1. დისლიპიდემია
  2. ქოლესტეროლის ცვლის დარღვევები
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
დისლიპიდემია

დისლიპიდემია, ესაა სისხლში ლიპოპროტეინების მიერ ტრანსპორტირებადი ლიპიდების (ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდები ან ორივე ერთად) პათოლოგიურად მაღალი მაჩვენებელი. ტერმინი გულისხმობს ჰიპერლიპოპროტეინემიას (ჰიპერლიპიდემია), რომელიც საერთო ქოლესტეროლის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (დსლპ) – ცუდი ქოლესტეროლის ან ტრიგლიცერიდების პათოლოგიურად მაღალ მაჩვენებელს ან მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (მსლპ) – კარგი ქოლესტეროლის – პათოლოგიურად დაქვეითებულ რაოდენობას გულისხმობს.

მდგომარეობის განვითარებას ხელს უწყობს ცხოვრების წესი, გენეტიკა, დაავადებები, მედიკამენტები ან მათი კომბინაცია;

შედეგად ვითარდება ათეროსკლეროზი, რომელიც იწვევს ანგინას, გულის შეტევას, ინსულტს და პერიფერიული არტერიების დაავადებას;

ექიმები სისხლში საზღვრავენ ტრიგლიცერიდებისა და სხვადასხვა სახეობის ქოლესტეროლის რაოდენობას;

მკურნალობისათვის ეფექტურია ფიზიკური აქტივობა, საკვები რაციონის ცვლილება და მედიკამენტები.

ლიპოპროტეინებისა და, აქედან გამომდინარე, ლიპიდების, განსაკუთრებით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) რაოდენობა ასაკთან ერთად მატულობს. მაჩვენებლები, ქალებთან შედარებით, მამაკაცებს შორის მცირედით უფრო მაღალია, თუმცა ქალებს შორის მისი მატება მენოპაუზის შემდეგ ვლინდება. ასაკთან დაკავშირებული ლიპოპროტეინების რაოდენობის მატება დისლიპიდემიას განაპირობებს და ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (მსლპ) – კარგი ქოლესტეროლის – მომატებული მაჩვენებელი სასარგებლოა და პათოლოგიად არ ითვლება. ძალიან დაბალი მაჩვენებელი კი დისლიპიდემიად განიხილება და ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

ფაქტორებს, რომლებიც ზრდიან დისლიპიდემიის განვითარების რისკს, მიეკუთვნება:

  • დისლიპიდემიის მქონე ახლო ნათესავები (დაავადების ოჯახური ისტორია)

  • ჭარბი წონა

საკვებ რაციონში ნაჯერი ცხიმებისა და ქოლესტეროლის ჭარბი რაოდენობა

  • დაბალი ფიზიკური აქტივობა

  • ალკოჰოლის ჭარბად მიღება

ზოგი ინდივიდი მეტად მგრძნობიარეა საკვები რაციონის ცვლილებისადმი, ვიდრე სხვები, თუმცა მეტ-ნაკლები ხარისხით გავლენას ახდენს უმეტესობაზე. ცალკეულ შემთხვევებში, დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმების მიღების მიუხედავად, საერთო ქოლესტეროლის რაოდენობა სასურველ მაჩვენებელს არ აღემატება, სხვა შემთხვევაში – მკაცრი დიეტური ცვლილებების მიუხედავად, საერთო ქოლესტეროლი მაღალ მაჩვენებელზე რჩება. სავარაუდოდ, აღნიშნული განსხვავება, გენეტიკურადაა განპირობებული. პიროვნების გენეტიკური განწყობა გავლენას ახდენს ორგანიზმის მიერ ცხიმების წარმოქმნაზე, გამოყენებასა და ჩალაგებაზე. ამასთან, სხეულის აგებულება ყოველთვის არ განსაზღვრავს ქოლესტეროლის მაჩვენებლებს. ზოგ ჭარბწონიანს ქოლესტეროლის დაბალი, ხოლო ზოგიერთ გამხდარი აგებულების პირს – მომატებული მაჩვენებლები აქვს. ჭარბი რაოდენობით კალორიების, ისევე როგორც ალკოჰოლის მიღება, ტრიგლიცერიდების დონის მატებას განაპირობებს.

