟავა) B12 ვიტამინთან ერთად წარმოადგენს აუცილებელ მიკროელემენტებს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალური ფორმირებისთვის და დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) სინთეზისთვის, რაც გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი უჯრედებია. ფოლიუმი მნიშვნელოვანი ნივთიერებაა

ნაყოფის ნერვული სისტემის ნორმალური განვითარებისთვის. მისი არასაკმარისი მიღება ზრდის ძვლების მოტეხილობის რისკს ასაკოვან პაციენტებში. რამდენად სასარგებლოა ფოლიუმის მჟავას დამატება გონებრივი ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით ასაკოვან პირებში, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცნობილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფოლიუმით ამდიდრებენ მარცვლოვან პროდუქტებს. საკვებში დანამატის სახით გამდიდრებული ფოლიუმი ორგანიზმის მიერ გაცილებით ადვილად შეიწოვება, ვიდრე პროდუქტებში ბუნებრივად არსებული ფოლიუმის მჟავა.

ფოლიუმის მჟავას დეფიციტი

  • არასაკმარისი რაოდენობით ნედლი ფოთლოვანი ბოსტნეულისა და ციტრუსის მიღება, შესაძლოა ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მიზეზი გახდეს;

  • ანემია, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ფოლიუმის დეფიციტის დროს, ვლინდება: დაღლილობით, სიფერმკრთალით, გაღიზიანებადობით, სუნთქვის გახშირებით და თავბრუხვევით;

  • მძიმე დეფიციტისას აღინიშნება წითელი და ანთებითი ენა, გემოვნების გაუკუღმართება, წონაში კლება, დეპრესია, ყურებში ხმაური, მგრძნობელობის შეცვლა ხელებსა და ფეხებში, კუნთების სისუსტე, რეფლექსების შემცირება, სიარულის გაძნელება, დემენცია და გონების არევა;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სისხლის ანალიზზე;

  • ორალურად ფოლიუმის მჟავას დამატება ჩვეულებრივ აღადგენს დეფიციტს.

იმის გამო, რომ ორგანიზმს შეუძლია მხოლოდ მცირე რაოდენობით ფოლიუმის მჟავას შენახვა, კვების რაციონი, რომელიც არ შეიცავს ფოლიუმს, იწვევს დეფიციტს რამდენიმე თვეში. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ხშირია, რადგან პაციენტების უმრავლესობა არ იღებს საკმარისი რაოდენობით ცოცხალ ფოთლოვან ბოსტნეულს და ციტრუსებს. ამასთანავე, საკვების ხანგრძლივი მომზადება (თერმული დამუშავება) ანადგურებს ფოლიუმს საკვებში. დეფიციტის ხშირ მიზეზებში განიხილავენ საერთო კვების დეფიციტს, ან ალკოჰოლიზმს, ან ორივეს ერთდროულად. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ხელს უშლის ფოლიუმის შეწოვას და მეტაბოლიზმს. მალაბსორბციული დაავადებები აფერხებენ ფოლიუმის აბსორბციას. ანტიკონვულსანტების გარკვეული სახეობები (როგორიცაა ფენიტოინი და ფენობარბიტალი) და მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ (როგორიცაა სულფასალაზინი), ამცირებენ აღნიშნული ვიტამინის შეწოვის უნარს. მეტოტრექსატი (გამოიყენება კიბოსა და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ), მეთფორმინი (დიაბეტის სამკურნალო საშუალებაა), ტრიამტერენი (მომატებული არტერიული წნევის დამწევი) და ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი (ანტიბიოტიკია) მოქმედებენ ფოლიუმის მჟავის მეტაბოლიზმზე ორგანიზმში. ორსული ან მეძუძური ქალები და დიალიზზე მყოფი პაციენტები არიან ფოლიუმის დეფიციტის რისკის ქვეშ, რადგან ამ დროს გაზრდილია ფოლიუმის მჟავას მოთხოვნილება. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი იწვევს ანემიას, რომელიც მსგავსია B12ვიტამინის დეფიციტით განპირობებული ანემიისა.

სიმპტომები

ანემია ვითარდება თანდათანობით და შესაძლოა საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს. ასოცირებული სიმპტომებია სისუსტე, რომელიც შეიძლება პირველი ნიშანი იყოს, სიფერმკრთალე, გაღიზიანებადობა, სუნთქვის გახშირება და ყურებში ხმაური, რაც ზოგადად ანემიას ახასიათებს. ფოლიუმის მძიმე დეფიციტის დროს ვლინდება წითელი და ანთებითი ენა, გემოვნების გაუკუღმართება, წონაში კლება და დეპრესია. ორსულ ქალებში არსებული ფოლიუმის დეფიციტი მნიშვნელოვანია, რადგან ნაყოფს შესაძლოა განუვითარდეს ზურგის ტვინის ან თავის ტვინის თანდაყოლილი დეფექტი (ნერვული ღეროს დეფექტი).

დიაგნოზი

თუ სისხლის ანალიზით გამოვლინდა დიდი ზომის წითელი უჯრედები პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ანემია ან კვების დეფიციტი, ექიმი განსაზღვრავს ფოლიუმის დონეს სისხლში. მისი დაბალი მაჩვენებელი დეფიციტზე მიუთითებს. ექიმი ასევე გაზომავს B12 ვიტამინის დონეს,რათა გამოირიცხოს მისი დეფიციტი, რადგან ამ ანემიის დროსაც სისხლში ვლინდება დიდი ზომის წითელი უჯრედები.

პრევენცია და მკურნალობა

პაციენტებს, რომლებიც ხანგრძლივი დროით იღებენ მედიკამენტებს, რაც ხელს უშლის საკვებში არსებული ფოლიუმის შეწოვას, აუცილებელია მიეცეთ ფოლიუმის მჟავას დამატებითი დოზა.

ორსულები ან ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, საჭიროებენ ფოლიუმის დამატებით მიღებას ნაყოფის ნერვული ღეროს თანდაყოლილი დეფექტის პრევენციის მიზნით. დედები, რომელთაც ჰყავთ შვილები ნერვული ღეროს თანდაყოლილი დეფექტით, შემდგომი ორსულობისას საჭიროებენ ფოლიუმის მჟავას მაღალი დოზების დამატებას.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში ფოლიუმის დამატებისას არ არის დადასტურებული დაავადების შემცირება, თუმცა შესაძლოა იწვევდეს შეტევების სიხშირის შემცირებას.

ფოლიუმის მჟავას დეფიციტის მკურნალობა გულისხმობს ფოლიუმის დამატებას ორალური გზით.

ფოლიუმის სიჭარბე

ზოგადად ფოლიუმი არატოქსიკური მიკროელემენტია. B12ვიტამინის დეფიციტისას, თუ პაციენტი იღებს ჭარბი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას, ექიმმა შეიძლება ვერ ან მოგვიანებით აღმოაჩინოს ანემიით განპირობებული ნერვული დეფიციტი (ნერვის დაზიანების ნიშნები). დიაგნოსტიკის დაგვიანების გამო, ნერვის დაზიანება შესაძლოა მეტად მძიმე და ძნელად სამკურნალო გახდეს.