1. D ვიტამინი
  2. ვიტამინები (კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები)
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
D ვიტამინი

კვებით რაციონში მნიშვნელოვანია ვიტამინის ორი ფორმა.

  • ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი): ვიტამინის ეს ფორმა სინთეზირდება მცენარეების და საფუარი სოკოს წინამორბედისაგან. ის აგრეთვე ფართოდ გამოიყენება მაღალ დოზებში საკვები დანამატების სახით.

  • ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი): ეს ფორმა D ვიტამინის ყველაზე აქტიური ფორმაა. მისი წარმოქმნა ხდება ადამიანის კანში, მასზე მზის სხივების უშუალო ზემოქმედების შედეგად. ფართო მოხმარების საკვების უმრავლესობა გამდიდრებულია D3ვიტამინით, განსაკუთრებით მარცვლეული და რძის პროდუქტები. D3ვიტამინი აგრეთვე გვხვდება თევზის ღვიძლში, თევზის ქონში. ადამიანის რძე შეიცავს მხოლოდ მცირე მოცულობით D ვიტამინს.

D ვიტამინის ძირითადი მარაგი არის ღვიძლში. ვიტამინი D2და D3 ორგანიზმში არააქტიური სახით გვხვდება, ორივე ფორმა უნდა დამუშავდეს (მეტაბოლიზდეს) ღვიძლის და თირკმლის მიერ, რათა გადავიდეს აქტიურ ფორმაში, რომელსაც კალციტრიოლი ეწოდება. კალციტრიოლი აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას ნაწლავებში.

კალციუმი და ფოსფორი წარმოადგენენ სასარგებლო მინერალებს, რომლებიც ლაგდებიან ძვლებში და უზრუნველყოფენ მათ სიმყარეს და ნორმალურ მასას (ამ პროცესს მინერალიზაცია ეწოდება). ასე რომ, D ვიტამინი აუცილებელი კომპონენტია ძვლების ფორმირების, ზრდისა და აღდგენის პროცესში. იგი ასევე აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და კუნთების სიმტკიცეს. ასაკთან ერთად მატულობს ორგანიზმის D ვიტამინზე მოთხოვნილება.

D ვიტამინის დეფიციტი

  • დეფიციტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედებაა ადამიანის კანზე, თუმცა არსებობს დაავადებები, რომლებიც იწვევს D ვიტამინის დეფიციტს;

  • ორგანიზმში არასაკმარისი D ვიტამინის შემცველობისას ვლინდება კუნთებისა და ძვლების სისუსტე, ტკივილი;

  • ჩვილებში ვითარდება რაქიტი. თავის ქალას ძვლები რბილია, ვლინდება ძვლების პათოლოგიური ზრდა, მხოლოდ გვიან ასაკში შეუძლიათ დაჯდომა და მოგვიანებით იწყებენ ხოხვას;

  • დიაგნოზის დასადასტურებლად მოწოდებულია სისხლის ანალიზი და ზოგჯერ საჭირო ხდება რენტგენოლოგიური ფირების შესწავლა;

  • ბუნებრივ კვებაზე (ძუძუთი კვებაზე) მყოფი ჩვილები საჭიროებენ D ვიტამინის დამატებით მიღებას, რადგან დედის რძეში ვიტამინის დაბალი შემცველობაა;

  • D ვიტამინის დანამატის სახით მიღება შესაძლებელია ორალურად ან საინექციო ფორმით, როგორც წესი, მკურნალობა სრულდება ვიტამინის შემცველობის სრული აღდგენით.

D ვიტამინის დეფიციტი საკმაოდ ხშირი პრობლემაა. ყველაზე ხშირად გვხვდება, კანზე მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედების პირობებში. ასეთ შემთხვევებში თითქმის ვერც ერთი პაციენტი ვერ იღებს D ვიტამინის საკმარის რაოდენობას საკვები პროდუქტებიდან. D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში სისხლში იკლებს კალციუმისა და ფოსფორის კონცენტრაცია, რადგან ნაწლავებში მინერალების შეწოვისათვის აუცილებელია D ვიტამინი.