ზოგიერთი, მათ შორის მემკვიდრეობითი, დაავადება იწვევს ლიპიდების რაოდენობის მომატებას სისხლში. ცუდად კონტროლირებადმა დიაბეტმა ან თირკმლების უკმარისობამ, შესაძლოა, საერთო ქოლესტეროლის ან ტრიგლიცერიდების რაოდენობის ზრდა განაპირობოს. ღვიძლის ზოგიერთი დაავადება და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი), ასევე შეიძლება საერთო ქოლესტეროლის დონის მატების მიზეზი იყოს.

ტრიგლიცერიდების მატება შესაძლებელია გამოიწვიოს ისეთი მედიკამენტების გამოყენებამ, როგორიცაა ესტროგენები (დასალევი აბების სახით), ორალური კონტრაცეპტივები, კორტიკოსტეროიდები, რეტინოიდები, თიაზიდური შარდმდენები (რამდენადმე) და ზოგჯერ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) სამკურნალო ანტივირუსული საშუალებები.

თამბაქოს მოწევა, ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლების დაავადებები (როგორიცაა ნეფროზული სინდრომი) ხელს უწყობენ მსლპ ქოლესტეროლის დაქვეითებას. სამკურნალო საშუალებებმა, როგორიცაა ბეტა-ბლოკერები და ანაბოლური სტეროიდები, შეიძლება შეამცირონ მსლპ ქოლესტეროლის დონე.

სიმპტომები

სისხლში ლიპიდების მომატებული რაოდენობა, ჩვეულებრივ, სიმპტომებს არ იწვევს. ზოგჯერ, როდესაც მაჩვენებლები განსაკუთრებულად მაღალია, ცხიმი ლაგდება კანსა და მყესებში და ქმნის ბორცვისებურ შემაღლებებს, რომელთაც ქსანთომები ეწოდება. ტრიგლიცერიდების მნიშვნელოვნად მომატებულმა რაოდენობამ შესაძლებელია ღვიძლისა და ელენთის ზომის მატება გამოიწვიოს და გაზარდოს პანკრეატიტის განვითარების რისკი. პანკრეატიტმა შესაძლოა მუცლის ძლიერი ტკივილი განაპირობოს და ფატალურიც კი აღმოჩნდეს.

ათეროსკლეროზის განვითარების რისკი იზრდება საერთო ქოლესტეროლის რაოდენობის მომატებასთან ერთად, მაშინაც კი, როდესაც მისი მაჩვენებელი დისლიპიდემიად არც კი ითვლება. ათეროსკლეროზულმა პროცესმა შეიძლება დააზიანოს გულის (იწვევს კორონარული არტერიების დაავადებას), თავის ტვინის (იწვევს ცერებროვასკულურ დაავადებებს) და სხეულის სხვა ნაწილების მკვებავი არტერიები (იწვევს პერიფერიული არტერიების დაავადებებს). ამგვარად, სისხლში საერთო ქოლესტეროლის მაღალი დონე ასევე ზრდის გულის შეტევისა ან ინსულტის განვითარების რისკს. საერთო ქოლესტეროლის დაბალი მაჩვენებელი, ზოგადად, უკეთეს მდგომარეობად ითვლება, ვიდრე რომელიმე მაჩვენებლის მატება. თუმცა, ქოლესტეროლის ძალიან დაბალი რაოდენობაც არ ითვლება ჯანსაღ მდგომარეობად. მოზრდილებისათვის, სასურველია, საერთო ქოლესტეროლის მაჩვენებელი 200 მგ/დლ-ზე ნაკლები იყოს. მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში (მაგალითად, ჩინეთსა და იაპონიაში), სადაც ქოლესტეროლის საშუალო მაჩვენებელი 150 მგ/დლ-ია, კორონარული არტერიების დაავადების სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე ისეთ ქვეყანაში, მაგალითად, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები. როდესაც საერთო ქოლესტეროლის მაჩვენებელი 300 მგ/დლ აღწევს, გულის შეტევის განვითარების რისკი თითქმის ორმაგდება.

