უწყვეტი სამედიცინო დახმარება საუკეთესო მიდგომაა, როცა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მოწესრიგებულად და ურთიერთშეთანხმებულად ხდება, მიუხედავად იმისა, რომ მასში სხვადასხვა დაწესებულების რამდენიმე სხვადასხვა სპეციალისტია ჩართული. ამასთანავე, ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, მათ შორის თავად პაციენტიც, ერთმანეთთან ურთიერთობს და თანამშრომლობს, რათა დახმარება კოორდინირებული იყოს და ჯანმრთელობის დაცვისაკენ მიმართული მიზნები სწორად დაისახოს.
უწყვეტი სამედიცინო დახმარება ყოველთვის ადვილი არ არის, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა რთული და დანაწევრებულია. უწყვეტობის გარეშე პაციენტებმა შესაძლოა სწორად ვერ აღიქვან თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვერ გაარკვიონ, რომელ სპეციალისტს დაელაპარაკონ ამა თუ იმ პრობლემების ან შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში.
უწყვეტი სამედიცინო დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოხუცებისთვის არის. მათ უფრო ხშირად ჰყავთ რამდენიმე ექიმი (სხვადასხვა ორგანოთა სისტემის თუ ჯანმრთელობის პრობლემის მკურნალობაში დახელოვნებული სპეციალისტები), და შესაბამისად, ერთი დაწესებულებიდან მეორეში უწევთ გადაადგილება (ამას სამედიცინო გადამისამართება – ე.წ. "რეფერალი" ეწოდება). მოხუცების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში შესაძლოა ჩართული იყოს რამდენიმე ექიმი, საავადმყოფო, რეაბილიტაციის ცენტრი ან გახანგრძლივებული მზრუნველობის დაწესებულება.
მრავალი სპეციალისტი: რამდენიმე სპეციალისტის ყოლა სხვადასხვა დაწესებულებაში შესაძლოა ხელის შემშლელი იყოს მოხუცი ადამიანის უწყვეტ სამედიცინო დახმარებაში. მაგალითად, ერთ-ერთ ექიმს შეიძლება არ ჰქონდეს სწორი ინფორმაცია სხვა სპეციალისტების მიერ გაწეულ სამედიცინო დახმარებაზე ან დანიშნულ მკურნალობაზე. მან შესაძლოა არ იცოდეს პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვაში ჩართული სხვა ექიმების ვინაობა ან არ მოაფიქრდეს მათთან დაკავშირება. პაციენტმა მკურნალობის შესახებ ინფორმაცია შეიძლება არასწორად დაიმახსოვროს, გადასცეს ან გაიგოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხანდაზმულობასთან დაკავშირებული დაავადება გავლენას ახდენს მის მეტყველებაზე, მხედველობაზე ან აზროვნებაზე, რაც ართულებს ეფექტურ კომუნიკაციას. მოხუცმა პაციენტმა შესაძლოა ერთ სპეციალისტს რაიმე მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ უთხრას, მაგრამ დაავიწყდეს ამის ხსენება სხვებთანაც. სამედიცინო დახმარების უწყვეტობის (და საუკეთესო ხარისხის) უზრუნველსაყოფად, მასში ჩართულ ყველა სპეციალისტს, სრული, ახალი და სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს სხვა კოლეგების მიერ გაწეულ დახმარებაზე, განსაკუთრებით, ჩატარებული გამოკვლევებისა და დანიშნული წამლების შესახებ. ამ ყველაფრის გარეშე ან ინფორმაციის არასწორად მიწოდებისას, შეიძლება:
სხვადასხვა ექიმს შეიძლება სხვადასხვა აზრი ჰქონდეს პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგალითად, სტაციონარის ექიმი შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ოჯახის ექიმს ოპერაციული მკურნალობის საჭიროებასთან ან გაწერის შემდეგ პაციენტის მოხუცებულთა სახლში გადაყვანასთან დაკავშირებით. მოხუცებულიც და მისი ოჯახის წევრებიც შეიძლება დაიღალონ და დაიბნენ ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო.
