C ვიტამინი | მკურნალი.გე
  1. C ვიტამინი
  2. ვიტამინები (კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები)
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
C ვიტამინი

C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) წარმოადგენს აუცილებელ ნივთიერებას ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის, ძვლების, კანის და შემაერთებელი ქსოვილის (ეს ქსოვილი აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა ორგანოს, ქსოვილებს და მოიცავს მყესებს, იოგებს და სისხლძარღვებს) მუდმივი განახლებისათვის. C ვიტამინი ხელს უწყობს კბილების და ღრძილების სიჯანსაღეს. ის მონაწილეობს ორგანიზმის მიერ საჭირო რკინის შეწოვის პროცესში, რათა წარმოიქმნას სისხლის წითელი უჯრედები. C ვიტამინი აუმჯობესებს დამწვრობების და ჭრილობების შეხორცების პროცესს. E ვიტამინის მსგავსად ისიც წარმოადგენს ანტიოქსიდანტს. C ვიტამინს გააჩნია უნარი, დაიცვას ჯანმრთელი უჯრედები თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. თავისუფალი რადიკალები, თავის მხრივ, წარმოადგენენ ნორმალური უჯრედის ცხოველქმედების ნარჩენ პროდუქტებს, რომლებიც გამოთავისუფლდება ქიმიური რეაქციების შედეგად და ხშირად დამაზიანებელი ეფექტით გამოირჩევიან.

C ვიტამინის დეფიციტი

  • ცოცხალი ხილისა და ბოსტნეული პროდუქტების არასაკმარისი მიღება, შესაძლოა გახდეს დეფიციტის მიზეზი;

  • პაციენტი გრძნობს დაღლილობას, გაღიზიანებას და სისუსტეს;

  • C ვიტამინის მძიმე დეფიციტს სურავანდს უწოდებენ. შესაძლოა გამოვლინდეს სისხლჩაქცევები, კბილების და ღრძილების პრობლემები, თმისა და კანის სიმშრალე, ანემია;

  • დიაგნოზი ეფუძვნება სიმპტომებს და ზოგჯერ სისხლის ანალიზს;

  • ცოცხალი ხილისა და ბოსტნეული პროდუქტების გაძლიერებული მოხმარება ან ორალურად ჩანაცვლებითი მედიკამენტის მიღება, ჩვეულებრივ ასწორებს დეფიციტს.

მოზრდილებში C ვიტამინის დეფიციტი, ძირითადად განპირობებულია დაბალი ვიტამინების შემცველი კვების რეჟიმით (დიეტით). მაგ.: როდესაც პაციენტის დღის რაციონში არასაკმარისია ცოცხალი ხილი და ნედლი ბოსტნეული, აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ საკვების მომზადებისას პროდუქტის თერმულად დამუშავების დროს შესაძლოა დაიშალოს ვიტამინის დიდი ნაწილი.

ორსულობა, ძუძუთი კვება, მაღალი ცხელებით მიმდინარე ანთებითი დაავადებები, ქირურგიული ჩარევა და დამწვრობა – ეს ის მდგომარეობებია, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად იზრდება ორგანიზმის მიერ C ვიტამინზე მოთხოვნილება და არსებობს დეფიციტის განვითარების რისკი. თამბაქოს მოხმარება დააახლოებით 30%-ით ზრდის C ვიტამინზე მოთხოვნილებას.

სურავანდი: C ვიტამინის მძიმე დეფიციტი იწვევს სურავანდს. ახალშობილებში სურავანდის განვითარება იშვიათია, რადგან ძუძუთი კვების დროს დედის რძე შეიცავს საკმარისი რაოდენობით C ვიტამინს, ასევე ხელოვნური ბავშვთა კვების პროდუქტები გამდიდრებულია ვიტამინებით. სურავანდი იშვიათია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა შესაძლოა შეგვხვდეს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ან მალნუტრიციის შემთხვევებში.

