K ვიტამინი | მკურნალი.გე
  1. K ვიტამინი
  2. ვიტამინები (კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები)
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
K ვიტამინი

არსებობს K ვიტამინის ორი ფორმა:

  • ფილოქინონი (ვიტამინი K1):ვიტამინის ეს ფორმა ძირითადად გვხვდება მცენარეულ პროდუქტებში. ორგანიზმის მიერ მისი შეწოვა უმჯობესდება, თუ ის მიიღება ცხიმებთან ერთად. ფილოქინონი არატოქსიკური ვიტამინია.

  • მენაქინონი (ვიტამინი K2): ვიტამინის ეს ფორმა წარმოიქმნება ნაწლავებში ბაქტერიების მიერ და მისი მხოლოდ მცირე ნაწილის შეწოვა ხდება. ზოგიერთ ქვეყნებში K ვიტამინის ეს ფორმა გამოიყენება დანამატის სახით.

K ვიტამინი წარმოადგენს აუცილებელ ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს სისხლდენის მაკონტროლებელი ცილების (შედედების ფაქტორის) წარმოქმნაში და შესაბამისად ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას. K ვიტამინი აგრეთვე საჭიროა ძვლების და სხვა ქსოვილების სიჯანსაღისთვის.

K ვიტამინის დეფიციტი

  • სისხლდენა წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ, ყველაზე მნიშვნელოვან სიმპტომს, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას ახალშობილებში;

  • შედედების ფუნქციის გამოსაკვლევად ჩატარებული სისხლის ანალიზი ადასტურებს დიაგნოზს;

  • ყველა ახალშობილს შესაძლოა გაუკეთდეს დამატებით K ვიტამინის საინექციო ფორმა;

  • K ვიტამინის ჩანაცვლებითი თერაპია გულისხმობს მედიკამენტის ორალურ ან კანქვეშა მიღებას, რაც ავსებს დეფიციტს.

K ვიტამინის დეფიციტის მიზეზი შესაძლოა იყოს საკვების გზით მისი არასაკმარისი მიღება ან მდგომარეობები, რომლის დროსაც გაძნელებულია ცხიმების შეწოვა, რაც აფერხებს ნაწლავის მიერ K ვიტამინის აბსორბციასაც. მინერალური ზეთების დიდი მოცულობით მიღება ხელს უშლის ვიტამინის შეთვისებას. K ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს, როგორიცაა ანტიკონვულსანტები (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები) და ანტიბიოტიკების გარკვეული სახეობები.

არის მდგომარეობები, რომლის დროსაც ექიმი ნიშნავს K ვიტამინის ანტაგონისტებს (ანტიკოაგულანტებს, როგორიც არის ვარფარინი), აღნიშნული მკურნალობა გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც გაზრდილი აქვთ თრომბის ფორმირების რისკი. მაგ.: ღრმა ვენების თრომბოზისას (DVT), ფილტვის ემბოლიისას ან გულის არითმიებისას (როგორიც არის მოციმციმე არითმია).

ახალშობილებში მაღალია K ვიტამინის დეფიციტის განვითარების ალბათობა, ამის მიზეზს წარმოადგენს დედისგან ტრანსპლაცენტარულად გადაცემული ვიტამინის ძალიან მცირე ულუფა და ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ახალშობილის ნაწლავი დაბადებიდან პირველი რამდენიმე დღე არ შეიცავს ბაქტერიების იმ მოცულობას, რომელიც აუცილებელია K ვიტამინის სინთეზისთვის. დეფიციტის პირობებში შესაძლოა განვითარდეს სისხლჩაქცევები ან სისხლდენები, რაც ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადებების სახელწოდებითაა ცნობილი. შესაბამისად, ახალშობილებში აღნიშნული დაავადების თავიდან აცილების მიზნით მოწოდებულია K ვიტამინის ინექცია. ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებს, რომელთაც არ ჩასტარებიათ K ვიტამინის პრევენციული ინექცია დაბადებისას, განსაკუთრებით მაღალი აქვთ დეფიციტის განვითარების რისკი, რამეთუ დედის რძე ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს K ვიტამინს. ჰემორაგიული დაავადება უფრო ხშირია ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში ან დაავადების არსებობისას, როცა გაძნელებულია ცხიმის შეწოვა ნაწლავის მიერ ან ღვიძლის დაზიანებისას. ბავშვთა ხელოვნური კვებისთვის განკუთვნილი ყველა საკვები ფორმულა გამდიდრებულია K ვიტამინით.

სიმპტომები

მთავარი სიმპტომი K ვიტამინის დეფიციტისას კანზე სისხლჩაქცევების (ჰემორაგიების) გაჩენაა (ჩალურჯებები). შესაძლოა გამოვლინდეს სისხლდენები ცხვირიდან, ჭრილობებიდან, კუჭიდან და/ან ნაწლავებიდან. ზოგჯერ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას თან ახლავს სისხლიანი ღებინება ან განავლის გამუქება, საშარდე სისტემაში განვითარებული სისხლდენა ვლინდება სისხლიანი შარდის გამოყოფით.

ახალშობილებში სიცოცხლისათვის საშიშ გართულებად ითვლება თავის ტვინში ან მის გარშემო განვითარებული სისხლჩაქცევა. ღვიძლის დაავადებები ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს, რადგან პროტეინი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის კოლტის წარმოქმნას (შედედების ფაქტორი) სინთეზირდება ღვიძლში. K ვიტამინის დეფიციტი ასევე იწვევს ძვლების სისუსტეს.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმს ეჭვი მიაქვს K ვიტამინის დეფიციტზე, როდესაც ვლინდება პათოლოგიური სისხლდენები, იმ პაციენტებში, რომელთაც აქვს დეფიციტის არსებობის მაღალი რისკი. სისხლის გამოკვლევა კოლტის ფორმირების უნარის განსაზღვრისათვის ეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში. ცოდნა იმისა, თუ რა დოზით იღებს პაციენტი K ვიტამინს, საშუალებას აძლევს ექიმს სისხლის ტესტების ინტერპრეტირებაში.

რეკომენდებულია, რომ ყველა ახალშობილს გაუკეთდეს K ვიტამინის ინექცია კუნთში დაბადების შემდეგ, რათა თავიდან იქნეს აცილებული თავის ტვინში სისხლჩაქცევის განვითარება. სხვა შემთხვევებში K ვიტამინის ჩანაცვლებითი თერაპია ხორციელდება ორალური ან კანქვეშა ინექციის გზით. თუ დეფიციტის მიზეზი მედიკამენტია, საჭიროა წამლის დოზის რეგულირება ან K ვიტამინის დამატებითი მიღება.

პაციენტებს, რომელთაც დადგენილი აქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება და K ვიტამინის დეფიციტი, შესაძლოა დასჭირდეთ სისხლის გადასხმა, რათა შეივსოს შედედების ფაქტორები. დაზიანებულ ღვიძლს არ აქვს უნარი წარმოქმნას შედედების ფაქტორი მიუხედავად K ვიტამინის ინექციისა.