ბევრი რეცეპტით გაცემული მედიკამენტის მიღების შემთხვევაში (რაც ხშირია ხანში შესულებში), პაციენტებმა წამლები შესაძლოა სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში შეიძინონ (მაგალითად, კლინიკასთან ყველაზე ახლოს მდებარეში). ამ შემთხვევაში ფარმაცევტმა შეიძლება არ იცოდეს, სხვა რა წამლებს იღებს ეს ადამიანი და შესაბამისად, ვერ განსაზღვროს, ახლად დანიშნული მედიკამენტი უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ადრე დანიშნულზე.
მრავალი დაწესებულება: სამედიცინო დახმარებაში ერთზე მეტი დაწესებულების მონაწილეობისას, მაგალითად, პაციენტის საავადმყოფოდან კვალიფიციური საექთნო სერვისების მქონე მოხუცებულთა სახლში გადასვლისას, იზრდება შეცდომების რისკი. სტაციონარში პაციენტს შესაძლოა ახალი წამლები გამოუწერონ, რომლებიც იგივეა, რაც მის მიერ უკვე მიღებული მედიკამენტები ან უარყოფითად ურთიერთქმედებს მათთან. ზოგჯერ ადრე დანიშნული საჭირო სამკურნალო საშუალებები მხედველობიდან უნებლიედ გამორჩებათ ხოლმე. მაშინაც კი, თუ მედიკამენტური მკურნალობის ცვლილება ადეკვატურია, ამის შესახებ სრული ინფორმაცია შეიძლება ყველა სპეციალისტს არ მიეწოდოს, მაგალითად, ოჯახის ექიმს.
ასეთი სირთულეების თავიდან ასაცილებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამჟამინდელი წესებით სავალდებულოა, რომ ჯანდაცვის დაწესებულებაში წამალთა შეჯამება გაკეთდეს ყოველთვის, როცა პაციენტი ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადადის, ან ახალი მედიკამენტები ინიშნება, ან ძველი რეცეპტები გაახლდება. წამალთა შეჯამება მოიცავს ახლად დანიშნული სამკურნალო საშუალებების შედარებას იმათთან, რომლებსაც პაციენტი უკვე იღებს, რათა გამოირიცხოს ერთი და იმავე მედიკამენტის დანიშვნა ან რომელიმეს გამორჩენა. დაწესებულების შეცვლისას მოხუც პაციენტს ან მის მომვლელს შეუძლიათ, ჰკითხონ საავადმყოფოს თანამშრომელს, მაგალითად, ექთანს, ექიმს ან სოციალურ მუშაკს, გაკეთდა თუ არა წამალთა შეჯამება. ამასთან, აუცილებელია, რომ ახლად გამოწერილი წამლების ჩამონათვალის ასლი პაციენტსაც ჰქონდეს. მანაც უნდა შეადაროს ისინი მიღებულ წამლებს და დარწმუნდეს, რომ ერთი და იგივე მედიკამენტი ორჯერ არ აქვს დანიშნული. შეკითხვის გაჩენის შემთხვევაში საჭიროა ოჯახის ექიმთან დაკავშირება. საერთოდ, აუცილებელია საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე ჩაწერა. ასეთ შემთხვევაში ის შეძლებს გადახედოს საავადმყოფოში დანიშნულ წამლებსა და მკურნალობას.
მრავალი წესი: ჯანდაცვის სისტემას მრავალი წესი აქვს, რომლებიც გავლენას ახდენს სამედიცინო დახმარების უწყვეტობაზე. ეს წესები შეიძლება შეიმუშაოს მთავრობამ, სადაზღვევო კომპანიებმა ან სპეციალისტთა პროფესიულმა ორგანიზაციებმა. მაგალითად, ზოგ სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულებს მხოლოდ გარკვეულ კლინიკებში შეუძლიათ მომსახურების მიღება. თუ პაციენტის პირადი ექიმი, ასეთ დაწესებულებაში არ მუშაობს, ის პაციენტს სამედიცინო დახმარებას ვერ გაუწევს. აღნიშნულის გამო, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის სპეციალისტებს შორის გაზიარება შეიძლება ვერ მოხერხდეს.