საერთო ქოლესტეროლის მაჩვენებელი, ათეროსკლეროზის რისკის მხოლოდ ზოგადი განმსაზღვრელია. უფრო მნიშვნელოვანია, საერთო ქოლესტეროლის კომპონენტების – განსაკუთრებით დსლპ და მსლპ ქოლესტეროლის დონეები. დსლპ (ცუდი) ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებელი ზრდის რისკს. მსლპ (კარგი) ქოლესტეროლის მაღალი რაოდენობა ამცირებს რისკს, ხოლო დაბალი რაოდენობა (40 მგ/დლ-ზე ნაკლები) – ზრდის რისკს. ექსპერტების აზრით, ოპტიმალურია დსლპ ქოლესტეროლის რაოდენობა 100 მგ/დლ-ზე ნაკლები.

ბოლომდე ცხადი არაა, ტრიგლიცერიდების მომატებული რაოდენობა ზრდის თუ არა გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკს. პათოლოგიურად ითვლება, ტრიგლიცერიდების რაოდენობის მატება 150 მგ/დლ-ზე მეტად, თუმცა მომატებული რაოდენობა ყველასთვის არ იწვევს რისკის გაზრდას. ტრიგლიცერიდების მომატებული რაოდენობის შემთხვევაში, გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკი იზრდება იმ შემთხვევაში, თუ დაბალია მსლპ ქოლესტეროლი, პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, თირკმლების დაავადება ან ჰყავს ათეროსკლეროზის მქონე რამდენიმე ახლო ნათესავი (ოჯახური ანამნეზი).

დიაგნოზი

დიაგნოზის დასასმელად, სისხლის ნიმუშში განისაზღვრება ლიპიდური სპექტრი – საერთო, დსლპ, მსლპ ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების რაოდენობა. ლიპიდურის სპექტრის განსაზღვრა უნდა ჩაუტარდეს 20 წელზე უფროსი ასაკის ყველა პირს და განმეორდეს ყოველ 5 წელიწადში. საკვებისა და სასმელების მიღება, სისხლში დროებით იწვევს ტრიგლიცერიდების რაოდენობის მომატებას, ამიტომ გამოსაკვლევად სისხლის აღებამდე, საჭიროა, სულ მცირე 12-საათიანი შიმშილი.

როდესაც ლიპიდების რაოდენობა სისხლში ძალზე მომატებულია, მისი გამომწვევი სპეციფიკური მიზეზის გამოვლენის მიზნით ტარდება განსაზღვრული კვლევები. სპეციფიკური მიზეზები გულისხმობს რამდენიმე მემკვიდრულ დაავადებას (გენეტიკური დისლიპიდემია), რომელიც ლიპიდების სხვადასხვა სახის ცვლილებებს იწვევს და განსხვავებული რისკის მატარებელია.

მკურნალობა

ჩვეულებრივ, საუკეთესო მკურნალობა ჭარბწონიანისათვის – წონის დაკლება, მწეველებისათვის – თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, საკვებ რაციონში ცხიმებისა და ქოლესტეროლის შემცირება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა და საჭიროების შემთხვევაში, ლიპიდების დამაქვეითებელი საშუალებების მიღებაა.

საკვებ რაციონში ცხიმებისა და ქოლესტეროლის შემცირებას დსლპ ქოლესტეროლის დაქვეითება შეუძლია. ექსპერტების რეკომენდაციით, ცხიმების გზით მიღებული კალორიების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღიური კალორაჟის 25-35%.