კალციუმისა და ფოსფორის არასაკმარისი შემცველობა, თავის მხრივ ამცირებს ჯანსაღი ძვლების შენარჩუნების შესაძლებლობას. ბავშვთა ასაკში ვითარდება დაავადება რაქიტი, ხოლო მოზრდილებში ოსტეომალაცია. ორსულებში ვიტამინის დეფიციტი განაპირობებს ნაყოფისთვის D ვიტამინის ნაკლებობას, დაბადებისას ამ ჩვილებს აქვთ რაქიტის განვითარების მაღალი რისკი. ზოგჯერ დეფიციტი იმდენად ძლიერია, რომ ქალებში იწვევს ოსტეომალაციას.

D ვიტამინის დეფიციტი ამძიმებს ოსტეოპოროზის მიმდინარეობას. იმისათვის, რომ მოიმატოს სისხლში კალციუმის დაბალმა კონცენტრაციამ, ორგანიზმმა შესაძლოა ნორმაზე მეტი პარათირეოიდული ჰორმონი წარმოქმნას. რადგანაც პარათირეოიდული ჰორმონის კონცენტრაცია იზრდება (ამ მდგომარეობას ჰიპერპათირეოიდიზმი ეწოდება),ის ასტიმულირებს ძვლებიდან კალციუმის გადასვლას სისხლში, რათა გამოსწორდეს მასში კალციუმის დაბალი შემცველობა. შედეგად ძვლები სუსტდება.

მიზეზები

დეფიციტის ყველაზე ხშირ მიზეზს კანზე მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედება წარმოადგენს. შესაბამისად, რისკის ქვეშ ხვდებიან პირები, რომლებიც არ ატარებენ საკმარის დროს სუფთა ჰაერზე, მზეზე, ხანში შესული პირები და მოხუცებულთა სახლებში მცხოვრები მოხუცები. D ვიტამინის დეფიციტი უფრო ხშირია ზამთარში, ჩრდილოეთ და სამხრეთ განედის ქვეყნებში და იმ პირებში, რომელთაც სხეულის დიდი ნაწილი მუდმივად დაფარული აქვთ ტანსაცმლით, მაგ. მუსლიმი ქალები.

რადგან ცნობილია, რომ დედის რძე მხოლოდ მცირე რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს, ახალშობილები, რომლებიც არ ატარებენ მზეზე საკმარის დროს, იმყოფებიან დეფიციტისა და რაქიტის განვითარების რისკის ქვეშ.

როდესაც ადამიანის სხეულზე, კერძოდ კი კანზე მზის სხივების ზემოქმედება ნორმალური ხანგრძლივობისაა, ჩვეულებრივ, წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობის D ვიტამინი, თუმცა არის მდგომარეობები, რომლის დროსაც, მიუხედავად მზის სხივების ინტენსიური ზემოქმედებისა, მაინც იწყება დეფიციტი.

  • პაციენტების გარკვეულ ჯგუფში, მზის სხივების კანზე ზემოქმედებისას არ წარმოიქმნება შესაბამისი რაოდენობის D ვიტამინი. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან ფერადკანიანი პირები (განსაკუთრებით შავკანიანი), მოხუცები და ის პირები, ვინც კანზე მზის დამცავ კრემს იყენებს;

  • ორგანიზმს არ აქვს უნარი შეიწოვოს საკმარისი რაოდენობის D ვიტამინი საკვებიდან. მალაბსორბციული დაავადებების დროს პაციენტს არ შეუძლია შეითვისოს ცხიმი ნორმალურად, შესაბამისად, გაძნელებულია D ვიტამინის აბსორბციაც, რადგან იგი ცხიმში ხსნადი ვიტამინია და მისი შეწოვა ნორმაში ხდება ცხიმთან ერთად წვრილი ნაწლავის მიერ;

  • არსებობს ისეთი მდგომარეობები, რომლის დროსაც ორგანიზმს არ შეუძლია გარდაქმნას Dვიტამინი აქტიურ ფორმად. ღვიძლის, თირკმლის ზოგიერთი დაავადება და აგრეთვე მეტად იშვიათი მემკვიდრული დაავადებები, მედიკამენტები (ანტიკონვულსანტები და რიფამპინი), ხელს უშლიან ვიტამინის ტრანსფორმაციის პროცესს.