სიმპტომები

მოზრდილები გრძნობენ დაღლილობას, სისუსტეს და გაღიზიანებადობას, თუ მათ კვებით რაციონში არასაკმარისადაა ვიტამინი C. შესაძლოა გამოვლინდეს წონაში კლება, აუხსნელი მიზეზით კუნთებისა და სახსრების ტკივილი.

სურავანდისთვის დამახასიათებელი ჩივილები ვლინდება დეფიციტის დაწყებიდან რამდენიმე თვეში. კანქვეშა სისხლჩაქცევები მეტად დამახასიათებელია თმის ფოლიკულების ირგვლივ, ღრძილების გარშემო და სახსრების არეებში. ღრძილები შესივებული, მუქი წითელი და ღრუბლისებურია. საბოლოოდ ხდება კბილების მორყევა, თმა მშრალი და მტვრევადია, ვლინდედება კანის სიმშრალე, გაუხეშება და აქერცვლა. შესაძლოა განვითარდეს ანემია, ინფეციური გართულებები, ჭრილობების შეხორცების გაძნელება.

ჩვილებში კლინიკური ნიშნებიდან აღსანიშნავია გაღიზიანებადობა, ტირილი მოძრაობისას, რაც სავარაუდოდ კუნთების და სახსრების ტკივილითაა გამოწვეული, მადის გაუარესება და წონაში მატების პრობლემები. მცირეწლოვან ბავშვებსა და ჩვილებს აღენიშნებათ ძვლების ზრდაში ჩამორჩენა, შესაძლოა განვითარდეს სისხლჩაქცევები და ანემია.

დიაგნოზი და მკურნალობა

სურავანდის დიაგნოზი დაფუძნებულია გამოვლენილ სიმპტომებზე. სისხლში C ვიტამინის დონის განსაზღვრა ადასტურებს დიაგნოზს, თუმცა ეს კვლევა ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. ძვლების რენტგენოლოგიური გამოკვლევა ავლენს მათი ზრდის პრობლემებს.

დეფიციტის პრევენცია შესაძლებელია, რეკომენდებული მოცულობის ნედლი ხილისა და ბოსტნეულის მიღებით ან ყოველდღიურად C ვიტამინის ჩანაცვლებითი ზრდის გამოყენებით. მწეველებს სჭირდება ჩვეულზე მეტი დოზა.

სურავანდის მკურნალობა გულისხმობს C ვიტამინის მაღალი დოზებით ყოველდღიურ ჩანაცვლებით თერაპიას. სიმპტომების უმრავლესობა ქრება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. ანემიის შემთხვევაში რეკომენდებულია C ვიტამინთან ერთად რკინის პრეპარატის დანიშვნაც.

C ვიტამინის სიჭარბე

პაციენტების გარკვეული ნაწილი იღებს C ვიტამინს მაღალი დოზებით, რადგან ის ანტიოქსიდანტია და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. როგორც ცნობილია, თავისუფალი რადიკალები გარკვეულწილად ხელს უწყობენ ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ათეროსკლეროზი, კიბო, ფილტვის დაავადებები, ზოგადი გაცივება, კატარაქტა და მეხსიერების დაკარგვა. ახდენს თუ არა პოზიტიურ გავლენას ამ დაავადებების განვითარების თვალსაზრისით C ვიტამინის მაღალ დოზებში გამოყენება, უცნობია. ცნობილია მხოლოდ მისი დამცავი ეფექტი კატარაქტის განვითარებისას.

მაღალ დოზებში (დაშვებულ უსაფრთხო დოზაზე – 2000 მგ-ზე მეტი C ვიტამინის მოხმარება ყოველდღიურად) C ვიტამინის ყოველდღიური გამოყენება არ იწვევს ჯანმრთელი პაციენტის ინტოქსიკაციას, თუმცა ძალიან მაღალმა დოზებმა შესაძლოა გამოიწვიოს ღებინება ან დიარეა და გარკვეული სისხლის ანალიზების სიზუსტის ხელშემშლელი ფაქტორი გახდეს.