ასევე მნიშვნელოვანია მიღებული ცხიმების სახეობა (იხ. ცხრილი გვ. 447). არსებობს ნაჯერი, პოლიუჯერი ან მონოუჯერი ცხიმები. ქოლესტეროლის რაოდენობის მატებას, ცხიმების სხვა სახეობებთან შედარებით, ყველაზე მეტად იწვევენ ნაჯერი ცხიმები. ნაჯერი ცხიმები დღიური კალორაჟის 7-10%-ზე მეტს არ უნდა შეადგენდნენ. პოლი- (მოიცავს ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმებს) და მონოუჯერმა ცხიმებმა შეიძლება შეამცირონ ტრიგლიცერიდებისა და დსლპ ქოლესტეროლის დონე სისხლში. საკვების უმრავლესობას იარლიყზე მითითებული აქვს ცხიმების შემადგენლობა.

დიდი რაოდენობით ნაჯერ ცხიმებს შეიცავს ხორცი, კვერცხის გული, მოუხდელი რძის პროდუქტები, ნიგვზის გარკვეული სახეობები (როგორიცაა მაკადამია – ავსტრალიური ნიგოზი) და ქოქოსი. მცენარეული ზეთები ნაკლები რაოდენობით ნაჯერ ცხიმებს შეიცავს, თუმცა მხოლოდ ზოგიერთი მცენარეული ზეთია რეალურად მცირე რაოდენობით ნაჯერი ცხიმების შემცველი.

მარგარინი, რომელიც პოლიუჯერი მცენარეული ზეთებისაგან იწარმოება, წინათ კარაქის ჯანსაღ შემცვლელად სახელდებოდა, რადგან კარაქი დიდი რაოდენობით ნაჯერ ცხიმებს შეიცავს (დაახლოებით 60%). თუმცა მარგარინის გარკვეული სახეობები (და ზოგიერთი მზა საკვები) ტრანს-ცხიმებს შეიცავს, რომელმაც შესაძლოა დსლპ (ცუდი) ქოლესტეროლის დონის მატება გამოიწვიოს და მსლპ (კარგი) ქოლესტეროლი – შეამციროს. თხევადი ცხიმებისაგან დამზადებულ მარგარინებში (რბილი მარგარინი), კარაქისაგან განსხვავებით, ნაკლები რაოდენობითაა ნაჯერი ცხიმები და არ შეიცავს ქოლესტეროლს, ხოლო ტრანს-ცხიმები მასში უფრო მცირე რაოდენობითაა, ვიდრე მყარ მარგარინებში. მარგარინები, რომლებიც მცენარეულ სტანოლებსა და სტეროლებს შეიცავს, მსუბუქად ამცირებენ საერთო და დსლპ ქოლესტეროლის დონეს.

რეკომენდებულია საკვებად დიდი რაოდენობით ხილის, ბოსტნეულის და ბურღულეულის მიღება, რომლებშიც ბუნებრივად მცირე რაოდენობით ცხიმია ან არ შეიცავს ქოლესტეროლს. ასევე რეკომენდებულია ხსნადი ბოჭკოს შემცველი საკვების მიღება, რომლებიც ნაწლავში ცხიმებს ბოჭავენ და ეხმარებიან ქოლესტეროლის რაოდენობის შემცირებას. ასეთი საკვებია შვრიის ქატო, შვრიის ბურღული, ლობიო, ბარდა, ბრინჯი, ქერი, ციტრუსი, მარწყვი და ვაშლის რბილობი. ფსილიუმმა, რომელიც შეკრულობის სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე შეიძლება შეამციროს ქოლესტეროლის დონე.

რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მაგალითად, სწრაფი ტემპით სიარული 30-45 წუთის განმავლობაში 3-4-ჯერ კვირაში, ამცირებს დსლპ ქოლესტეროლის დონეს და ზრდის მსლპ ქოლესტეროლს.