სიმპტომები

D ვიტამინის დეფიციტის პირობებში ყველა ასაკის პირებში ვლინდება ძვლებისა და კუნთების ტკივილი სისუსტესთან ერთად. კუნთოვანი სპაზმები (კრუნჩხვები), რომლის მიზეზიც კალციუმის ნაკლებობაა, შეიძლება პირველი ნიშანი იყოს რაქიტის დაავადებისა ჩვილებში. მცირე ასაკის ბავშვებში რაქიტის დროს ვლინდება თავის ქალას ძვლების დარბილება. ასეთ ბავშვებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში უჭირთ დამოუკიდებლად ჯდომა და დაგვიანებით იწყებენ ხოხვას. თავის ქალას გაუძვლოებული ნაწილი (ყიფლიბანდი) გვიან იხურება. 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლოა გამოვლინდეს ძვლების პათოლოგიური ზრდა, ხერხემლის გამრუდება და მუხლების გარეთ O-ს მაგვარი ან ვალგუსური დეფორმაცია. ასეთი ბავშვები მოგვიანებით იდგამენ ფეხს. უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები სიარულისას აღნიშნავენ ტკივილს. მენჯის ძვლები გაბრტყელებულია, მოზარდ გოგონებში ვლინდება სამშობიარო გზების (მენჯის ძვლების) თანაბრად დავიწროება. ზრდასრულ პაციენტებში გამოხატულია ძვლების სისუსტე, განსაკუთრებით ხერხემლის, მენჯის და ქვედა კიდურების სეგმენტებში. დაზიანებული ადგილები შეხებისას შესაძლოა იყოს მტკივნეული და ადვილად ვითარდება მოტეხილობები. მოხუცებულ პირებში მოტეხილობისთვის საკმარისია მხოლოდ მკვეთრი მოძრაობა ან მსუბუქი წაქცევა.

დიაგნოზი

D ვიტამინის დეფიციტზე ექიმს მიაქვს ეჭვი, თუ სახეზეა არაადეკვატური კვება ან პაციენტი არ ატარებს სათანადო დროს მზეზე. ასევე დეფიციტი საფიქრებელია ხანში შესულ პირებთან, რომელთაც აღენიშნებათ ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (მაგ.: ოსტეოპოროზი) ან ძვლების მოტეხილობა. სისხლში D ვიტამინის კონცენტრაციის განსაზღვრა ეხმარება ექიმს დიაგნოზის დაზუსტებაში. აგრეთვე შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა. რაქიტის და ოსტეომალაციის დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე, ძვლების რენტგენოლოგიური გამოკვლევისას მიღებულ სპეციფიკურ მახასიათებლებზე და სისხლში D ვიტამინის კონცენტრაციაზე.