სამედიცინო დახმარების მიუწვდომლობა: უწყვეტ სამედიცინო დახმარებას ზოგჯერ ხელს ისიც უშლის, რომ იგი მისაწვდომი არ არის ადამიანებისთვის. მაგალითად, მოხუცებული შესაძლოა ვერ მივიდეს ექიმთან დაგეგმილ კონსულტაციაზე ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემის გამო. იგი შეიძლება არ გაესინჯოს ექიმს დაზღვევის უქონლობის ან საფასურის ხელმიუწვდომლობის მიზეზით.
სამედიცინო დახმარების უწყვეტობის უზრუნველყოფაში ჩართული უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა, თავად პაციენტი და მისი ოჯახის წევრები.
მართვადი სამედიცინო დახმარების ორგანიზაციები და ჯანდაცვის ზოგი სამთავრობო პროგრამა მართავს და კოორდინაციას უწევს პაციენტებისათვის შეთავაზებულ ყველა სამედიცინო სერვისს და შესაბამისად, გავლენას ახდენს დახმარების უწყვეტობაზე. ამასთან, ჯანდაცვის სისტემებს შემუშავებული აქვთ სხვადასხვა მიდგომა სამედიცინო დახმარების უწყვეტობის გასაუმჯობესებლად. მათ შორისაა:
ინტერდისციპლინური მზრუნველობა: ინტერდისციპლინური მზრუნველობა კოორდინირებული სამედიცინო დახმარებაა, რომელშიც მრავალი სპეციალისტია ჩართული, მათ შორის ექიმები, ექთნები, ფარმაცევტები, დიეტოლოგები, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები და სოციალური მუშაკები. ეს ადამიანები გააზრებულად, ერთობლივად ცდილობენ, რომ გააუმჯობესონ კომუნიკაცია, კოორდინაცია და შეთანხმდნენ პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ინტერდისციპლინური მზრუნველობის მიზანია პაციენტის ერთი სპეციალისტიდან მეორესთან გადამისამართება და ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადასვლა უსაფრთხო და ადვილი იყოს. ის ასევე ისახავს მიზნად, რომ თითოეულ პრობლემას ყველაზე კვალიფიციურმა სპეციალისტმა მიხედოს და ერთი და იგივე მკურნალობა ორჯერ არ ჩატარდეს. ინტერდისციპლინური მზრუნველობის მიღება ყველგან არ არის შესაძლებელი.
ეს მიდგომა განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როცა მკურნალობის პროცესი რთულია ან ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადასვლას მოიცავს. ასეთი მზრუნველობა ყველაზე სასარგებლო იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ძალიან სუსტადაა, მრავალი დაავადება აქვს, რამდენიმე სხვადასხვა ექიმთან უწევს მისვლა ან წამლების მიღების გამო გვერდითი მოვლენები განუვითარდა.
სპეციალისტები, რომლებიც ერთი რომელიმე პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ინტერდისციპლინურ გუნდს ქმნიან. მას, როგორც წესი, ერთ-ერთი ექიმი, ხშირად პაციენტის ოჯახის ექიმი ხელმძღვანელობს.
ზოგჯერ ასეთი გუნდის სპეციალისტები ყოველთვის ერთად არ მუშაობენ (რასაც სპეციალურად ამ შემთხვევისთვის შექმნილი, ანუ "დროებითი გუნდი" ეწოდება). ისინი პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე იკრიბებიან. სხვა შემთხვევებში შესაძლოა მყარად ჩამოყალიბებული – ე.წ. "მუდმივი გუნდი" არსებობდეს, რომლის სპეციალისტებიც ხშირად ერთად მუშაობენ და მრავალ პაციენტს გუნდურად უწევენ დახმარებას. ზოგ მოხუცებულთა სახლს, საავადმყოფოსა და ჰოსპისს ჰყავს ასეთი "მუდმივი გუნდები".
