1. სითხეებით გადატვირთვა (ჰიპერჰიდრატაცია)
  2. წყლის ბალანსი
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
სითხეებით გადატვირთვა (ჰიპერჰიდრატაცია)

ჰიპერჰიდრატაცია ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით სითხის არსებობაა.

  • სითხეებით გადატვირთვა შესაძლებელია ჭარბი რაოდენობით სითხეების მიღების ან ისეთი დაავადებების დროს, როდესაც ორგანიზმიდან სითხეების გამოდევნის უნარი დაქვეითებულია;

  • ხშირად, სიმპტომები არ ვლინდება ან შესაძლებელია კონფუზიის განვითარება ან კრუნჩხვა;

  • იზღუდება სითხეების მიღება და შესაძლოა დაინიშნოს შარდმდენი საშუალებები.

სითხით გადატვირთვა ვითარდება, როდესაც ორგანიზმში ხვდება უფრო მეტი რაოდენობით სითხე, ვიდრე გამოიყოფა. იგი შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, თუ ათლეტები, გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, სვამენ ჭარბი რაოდენობით წყალს ან სპორტულ სასმელებს, ან ადამიანი სვამს იმაზე მეტი რაოდენობით სითხეს, ვიდრე ორგანიზმს ეს სჭირდება, მაგალითად, ფსიქიატრიული დაავადების დროს, რომელსაც ფსიქოგენური პოლიდიფსია ეწოდება. შედეგად ორგანიზმში ხვდება დიდი რაოდენობით სითხე და არასაკმარისი რაოდენობით ნატრიუმი. ამგვარად, სითხეებით გადატვირთვა, ზოგადად, სისხლში ნატრიუმის რაოდენობის შემცირებას (ჰიპონატრემია) იწვევს, რომელიც სახიფათოც კი შეიძლება იყოს. თუმცა, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება არ იწვევს ჰიპერჰიდრატაციას, თუ ჰიპოფიზი, თირკმელები, ღვიძლი და გული ნორმალურად მუშაობს. იმისათვის, რომ ორგანიზმის მიერ გამოყოფილ სითხეს გადააჭარბოს, თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე ახალგაზრდა მოზრდილმა ადამიანმა, რეგულარულად უნდა მიიღოს 6 გალონზე მეტი წყალი დღეში.

სითხით გადატვირთვა უფრო ხშირია პაციენტებში, რომელთა თირკმლები ნორმალურად ვერ გამოყოფს შარდს – მაგალითად, გულის, თირკმლების ან ღვიძლის დაავადების დროს. იგი ასევე, ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის შედეგად ვითარდება. აღნიშნული სინდრომის დროს, ჰიპოფიზი გამოყოფს დიდი რაოდენობით ანტიდიურეზულ ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს თირკმელების მიერ წყლის შენახვას, მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არაა. ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებს სითხით გადატვირთვა შეიძლება განუვითარდეთ თუ ინტრავენურად დიდი რაოდენობით სითხეებს გადაუსხამენ.

სითხით გადატვირთვისა და სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა თავის ტვინის უჯრედები. როდესაც სითხით გადატვირთვა ნელა ვითარდება, თავის ტვინის უჯრედები ადაპტაციას ახდენენ და სიმპტომები მცირედაა გამოხატული, ხოლო როდესაც იგი სწრაფად ვითარდება, კონფუზია, კრუნჩხვები ან კომა შეიძლება განვითარდეს.

ექიმები ცდილობენ დიფერენცირება მოახდინონ სითხით გადატვირთვასა და სისხლის ჭარბ მოცულობას შორის. ჰიპერჰიდრატაციისა და სისხლის ნორმალური მოცულობის დროს, ჭარბი სითხე, ჩვეულებრივ, უჯრედის შიგნით გადაინაცვლებს და ქსოვილების შეშუპება (ედემა) არ გამოვლინდება. როდესაც ჰიპერჰიდრატაციასთან ერთად სისხლის მოცულობა დიდია, ნატრიუმის ჭარბი რაოდენობა იცავს სითხის ჭარბ რაოდენობას უჯრედის შიგნით გადაადგილებისაგან. სანაცვლოდ, ჭარბი რაოდენობით სითხე გროვდება უჯრედების ირგვლივ, რაც იწვევს შეგუბებას გულმკერდში, მუცელსა და ქვედა კიდურებში.

მკურნალობა

ჰიპერჰიდრატაციის მიზეზის მიუხედავად, უნდა შეიზღუდოს სითხეების მიღება (მხოლოდ ექიმის რჩევით). დღის მანძილზე ერთ კვარტაზე (დაახლოებით 1.14 ლ) ნაკლები რაოდენობის სითხის მიღება, რამდენიმე დღეში გააუმჯობესებს მდგომარეობას. თუ სითხით გადატვირთვა გულის, ღვიძლის ან თირკმლების დაავადებითაა გამოწვეული, ასევე სასარგებლო იქნება ნატრიუმის (ნატრიუმი სხეულში აკავებს სითხეს) შეზღუდვა.

ზოგჯერ ექიმები ნიშნავენ წამალს, რომელიც ორგანიზმიდან შარდის გზით სითხისა და ნატრიუმის გამოყოფას აძლიერებენ (შარდმდენები). ზოგადად, შარდმდენები მეტად ეფექტურია, როდესაც სითხით გადატვირთვას თან ახლავს სისხლის მოცულობის მატება.