1. გაუწყლოება (დეჰიდრატაცია)
  2. წყლის ბალანსი
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
გაუწყლოება (დეჰიდრატაცია)

გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) – ორგანიზმში წყლის დეფიციტია.

  • დეჰიდრატაცია შეიძლება გამოიწვიოს ღებინებამ, დიარეამ, ჭარბმა ოფლიანობამ და შარდმდენების მიღებამ;

  • ძლიერდება წყურვილის შეგრძნება და დეჰიდრატაციის გაუარესებისას მცირდება ოფლისა და შარდის გამოყოფა;

  • მძიმე დეჰიდრატაციის დროს, შესაძლოა გონების დაბინდვა ან სისუსტის შეგრძნება;

  • მკურნალობა მოიცავს დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების შევსებას, ჩვეულებრივ, სითხის დალევით ან ზოგჯერ ინტრავენური გადასხმით.

დეჰიდრატაცია ვლინდება, როდესაც ორგანიზმი კარგავს იმაზე მეტ წყალს, ვიდრე იღებს. ღებინებას, დიარეას, შარდმდენების გამოყენებას (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას), პროფუზულ ოფლიანობას (მაგალითად, ცხელების ან ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის დროს) დაწყლის მიღების შემცირებას შეუძლია დეჰიდრატაციის გამოწვევა.

დეჰიდრატაცია განსაკუთრებით ხშირია ასაკოვან პირებს შორის, ვინაიდან მათი წყურვილის ცენტრი ისე კარგად ვერ ფუნქციონირებს, როგორც ახალგაზრდების. ამიტომ, ზოგჯერ ასაკოვანმა პირმა, შეიძლება ვერც ამოიცნოს გაუწყლოება. ისეთი დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი,უშაქრო დიაბეტი და ადისონის დაავადება– ზრდიან შარდის გამოყოფას და ამგვარად იწვევენ დეჰიდრატაციას.

დეჰიდრატაცია ასევე ხშირია ჩვილებსა და ბავშვებს შორის, ვინაიდან დიარეის ან ღებინების დროს დაკარგული სითხეების რაოდენობა სხეულის მასასთან შეფარდებით უფრე მეტია, ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.

სიმპტომები და ნიშნები

დასაწყისში, გაუწყლოება ასტიმულირებს თავის ტვინის წყურვილის ცენტრს, რაც ადამიანს აიძულებს მეტი სითხის მიღებას. თუ წყლის მიღება ვერ აკმაყოფილებს დაკარგული სითხის შევსებას, გაუწყლოება შეიძლება დამძიმდეს. ოფლიანობა მცირდება და უფრო ნაკლები შარდი გამოიყოფა. სისხლის (სისხლის მოცულობის) და წნევის შესანარჩუნებლად, წყალი უჯრედის შიგნიდან სისხლის ნაკადში გადაინაცვლებს. თუ გაუწყლოება გრძელდება, ორგანიზმის ქსოვილები გამოშრობას იწყებს, ასევე შრება უჯრედები და ირღვევა მათი ფუნქცია. მსუბუქიდან საშუალო ხარისხის გაუწყლოებამდე დამახასიათებელი სიმპტომებია: წყურვილი, ოფლის გამოყოფის შემცირება, კანის ელასტიკურობის დაქვეითება, შარდის გამოყოფის დარღვევა და პირის სიმშრალე. მძიმე გაუწყლოებასთან ერთად, იკლებს არტერიული წნევა, რაც თავბრუხვევას ან გონების დაკარგვას იწვევს. განსაკუთრებით, ფეხზე დგომისას (მდგომარეობას ორთოსტატული ჰიპოტენზია ეწოდება). თუ გაუწყლოება გრძელდება, ვითარდება შოკი და შინაგანი ორგანოების, როგორიცაა, თირკმელები, ღვიძლი და თავის ტვინის – მძიმე დაზიანება. თავის ტვინის უჯრედები განსაკუთრებით მგრძნობიარეა უფრო მძიმე ხარისხის დეჰიდრატაციისადმი. აქედან გამომდინარე, კონფუზია მძიმე დეჰიდრატაციის ერთ-ერთი საუკეთესო მანიშნებელია. დეჰიდრატაციის ძალიან მძიმე ფორმას კომის განვითარება შეუძლია.