ამ ჯგუფის წევრები განიხილავენ სამედიცინო მზრუნველობის გეგმას და ერთმანეთს ატყობინებენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მკურნალობის ცვლილებებს, გამოკვლევისა და გასინჯვის შედეგებს. ისინი უზრუნველყოფენ, რომ ყოველივე ზემოხსენებულის შესახებ სამედიცინო ჩანაწერები მუდმივად ახლდებოდეს და თან მიჰყვებოდეს პაციენტს, ჯანდაცვის რომელ დაწესებულებაშიც არ უნდა მოხვდეს იგი. ამ გზით დაწესებულების ან სპეციალისტის შეცვლა უფრო იოლი და ნაკლებად პრობლემურია პაციენტისთვისაც და სამედიცინო პერსონალისთვისაც. ამასთან, შედარებით ნაკლებია გამოკვლევების განმეორებით და უსარგებლოდ ჩატარების, აგრეთვე, მკურნალობის გეგმაში შეცდომის დაშვების რისკი.
ინტერდისციპლინური გუნდი მოიცავს თავად მოხუც პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს ან ახლობლებს. იმისთვის, რომ მზრუნველობა საუკეთესო იყოს, ეს ადამიანები აქტიურად უნდა იყონ ჩართული გუნდის მუშაობაში და ურთიერთობა ჰქონდეთ გუნდში შემავალ სამედიცინო პერსონალთან.
გერიატრიული მზრუნველობის მმართველები (მენეჯერები): ეს ადამიანები უზრუნველყოფენ ხანში შესული პაციენტისათვის საჭირო დახმარებასა და მზრუნველობას. მათი უმრავლესობა სოციალური მუშაკი ან ექთანია. ისინი ინტერდისციპლინური გუნდის წევრებიც შეიძლება იყვნენ. გერიატრიული მზრუნველობის მმართველებს შეუძლიათ დაგეგმონ სამედიცინო დახმარების საკითხები და მეთვალყურეობა გაუწიონ მათ. მაგალითად, გერიატრიული მზრუნველობის მმართველს შეუძლია დაგეგმოს ექთნის ბინაზე ვიზიტი ან საოჯახო საქმეებში, დალაგებასა და სამზარეულოში დახმარებისათვის შესაბამისი პერსონალის მისვლა სახლში. მას ასევე შეუძლია დაუკავშირდეს სააფთიაქო ქსელს, რომელიც მიუტანს პაციენტს მედიკამენტებს ან უზრუნველყოფს მოხუცებულის ტრანსპორტირებას კლინიკამდე. ასეთი სპეციალისტების რიცხვი შედარებით მცირეა.
სამედიცინო დახმარების უწყვეტობის გასაუმჯობესებლად მოხუცებს ან მათ მომვლელებს შეუძლიათ, უფრო აქტიურად ჩაერთონ ყველა პროცესში, რაც გულისხმობს ჯანდაცვის მუშაობის დეტალების გაცნობას და იმის გარკვევას, თუ რა უშლის ხელს უწყვეტობას და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს იგი (მაგალითად, მზრუნველობის მმართველების ან სოციალური მუშაკების ჩართვით). ასევე მნიშვნელოვანია მეტის ცოდნა საკუთარი დაავადებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ.
აქტიური ჩართულობა კომუნიკაციით იწყება – ინფორმაციის გაცემითა და მიღებით. თუკი ასაკოვან ადამიანს ჯანმრთელობის შესახებ კითხვები ან განსაკუთრებული საჭიროებები აქვს, იგი ან მისი ოჯახის წევრები ამის თაობაზე ექიმებს უნდა დაელაპარაკონ. მაგალითად, ამერიკაში ხანში შესულ პაციენტებს ხშირად დახმარება სჭირდებათ იმის გასარკვევად, რეცეპტით გაცემული რომელი მედიკამენტების საფასურს ფარავს მათი სახელმწიფო პროგრამა.