ლიპიდების დამაქვეითებელი საშუალებებით მკურნალობის დაწყების საჭიროება დამოკიდებულია არა მხოლოდ ლიპიდების რაოდენობაზე, არამედ კორონარული არტერიების დაავადების, დიაბეტის ან კორონარების დაზიანების სხვა რისკ-ფატორების არსებობაზე. კორონარული არტერიების დაავადების ან დიაბეტის მქონე პირებისათვის, სამიზნე დსლპ ქოლესტეროლის დონე ნაკლებია 100 მგ/დლ-ზე. ამიტომ ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ საჭიროა ლიპიდების დამაქვეითებელი საშუალების დანიშვნა. ხოლო მათთვის, ვისაც კორონარული არტერიების დაავადება ან დიაბეტი არ აქვთ, მაგრამ აქვთ კორონარული არტერიების დაავადებათა ორი ან მეტი სხვა რისკ-ფაქტორი, სამიზნე მაჩვენებელი 130 მგ/დლ ან ნაკლებია. რისკ-ფაქტორების არარსებობის ან ერთი რისკფაქტორის შემთხვევაში, სამიზნე მაჩვენებელი 160 მგ/დლ ან ნაკლებია.

ლიპიდების დამაქვეითებელი საშუალებების რამდენიმე სახეობა არსებობს: ნაღვლის მჟავების შემბოჭავები, ნიაცინი (ლიპოპროტეინების სინთეზის ინჰიბიტორი), ქოლესტეროლის ათვისების შემაფერხებელი საშუალებები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი დანამატები და სტატინები. თითოეული ჯგუფის მედიკამენტი ლიპიდების დონეს სხვადასხვა მექანიზმით ამცირებს. მაშასადამე, სხვადასხვა მედიკამენტს განსხვავებული გვერდითი ეფექტები აქვს და ლიპიდების შემცირებას განსხვავებული მექანიზმით ახდენენ. მედიკამენტებთან ერთად, რეკომენდებულია დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობით.

ლიპიდების დამაქვეითებელი საშუალებები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე მხოლოდ ლიპიდების დაქვეითებაა, ისინი ამავე დროს კორონარული არტერიების დაავადების პრევენციას ახდენენ. ამასთან, ნიაცინი და სტატინები ამცირებენ ნაადრევი სიკვდილის განვითარების რისკს.

მემკვიდრეობითი დისლიპიდემიები

ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონე მნიშვნელოვნად მაღალია გენეტიკური დისლიპიდემიების დროს, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმის მიერ ლიპიდების მეტაბოლიზმსა და ელიმინაციაზე. შესაძლებელია, გენეტიკურად იყოს განპირობებული მსლპ ქოლესტეროლის უჩვეულოდ დაბალი მაჩვენებელიც. გენეტიკური დისლიპიდემიების შედეგია ნაადრევად განვითარებული ათეროსკლეროზი, რომელმაც შესაძლოა გულის ანგინა ან შეტევა გამოიწვიოს. ასევე შესაძლო შედეგია პერიფერიული არტერიების დაავადება, რომელიც სისხლის ნაკადის შემცირებას იწვევს ქვედა კიდურებში, რაც სიარულის დროს ტკივილს (კოჭლობას) განაპირობებს. სხვა შესაძლო გართულებაა ინსულტი.

იშვიათი დაავადებების – ლიპოპროტეინ ლიპაზას დეფიციტისა და აპოლიპოპროტეინ CII დეფიციტის დროს, ვლინდება გარკვეული პროტეინების დეფიციტი, რომლებიც ტრიგლიცერიდების შემცველი ნაწილაკების ელიმინაციაში მონაწილეობს, შედეგად ორგანიზმიდან ვერ ხდება ქილომიკრონების მოცილება, რაც ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალ მაჩვენებლებს განაპირობებს. მკურნალობის გარეშე, ტრიგლიცერიდების რაოდენობა მნიშვნელოვნად მაღალია 1000 მგ/დლ-ზე. სიმპტომები ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდიდან იწყება და მოიცავს მუცლის ტკივილის განმეორებად ეპიზოდებს, ღვიძლის და ელენთის გადიდებას და მოვარდისფრო-მოყვითალო კვანძოვანი წარმონაქმნების არსებობას იდაყვის, მუხლების, დუნდულოების, ზურგის, ფეხების წინა ზედაპირის, მკლავების უკანა ზედაპირის კანზე. აღნიშნულ კვანძებს ერუფციული ქსანთომები ეწოდება და ცხიმის

გროვებს წარმოადგენს. საკვებად ცხიმების მიღება სიმპტომებს აუარესებს. მართალია, აღნიშნული მდგომარეობა ათეროსკლეროზის განვითარებას არ იწვევს, თუმცა შესაძლოა პანკრეატიტი გამოიწვიოს, რომელიც ზოგჯერ ფატალურად სრულდება. აღნიშნული დაავადების მქონე პირები უნდა მოერიდონ ყოველგვარი ცხიმის მიღებას – ნაჯერს, უჯერს და პოლიუჯერს.

ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემიის დროს, საერთო ქოლესტეროლის დონე მომატებულია. აღნიშნული მძიმე დაავადება ყოველი 500-დან ერთს აღენიშნება. გენეტიკურად შეიძლება გადაეცეს ერთი ან ორი პათოლოგიური გენი, თითო – თითოეული მშობლისაგან. ორი პათოლოგიური გენის მქონე (ჰომოზიგოტური) პირებს შორის დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე მხოლოდ ერთი პათოლოგიური გენის (ჰეტეროზიგოტური) შემთხვევაში. დაავადებულებს, შესაძლებელია ქუსლის, მუხლების, იდაყვების და თითების მყესების არეში გამოხატული ჰქონდეთ ცხიმოვანი დეპოზიტები (ქსანთომები). იშვიათად, ქსანთომები 10 წლის ასაკისათვის ვლინდება. ოჯახურმა ჰიპერქოლესტეროლემიამ შესაძლოა სწრაფად პროგრესირებადი ათეროსკლეროზი და კორონარული არტერიების დაავადების გამო – ნაადრევი გარდაცვალება გამოიწვიოს. ბავშვებს, ორი პათოლოგიური გენის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია 20 წლის ასაკისათვის განუვითარდეთ გულის ანგინა, ხოლო მამაკაცებს ერთი პათოლოგიური გენით – ხშირად უვითარდებათ კორონარული არტერიების დაავადება 30-50 წლის ასაკისათვის. მომატებული რისკი აქვთ ერთი პათოლოგიური გენის მქონე ქალებსაც, თუმცა იგი გვიან იჩენს თავს.

მკურნალობა დიეტით იწყება, რომელიც ნაჯერი ცხიმებისა და ქოლესტეროლის შემცირებას გულისხმობს. საჭიროების მიხედვით, რეკომენდებულია წონის დაკლება, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა და ფიზიკური აქტივობის გაზრდა. ჩვეულებრივ, საჭიროა ლიპიდების დამაქვეითებელი ერთი ან რამდენიმე საშუალების მიღება. ცალკეულ შემთხვევებში, ეფექტურია ღვიძლის გადანერგვა.

ოჯახური კომბინირებული ჰიპერლიპიდემიის დროს შესაძლებელია მომატებული იყოს ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდები ან ორივე. აღნიშნული დაავადება პოპულაციის 1-2%-ში აღინიშნება. ლიპიდების დონე პათოლოგიურად იცვლება 30 წლის ასაკიდან, თუმცა ზოგჯერ უფრო ახალგაზრდა ასაკიდანაც, განსაკუთრებით ჭარბი წონის, ცხიმით მდიდარი საკვები რაციონის ან მეტაბოლური სინდრომის დროს.

მკურნალობა გულისხმობს ცხიმების, ქოლესტეროლის და შაქრის მიღების შეზღუდვას, ისევე როგორც ფიზიკური აქტივობის გაზრდას და საჭიროების მიხედვით – წონის კლებას. აღნიშნული დაავადების მქონე პირების უმეტესობას მედიკამენტების მიღება ესაჭიროება.