გაუწყლოების დიაგნოზი, ხშირად, სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით ისმება. ექიმები ლაბორატორიულ ანალიზებს ატარებენ მძიმე მდგომარეობის, გარკვეული მედიკამენტების მიღების ან დაავადებების შემთხვევაში. დეჰიდრატაცია, ნორმალურად, სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის გაზრდას იწვევს. დეჰიდრატაციის მიზეზის (როგორიცაა პროფუზული ოფლიანობა, ღებინება და დიარეა) მიუხედავად, ელექტროლიტების კარგვასთან ერთად (განსაკუთრებით ნატრიუმისა და კალიუმის), უფრო მეტი რაოდენობით სითხე იკარგება, ამგვარად სისხლში ნატრიუმის კონცენტრაცია იმატებს.

პრევენცია

უმჯობესია მდგომარეობის პრევენცია, ვიდრე მისი მკურნალობა. მოზრდილებმა დღეში, სულ მცირე, 6 ფინჯანი სითხე უნდა მიიღონ (მათ შორის, ისეთი საკვებიდან, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს სითხეს, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული). სითხეების მიღება უნდა გაიზარდოს ცხელ დღეებში და გახანგრძლივებული ფიზიკური ვარჯიშის დროს ან მის შემდეგ. ფიზიკური ვარჯიში, ცხელება და ცხელი ამინდი ზრდის ორგანიზმის მიერ წყალზე მოთხოვნილებას. შემუშავებულია სპეციალური არომატიზებული სპორტული სასმელები, რომელიც ჩაანაცვლებს ელექტროლიტების დანაკარგს ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის დროს. აღნიშნული სასმელების გამოყენება დეჰიდრატაციის პრევენციისათვისაც შესაძლებელია. ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე, გულისა და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებმა, კონსულტაცია უნდა გაიარონ ექიმთან, სითხეების უსაფრთხოდ მიღების თაობაზე.

მკურნალობა

მსუბუქი დეჰიდრატაციის სამკურნალოდ, სავსებით საკმარისია, დიდი რაოდენობით წყლის მიღება. საშუალო და მძიმე ხარისხის დეჰიდრატაციის დროს, უნდა მოხდეს დაკარგული ელექტროლიტების (განსაკუთრებით ნატრიუმი და კალიუმი) შევსებაც. ორალური სარეჰიდრატაციო ხსნარები, რომელიც საკმარისი რაოდენობით ელექტროლიტებს შეიცავს, რეცეპტის გარეშეა ხელმისაწვდომი. აღნიშნული ხსნარები კარგად მოქმედებს მსუბუქი დეჰიდრატაციის სამკურნალოდ ბავშვებში, განსაკუთრებით, თუ იგი ღებინებით ან დიარეითაა გამოწვეული. სპორტული სასმელები ყოველთვის არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით ელექტროლიტებს და სათანადოდ ვერ ჩაანაცვლებს სარეჰიდრატაციო ხსნარებს.

უფრო მძიმე ხარისხის დეჰიდრატაცია საჭიროებს მკურნალობას, ექიმის მიერ, სითხეების ინტრავენური გადასხმით, რომელიც ნატრიუმის ქლორიდს შეიცავს. დასაწყისში ინტრავენური ხსნარები ჩქარი ტემპით ისხმება, ხოლო მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, სიჩქარე ნელდება.

მკურნალობა ასევე მიმართულია გაუწყლოების მიზეზის აღმოსაფხვრელად. მაგალითად, დიარეის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო იყოს ისეთი მედიკამენტების დანიშვნა, რომლებიც აკონტროლებენ ან აჩერებენ მას.