პრევენცია და მკურნალობა

პაციენტთა უმრავლესობა საჭიროებს D ვიტამინის დანამატის სახით მიღებას. ორგანიზმზე მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება იმისათვის, რომ გამომუშავდეს D ვიტამინის საკმარისი რაოდენობა, რთულია. სირთულის ერთ-ერთი მიზეზი მზისგან კანის დაზიანებაა (დამწვრობა). კვების რაციონი იშვიათად შეიცავს საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს, რომელიც შეძლებს მზის ნაკლებობის კომპენსაციას, აღსანიშნავია, რომ, მულტივიტამინების დიდი უმრავლესობა მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს D ვიტამინს. შესაბამისად პაციენტების დიდ ნაწილს ესაჭიროებავიტამინის ჩანაცვლებითი თერაპია. აღნიშნული თერაპია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ დეფიციტის მაღალი რისკი (მოხუცები, უნარშეზღუდული პირები, მოხუცებულთა ან სოციალურ თავშესაფრებში ხანგრძლივად მცხოვრები პაციენტები). მაღაზიათა ქსელში არსებული რძე (და არა ყველი და იოგურტი) ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში სპეციალურად გამდიდრებულია D ვიტამინით. დანარჩენ ქვეყნებში არ ხდება რძის დამატებით ვიტამინიზება, თუმცა შესაძლოა გამდიდრებულ იქნეს საუზმისთვის ხშირად მოხმარებადი მარცვლეული.

ჩვილები, რომლებიც იმყოფებიან მხოლოდ ძუძუთი კვებაზე აუცილებლად საჭიროებენ დამატებით D ვიტამინის მიღებას, რადგან დედის რძეში მისი შემცველობა ძალიან მცირეა. ბავშვთა ხელოვნური კვების ყველა ფორმულა გამდიდრებულია D ვიტამინით.

მკურნალობა გულისხმობს მაღალ დოზებში D ვიტამინის მიღებას ორალურად ან საინექციო ფორმით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვეს, მედიკამენტის მიღება ხდება ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად. თუ გამოვლენილია კუნთების სპაზმი ან საფიქრებელია კალციუმის დეფიციტი, საჭიროა კალციუმის დამატებითი მიღება. იგივე შეიძლება ითქვას ფოსფორის დეფიციტზე ეჭვის შემთხევვაში. ჩვეულებრივ, მსგავსი მკურნალობა, სრულად აღადგენს დეფიციტს. პაციენტებს, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული დაავადება, საჭიროებენ D ვიტამინის მისაღები დოზის სპეციალურ ფორმულირებას.

D ვიტამინის სიჭარბე

ძალიან მაღალი დოზით D ვიტამინის მიღებისას, მაგ: 50-ჯერ მეტ რეკომენდებულ ყოველდღიურ დასაშვებ დოზაზე – რამდენიმე თვის განმავლობაში – შესაძლოა გამოვლინდეს ინტოქსიკაცია და გაიზარდოს კალციუმის დონე სისხლში (ჰიპერკალცემია).ადრეული სიმპტომებია: მადის დაქვეითება, გულისრევა და ღებინება, რომელსაც თან ახლავს გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, სისუსტე, გაღიზიანებადობა, არტერიული წნევის ციფრების მატება. რადგან კალციუმის დონე სისხლში მაღალია, ის შესაძლოა ჩალაგდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით თირკმელებში, სისხლძარღვებში, ფილტვებსა და გულში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჰიპერკალციემიისას ვითარდება თირკმლის ფუნქციის გაუარესება და საბოლოოდ თირკმლის უკმარისობის განვითარება.

ჩვეულებრივ, ორგანიზმში D ვიტამინის ჭარბ კონცენტრაციაზე ეჭვი უჩნდება ექიმს, როცა სისხლის ანალიზში ვლინდება ჰიპერკალციემია და პაციენტი მოიხმარს ჭარბი რაოდენობით D ვიტამინს. დიაგნოზს ადასტურებს სისხლში D ვიტამინის კონცენტრაციის განსაზღვრა. მკურნალობა გულისხმობს:

  • D ვიტამინის დანამატის სახით მიღების შეწყვეტა;

  • კვების რაციონში კალციუმის შეზღუდვა მანამ, სანამ არ კომპენსირდება მისი მაღალი დონე სისხლში;

  • მედიკამენტების მიღება (როგორიც არის ბიფოსფონატები და კორტიკოსტეროიდები), რომლებიც თრგუნავენ ძვლებიდან კალციუმის გამოდევნას.