თუკი ინტერდისციპლინური გუნდის ჩამოყალიბება ან გერიატრიული მზრუნველობის მმართველის საქმეში ჩართვა ვერ ხერხდება, პაციენტები და მათი ოჯახის წევრები მეტად უნდა გააქტიურდნენ. მაგალითად, მოხუც ადამიანსა და მის მომვლელებს მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეთ რომელიმე სპეციალისტთან მაინც, როგორც წესი, ოჯახის ექიმთან, რათა მაქსიმალურად შემცირდეს სხვადასხვა ექიმის ყოლასთან დაკავშირებული სირთულეები. მოხუცი პაციენტები უნდა დარწმუნდნენ, რომ ოჯახის ექიმმა იცის მათი მდგომარეობისა და წამლების ცვლილებების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი სხვა სპეციალისტმა ახალი დიაგნოზი დასვა ან შეცვალა მკურნალობის რეჟიმი. პაციენტებს შეუძლიათ, სთხოვონ მკურნალობაში ჩართულ ერთ ექიმს, დაურეკოს და დაელაპარაკოს მეორეს, რათა ინფორმაცია სრულად და ზუსტად გადაიცეს და მკურნალობაც შესაბამისი იყოს.
აქტიური ჩართულობა სპეციალისტთან (ხშირად ეს ოჯახის ექიმია) რეგულარულ ვიზიტებსა და მითითებების შესრულებასაც მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია, დასვათ კითხვები დაავადების, მკურნალობის და სამედიცინო დახმარების სხვა საკითხების შესახებ. აქტიური ჩართულობის ნაწილია დაავადებათა თავიდან აცილების მეთოდების (პრევენციული ღონისძიებების) გაცნობა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მათ განსახორციელებლად.
დაავადების მქონე ადამიანებისთვის აქტიური ჩართულობა საკუთარ თავზე დაკვირვებასაც მოიცავს. მაგალითად, მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში პაციენტს შეუძლია რეგულარულად გაიზომოს წნევა. დიაბეტის მქონეები კი სისხლში შაქრის დონეს მუდმივად უნდა იკონტროლებდნენ.
საკუთარი სამედიცინო ისტორიის ასლის ქონა პაციენტებს ეხმარება, ჩაერთონ სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაში. ამ ასლების მიღება ექიმისგან შეიძლება. სამედიცინო ჩანაწერები პაციენტს გამოადგება დაავადების, დანიშნული წამლების, მკურნალობის, კვლევებისა და მომსახურების საფასურის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად. ასეთი მონაცემებით პაციენტს ექიმისთვის პრობლემის ახსნაც უადვილდება. სპეციალურად ამ მიზნით დოკუმენტების სათავსოები, საქაღალდეები, კომპიუტერული და ინტერნეტ-პროგრამებია შექმნილი. როცა მკურნალობაში ერთზე მეტი ექიმია ჩართული, ადამიანებს შეუძლიათ თავისი პირადი ჩანაწერებიც აწარმოონ: როდის და რა სახის კვლევა, პროცედურა ჩატარდა, რა დიაგნოზი დაისვა. პაციენტებს სულ მცირე იმ წამლების ჩამონათვალი მაინც უნდა ჰქონდეთ (როგორც რეცეპტით ასევე ურეცეპტოდ გასაცემი), რომლებსაც იღებენ, დოზასთან და მედიკამენტის დანიშვნის მიზეზთან ერთად. ეს ჩამონათვალი მათ მუდამ თან უნდა იქონიონ ექიმთან ვიზიტისას.
საავადმყოფოში ან ახალ ექიმთან მისვლის შემთხვევაში, აუცილებელია დაზუსტდეს, მიღებულია თუ არა სამედიცინო ისტორია წინა დაწესებულებიდან.
ასევე მნიშვნელოვანია ყველა წამლის (ურეცეპტოდ და რეცეპტით გასაცემის) ყიდვა ერთსა და იმავე სააფთიაქო ქსელში ან ერთი საფოსტო შეკვეთების ორგანიზაციაში, იქ მომუშავე ფარმაცევტების გაცნობასთან ერთად. მოხუცებს შეუძლიათ ჰკითხონ მათ, რაც აინტერესებთ წამლებთან დაკავშირებით და ასევე, სთხოვონ მედიკამენტებისთვის ისეთი სათავსოები, რომლებიც იოლად იხსნება და ინსტრუქციები, რომელთა წაკითხვაც ადვილია.