ოჯახური დისბეტალიპოპროტეინემიის დროს მომატებულია ძდსლპ და საერთო ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების დონე. აღნიშნული მატების მიზეზია ძდსლპ უჩვეულო ფორმის დაგროვება სისხლში. იდაყვებისა და მუხლების მფარავ კანზე და ხელისგულებზე შესაძლებელია ცხიმოვანი დეპოზიტების (ქსანთომები) წარმოქმნა, რომლებიც მოყვითალო შეფერილობის ნაკეცების სახითაა. აღნიშნული იშვიათი დაავადება მძიმე ათეროსკლეროზული პროცესის ნაადრევად განვითარებას იწვევს. საშუალო ასაკისათვის, ათეროსკლეროზული პროცესი ხშირად იწვევს კორონარული და პერიფერიული არტერიების დახშობას. მკურნალობა მოიცავს სხეულის რეკომენდებული მასის მიღწევას და შენარჩუნებას, ქოლესტეროლის, ნაჯერი ცხიმების და ნახშირწყლების მიღების შეზღუდვას. ჩვეულებრივ, საჭიროა ლიპიდების დამაქვეითებელი საშუალებების მიღება. მკურნალობის შედეგად, ლიპიდების დონე შესაძლოა გაუმჯობესდეს და ათეროსკლეროზის პროგრესირება – შენელდეს, ხოლო კანის ცხიმოვანი დეპოზიტები ზომაში შემცირდეს ან გაქრეს.

ოჯახური ჰიპერტრიგლიცერიდემიის დროს ტრიგლიცერიდების რაოდენობა მომატებულია. აღნიშნული პრობლემა პოპულაციის 1%-ში გვხვდება. ზოგიერთ ოჯახში, სადაც აღნიშნული დაავადებაა, ათეროსკლეროზული პროცესი ახალგაზრდა ასაკიდანვე ვითარდება, ზოგ შემთხვევაში კი – არა. საჭიროების მიხედვით, წონის დაკლება და ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა – ტრიგლიცერიდების რაოდენობას ხშირად ნორმამდე ამცირებს. თუ აღნიშნული ღონისძიებები არაეფექტურია, შესაძლებელია ეფექტური აღმოჩნდეს ლიპიდების დამაქვეითებელი საშუალების დანიშვნა. დიაბეტის მქონე პირებისათვის მნიშვნელოვანია დაავადების კარგი კონტროლი.

ტრიგლიცერიდების მატების გამომწვევი გენეტიკური დაავადებების მქონე (როგორიცაა ოჯახური ჰიპერტრიგლიცერიდემია ან ოჯახური კომბინირებული ჰიპერლიპიდემია) პირებს შორის, გარკვეულმა დაავადებებმა ან ნივთიერებებმა შესაძლებელია ტრიგლიცერიდების რაოდენობა უკიდურესად მაღალ მაჩვენებლამდე გაზარდონ. დაავადებების მაგალითია – ცუდად კონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი და თირკმლების დისფუნქცია, ხოლო ნივთიერებებიდან – ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება ან ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც ზრდიან ტრიგლიცერიდების რაოდენობას. სიმპტომები მოიცავს ცხიმოვანი ჩანართების (ერუფციული ქსანთომები) არსებობას წვივების წინა და წინამხრის უკანა ზედაპირის კანზე, ელენთისა და ღვიძლის გადიდებას, მუცლის ტკივილს და შეხებისადმი მგრძნობელობის დაქვეითებას ნერვების დაზიანების გამო. აღნიშნულმა მდგომარეობამ შესაძლებელია პანკრეატიტი გამოიწვიოს, რომელიც ზოგჯერ ფატალურია. პანკრეატიტისა და ნერვების დაზიანების პრევენციისათვის ეფექტურია ცხიმების შეზღუდვა საკვებში (50 გ-მდე დღეში).

ასევე ეფექტური შეიძლება იყოს წონის დაკლება, ალკოჰოლის შეზღუდვა და ლიპიდების დამაქვეითებელი საშუალებების მიღება.

ჰიპოალფალიპოპროტეინემიის დროს დაქვეითებულია მსლპ ქოლესტეროლის დონე. დაბალი მსლპ ქოლესტეროლის მიზეზი ხშირად მემკვიდრეობითია და მისი გამოწვევა მრავალი განსხვავებული გენეტიკური პათოლოგიითაა შესაძლებელი.