1. ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა, B3 ვიტამინი)
  2. ვიტამინები (კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები)
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა, B3 ვიტამინი)

ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა) წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ მიკროელემენტს, რომელიც მონაწილეობას იღებს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილებისა და ორგანიზმში არსებული სხვა ნივთიერებების მეტაბოლიზმში.

ტრიფტოფანით (ამინომჟავა) მდიდარი საკვები პროდუქტების მიღება, როგორიცაა რძის პროდუქტები, იძლევა ორგანიზმის მიერ ნიაცინის მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რადგან ტრიფტოფანი სხეულში გარდაიქმნება ნიაცინად.

ზოგჯერ ტერმინი ნიაცინის გამოყენებისას იგულისხმება მისი ორი ფორმა. ერთი – ნიკოტინის მჟავა, ხოლო მეორე, უფრო ფართოდ გავრცელებული ტერმინი, მოიცავს ნიკოტინის მჟავას და ნიკოტინამიდს, B ვიტამინის ორ ფორმას.

ნიაცინის დეფიციტი

  • განმასხვავებელი მუქი წითელი გამონაყარი ჩნდება ხელებზე, ფეხებზე, წვივის უკანა ნაწილზე (კანჭი), კისერსა და სახეზე. ენაზე და პირის ღრუში ელემენტები ღია წითელია;

  • პაციენტებს უჩნდებათ პრობლემები კუჭ-ნაწლავის მხრივ, ვლინდება სისუსტე, უძილობა, აპათია, მოგვიანებით დაბნეულობა და მეხსიერიების დეფიციტი;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია პაციენტის გამოკითხვისას კვებით თავისებურებებზე, სიმპტომებსა და ზოგჯერ შარდის ანალიზზე;

  • ნიკოტინის მჟავას ან ნიკოტინამიდის მაღალი დოზებით ორალური მიღება აღადგენს დეფიციტს.

ნიაცინის დეფიციტი იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში. მისი დეფიციტი ხდება ისეთი დაავადების მიზეზი, როგორიცაა პელაგრა. დაავადება აზიანებს კანს, საჭმლის მომნელებელ სისტემას და თავის ტვინს. პელაგრის განვითარებისას, გარდა ნიაცინისა, აღინიშნება ტრიფტოფანის დეფიციტიც, რადგან ორგანიზმს ტრიფტოფანის ნიაცინად გარდაქმნა შეუძლია.

ისეთ რეგიონში მცხოვრები ადამიანები, სადაც სიმინდი მთავარი საკვები პროდუქტია (ინდური სიმინდი) იმყოფებიან პელაგრას განვითარების რისკის ქვეშ. სიმინდი შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით ნიაცინს და ტრიფტოფანს. გარდა ამისა, სიმინდში არსებული ნიაცინი ვერ შეიწოვება ნაწლავის მიერ, თუ ის ტუტე გარემოში არ დამუშავდა (როგორც ეს ტორტილიის მომზადებისას ხდება). პელაგრა შესაძლოა სეზონურად გვხვდებოდეს და გამოვლინდეს გაზაფხულზე და ხანგრძლივად მიმდინარე ზაფხულის პერიოდში, როცა კვების რაციონი ძირითადად სიმინდის პროდუქტებითაა გაჯერებული.

პელაგრის განვითარების რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან ალკოჰოლიკები და კვების დეფიციტის მქონე პირები. რკინის, რიბოფლავინის და B6 ვიტამინის არაადეკვატური მიღება ზრდის ნიაცინის დეფიციტის რისკს. აგრეთვე ნიაცინის დეფიციტის ალბათობაა, როდესაც პაციენტი ხანგრძლივი დროით იღებს ისეთ ანტიბიოტიკს, როგორიცაა იზონიაზიდი. "ჰარტნუპის დაავადება", იგივე პელაგრას მსგავსი სინდრომი, იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომლის დროსაც გაძნელებულია ტრიპტოფანის შეწოვა.

სიმპტომები

პაციენტს აღენიშნება სიმეტრიული მუქი წითელი გამონაყარი, რომელიც წააგავს მზისგან დამწვარ კანს (მზის ერითემა) და მეტად მწვავდება მზის სხივების ზემოქმედებით (ამ მდგომარეობას ფოტოსენსიბილიზაცია ჰქვია). გამონაყრის გავრცელება განსხვავებულია. ხელებზე (ხელთათმანისმაგვარი), ფეხებსა და კანჭებზე (ჩექმებისმაგვარი), კისრის გარშემო (ყელსაბამის მსგავსი) და სახეზე პეპლის ფორმით არის წარმოდგენილი. კანის დაზიანება ხანგრძლივი პერიოდი გრძელდება, დროთა განმავლობაში გამონაყარი ხდება მოყავისფრო და აქერცვლადი.

დაავადებაში მთლიანად ჩართულია საჭმლის მომნელებელი სისტემა, პირის ღრუ და ენა ანთებითია და მკვეთრად წითელი. შესაძლოა გამოვლინდეს ენის შეშუპება, პირის ღრუს წვა. ლორწოვანის დაზიანებები გვხვდება როგორც ენაზე, ასევე პირის ღრუში. ხახა და საყლაპავი ასევე ანთებითია და იწვევს წვის შეგრძნებას. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცლის არეში, შეკრულობა ან დიარეა (რომელიც შესაძლოა იყოს სისხლის შემცველი). მოგვიანებით ვლინდება სისუსტე, უძილობა და ვითარდება აპათია. პაციენტს ეწყება გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვა (ენცეფალოპათია), დიზორიენტაცია, ჰალუცინაციები, არეული საუბარი (კონფუზია), მეხსიერების დეფიციტი.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზი ეფუძნება კვებითი თავისებურებების გამოკითხვას და სიმპტომებს. შარდში ნიაცინის შუალედური პროდუქტების გაზომვა ეხმარება ექიმს დიაგნოზის დადასტურებაში, თუმცა აღნიშნული კვლევა ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი. დიაგნოზი დგინდება, თუ ნიაცინის მიღებისას პაციენტს სიმპტომები უმცირდება. პელაგრას მკურნალობა მოიცავს ნიაცინის ყოველდღიურ ორალურ მიღებას, ასევე მოწოდებულია B ვიტამინის სხვა სახეობების დამატება.

ნიაცინის სიჭარბე

ნიკოტინის მჟავა (და არა ნიკოტინამიდი) მაღალ დოზებში გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების (ლიპიდები) დონის დასაკლებად. ასეთი დოზებით ნიკოტინის მჟავამ, შესაძლოა გამოიწვიოს წამოწითლება, ქავილი, პოდაგრა, ღვიძლის დაზიანება (იშვიათია) და სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მომატება. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა შეიძლება აცილებულ იქნეს თავიდან, თუ ნიკოტინის მჟავას მიღებას პაციენტი დაიწყებს დაბალი დოზებით და თანდათანობით უმატებს. ამ მიზნით ასევე მოწოდებულია ნიკოტინის მჟავას მიღებამდე ასპირინის მიღება და აგრეთვე – ნიკოტონის მჟავას მიღება ჭამის შემდეგ. თუ გვერდითი მოვლენები აუტანელია, აუცილებელია დოზის კლება (განსაკუთრებით ხანგრძლივი მოქმედების შემთხვევებში), სხვა შემთხვევებში მოწოდებულია ნიკოტინის მჟავას ჩანაცვლება ქოლესტერინის დამწევი სხვა მედიკამენტებით (იხ. ცხრილი გვ. 1065).