1. A ვიტამინი
  2. ვიტამინები (კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები)
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
A ვიტამინი

A ვიტამინი (რეტინოლი) წარმოადგენს აუცილებელ ვიტამინს თვალის ბადურა გარსზე არსებული სინათლის მიმართ მგრძნობიარე ნერვული უჯრედების (ფოტორეცეპტორების) ფუნქციონირებისთვის. ის აგრეთვე ხელს უწობს კანის, ფილტვების, ნაწლავებისა და საშარდე გზების ამომფენი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას და იცავს მათ ინფექციური გამღიზიანებლებისგან.

კაროტინოიდები, როგორიცაა ბეტაკაროტინი წარმოადგენს პიგმენტს, რომელიც შედის ბოსტნეულის შემადგენლობაში და აძლევს მათ ყვითელ, სტაფილოსფერ ან წითელ შეფერილობას. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კაროტინოიდები თანდათანობით გარდაიქმნება A ვიტამინად. მათი შეწოვა უმჯობესდება ბოსტნეულის ცხიმთან ან ზეთთან ერთად მომზადების ან ჰომოგენიზაციის შემდეგ.

A ვიტამინის შემცველი მედიკამენტები (რეტინოიდები) აქტიურად გამოიყენება მძიმე აკნეს, ფსორიაზის სამკურნალოდ. ამჟამად კვლევის პროცესშია A ვიტამინის შესაძლო ეფექტიანობა გარკვეული სახეობის კიბოს მკურნალობაში.

A ვიტამინის დეფიციტი

  • ქათმის სიბრმავე (ღამის სიბრმავე) წარმოადგენს ადრეულ სიმპტომს;

  • საბოლოოდ შესაძლოა განვითარდეს სრული სიბრმავე;

  • ვლინდება თვალების და კანის სიმშრალე, ინფექციის ხშირი განვითარება;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებსა და სისხლის ტესტებზე;

  • რამდენიმე დღის განმავლობაში ვიტამინის მაღალი დოზებით მიღება ხსნის დეფიციტს.

A ვიტამინის დეფიციტი ხშირია გარკვეულ გეოგრაფიულ რეგიონებში, სადაც პაციენტები არ იღებენ საკმარისი რაოდენობით A ვიტამინის შემცველ პროდუქტებს:

  • ცხოველების და თევზის ღვიძლს

  • სტაფილოსფერ, ყვითელ და მწვანე ბოსტნეულს

  • კვერცხს

  • რძის პროდუქტებით მდიდარ საკვებს

მაგალითად, დეფიციტი გვხვდება სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ბრინჯი ძირითადი საკვები პროდუქტია. ნაწლავების მიერ ცხიმის შეწოვის დარღვევა ამცირებს A ვიტამინის შეწოვის შესაძლებლობას და ეს პაციენტები იმყოფებიან A ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ. ნაწლავებზე ან პანკრეასზე ჩატარებული ოპერაცისას შესაძლოა მსგავსი შედეგის არსებობა. ღვიძლის დაავადებები ხელს უშლისვიტამინის დაგროვებას. მულტივიტამინების უმრავლესობა ვიტამინს მინიმალური რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს.

სიმპტომები

A ვიტამინის დეფიციტის ადრეული სიმპტომი ქათმის სიბრმავეა (ღამის სიბრმავე), რომლის მიზეზი თვალის ბადურა გარსის დაზიანებაა. ამის შემდეგ იწყება თეთრი გარსის (კონიუნქტივის) და რქოვანა გარსის გამოშრობა, ამ მდგომარეობას ქსეროფთალმია ეწოდება.

ქსეროფთალმია განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, რომელთაც აქვთ ზოგადად კვების დეფიციტი, კალორიების (ენერგიის) ან ცილების უკმარისობა, რაც თავის მხრივ მოიცავს A ვიტამინის არაადეკვატურ მიღებას. თვალის თეთრ გარსზე შესაძლოა გამოვლინდეს ქაფისმაგვარი ჩანართები (Bitot-ის ლაქები), რომლებიც სამკუთხა, ოვალური ან არარეგულარული ფორმისაა და ქსეროფთალმის, A ვიტამინის დეფიციტის დროს გვხვდება. რქოვანა გარსის გამოშრობა ხშირად იწვევს მის დარბილებას, წყლულების გაჩენას და საბოლოოდ სიბრმავეს. განვითარებად ქვეყნებში სიბრმავის ხშირ მიზეზს A ვიტამინის დეფიციტი წარმოადგენს.

კანი ხდება მშრალი და აქერცვლადი. ფილტვების, საშარდე გზებისა და ნაწლავების ამომფენი ქსოვილები მეტად შესქელებული და უხეშია.

იმუნური სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებს, ვლინდება ინფეციური პროცესების გახშირება, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალშობილებში.

შესაძლოა შეფერხდეს ბავშვთა ზრდა-განვითარების პროცესი.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზი დაფუძნებულია გამოვლენილ სიმპტომებზე და სისხლში A ვიტამინის დონის დაქვეითებაზე.

პაციენტებს, რომელთაც აქვთ ვიტამინის დეფიციტის არსებობის რისკი, დამატებით უნდა მიეცეთ A ვიტამინი.

პაციენტებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ დეფიციტი, ეძლევათ A ვიტამინი მაღალ დოზებში რამდენიმე დღე. გამონაკლისს წარმოადგენენ ახალშობილები – მათ ორგანიზმში მაღალ დოზებში განმეორებით მიცემულმა A ვიტამინმა, შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია.

თუ მკურნალობის მიუხედავად, სიმპტომები გრძელდება 2 თვეზე მეტი, ექიმი ჩვეულებრივ იწყებს იმ დაავადების ძიებას, რომლის დროსაც გაუარესებულია ცხიმის შეწოვა.

A ვიტამინის სიჭარბე

  • A ვიტამინის ჭარბი მიღება იწვევს: თმის ცვენას, ტუჩების დახეთქვას, კანის სიმშრალეს, ძვლების სისუსტეს, თავის ტკივილს და ქალასშიდა წნევის მატებას;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებსა და სისხლის ანალიზზე;

  • პაციენტთა უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდება, როდესაც შეწყვეტს A ვიტამინის დამატებით მიღებას.

მეტისმეტად ბევრი A ვიტამინი შეიძლება ინტოქსიკაციის მიზეზი გახდეს. ასე მაგალითად, თუ პაციენტი დღეში დაშვებულ დოზაზე 10-ჯერ მეტ რაოდენობას იღებს 1 თვის განმავლობაში, ვითარდება ინტოქსიკაცია. არსებობს სპეციალური ტექნოლოგიით მომზადებული A ვიტამინის მაღალი კონცენტრაციის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც მძიმე აკნეს ან სხვა კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

ინტოქსიკაცია ზოგჯერ ახალშობილებშიც ვლინდებავიტამინის დაბალ დოზებში, რამდენიმე კვირის ხანგრძლივობით გამოყენებისას. არის შემთხვევები, როცა ბავშვები შემთხვევით იღებენ A ვიტამინს ძალიან მაღალი დოზით და იწყება სწრაფი ინტოქსიკაცია.

კაროტინოიდები შესაძლოა მიიღოს პაციენტმა საკვების სახით, ყოველგვარი ინტოქსიკაციის გარეშე, რადგან ორგანიზმში მათი გარდაქმნა A ვიტამინად მიმდინარეობს ძალიან ნელა. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, დიდი მოცულობით მათი მიღება იწვევს კანის მუქ-მოყვითალო შეფერილობას (კაროტინული სიყვითლე), განსაკუთრებით ვლინდება ხელის და ფეხისგულებზე. ბეტა კაროტინის დამატება მაღალი დოზებით ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა

A ვიტამინის ჭარბად მოხმარების შემთხვევებში გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყება თმის გაუხეშება, ნაწილობრივი თმის ცვენა (წარბების ჩათვლით). ტუჩების გამოშრობა, კანის გაუხეშება და ტუჩების დასკდომა კანის აქერცვლით.

მოგვიანებითი სიმპტომებიდან აღსანიშნავია ძლიერი თავის ტკივილი, ქალასშიდა წნევის მატება (ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია) და საერთო სისუსტე. ხშირია ძვლებისა და სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. მსუბუქი ტრავმების დროს მოტეხილობები გვხვდება მოხუცებულ პოპულაციაში. ბავშვებში აღსანიშნავია მადის დაქვეითება, რაც ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენის მიზეზი ხდება. შესაძლებელია გამოვლინდეს ღვიძლისა და ელენთის გადიდება.

ხანგრძლივი დროით ჭარბად გამოყენებული A ვიტამინი, საბოლოოდ იწვევს ძილიანობას, გაღიზიანებადობას, თავის ტკივილს, ღებინებას და გულისრევას რამდენიმე საათის განმავლობაში, თან ახლავს კანის გამოშრობა და აქერცვლა. ინტრაკრანიალური წნევა (ქალაშიდა წნევა) მომატებულია, განსაკუთრებით ბავშვებში და ღებინების შემთხვევებში. ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა შესაძლოა გადაიზარდოს კომაში და დასრულდეს სიკვდილით, თუ A ვიტამინის მოხმარება არ შეწყდება.

იზოტრეტინოინების (A ვიტამინისგან წარმოებული მედიკამენტებია, რომლიბიც გამოიყენება მძიმე აკნეს მკურნალობისთვის) მიღება ორსულობის დროს შესაძლოა ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტის მიზეზიც გახდეს. ორსული ქალები ან ქალები, რომლების გეგმავენ ორსულობას, არ უნდა იღებდნენ A ვიტამინის დასაშვებ უსაფრთხო დღიურ დოზაზე (3000 მკგ) მეტს, რადგან იზრდება ნაყოფის თანდაყოლილი მანკების განვითარების რისკი.

ორგანიზმში A ვიტამინის მაღალი კონცენტრაცია დგინდება პაციენტის სიმპტომებით და სისხლში მისი მაღალი შემცველობით.

მკურნალობა გულისხმობს A ვიტამინის დამატებით მიღების შეწყვეტას. პაციენტების უმრავლესობის მკურნალობა მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით.