მოხუცებულთა სახლები | მკურნალი.გე
  1. მოხუცებულთა სახლები
  2. ხანგრძლივი მოვლა
  3. მოხუცებულთა ჯანმრთელობა
მოხუცებულთა სახლები

მოხუცებულთა სახლები გამიზნულია მათთვის, ვისაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, რომლისთვისაც საავადმყოფოში მოთავსება არ არის აუცილებელი. გადაწყვეტილება ასეთ დაწესებულებაში გადასვლის შესახებ შესაძლოა გარემოებების შეცვლამაც გამოიწვიოს, მაგალითად, არსებული დავადების მიმდინარეობის უეცარმა დამძიმებამ, ხანდაზმული ადამიანის ტრავმამ; მოხსენიებულის გამო ყოველდღიური საქმიანობის უნარი შესაძლოა სწრაფად ან თანდათან დაქვეითდეს. ზოგჯერ ოჯახური სიტუაციის შეცვლის გამო ფერხდება პაციენტის მოვლა.

"მოხუცებულთა სახლს" ზოჯერ ხანგრძლივი მოვლის ნებისმიერ დაწესებულებას უწოდებენ, რაც რეალობას არ შეესაბამება. ამერიკაში მოხუცებულთა სახლის სტატუსი მხოლოდ იმ დაწესებულებებს ენიჭება, რომლებიც ლიცენზირებული არიან შტატის მიერ და შეუძლიათ უზრუნველყონ როგორც ბაზისური, ასევე სპეციალიზებული საექთნო მოვლა. ეს უკანასკნელი გულისხმობს სპეციალურად მომზადებული ექთნის საქმიანობას. მოხუცებულთა სახლის სამედიცინო პერსონალი ძირითადად ექთნებით არის წარმოდგენილი; ისინი სახლის ბინადრებს წამლებს აძლევენ, მეთვალყურეობენ დაავადების მიმდინარეობას, მკურნალობის რეჟიმს, ინფორმაციას აწვდიან ექიმს, გეგმავენ დაწესებულებაში მიმდინარე ღონისძიებების უმრავლესობას. ექთნების გუნდი წარმოდგენილია რეგისტრირებული (ყველაზე მაღალკვალიფიციური) ექთნებით, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ექთნებით, ექთნის დამხმარეებით და უფროსი ექთნით, რომელიც ზედამხედველობს მიმდინარე საქმიანობას.

მოხუცებულთა სახლს ჰყავს სამედიცინო დირექტორი – ექიმი, რომელიც თვალყურს ადევნებს სამედიცინო საქმიანობას. ზოგიერთ მოხუცებულთა სახლში სამედიცინო დირექტორი დაწესებულების ერთადერთი ექიმია, ზოგში კი რამდენიმე ექიმია, რომლებიც მუშაობენ პრაქტიკოს ექთნებთან ან ექიმის ასისტენტებთან ერთად. ზოგჯერ პაციენტს უვლის ის ექიმი, რომელიც მას სამედიცინო დახმარებას უწევდა მოხუცებულთა სახლში გადაყვანამდე. სხვა შემთხვევაში თავად სახლის ბინადარი ან თავად ირჩევს, ან მოხუცებულთა სახლი შეურჩევს ექიმს. დადგენილი წესის შესაბამისად, ექიმმა, პრაქტიკოსმა ექთანმა ან ექიმის ასისტენტმა ყოველი ბინადარი ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა გასინჯოს. ბევრ მათგანს ექიმი უფრო ხშირადაც მოინახულებს, თუ მათ ქრონიკული დაავადების გამო სჭირდებათ მკურნალობა ან სხვა ესა თუ ის დაავადება უვითარდებათ, მაგალითად, ინფექცია ან ცნობიერების დაბინდვა. გარდა ამისა, ექთნებმა შესაძლოა ექიმს მიმართონ სამკურნალო რეჟიმში პრობლემებისა და ცვლილებების განსასჯელად.

მოხუცებულთა სახლებს სამედიცინო დახმარების სხვა საშუალებებიც აქვს, მაგალითად, ჟანგბადით მკურნალობისთვის საჭირო მოწყობილობა, მედიკამენტების, სითხეების ვენაში გადასხმის (ინტრავენური თერაპია) შესაძლებლობა. თითქმის ყველა მათგანში ტარდება რეაბილიტაციის სეანსები ფიზიკური, შრომითი, სუნთქვითი და მეტყველების თერაპიის სახით. მოხუცებულთა სახლის ბევრი ბინადარი სწორედ რეაბილიტაციისთვის ხვდება იქ და რამდენიმე კვირის შემდეგ შინ ბრუნდება.

სტომატოლოგებმა და სხვა სპეციალისტებმა, მაგალითად, პოდიატრებმა, ოფთალმოლოგებმა, ნევროლოგებმა ან ფსიქიატრებმა შეიძლება ადგილზევე გასინჯონ პაციენტი და უმკურნალონ მას, მაგრამ უფრო ხშირად, სპეციფიკური დაავადების არსებობის შემთხვევაში, მოხუცებულთა სახლის ბინადარი სამკურნალოდ სხვა დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ზოგ მოხუცებულთა სახლს სპეციალური განყოფილება აქვს დემენციით დაავადებული პირებისთვის. ამ განყოფილებებში სათანადოდ მომზადებული ექთნები მუშაობენ. ბევრი დაწესებულება უკურნებელი დაავადების ბოლო სტადიაში თავის ბინადართ პალიატიურ მზრუნველობასაც სთავაზობს.

თითქმის ყველა მოხუცებულთა სახლს ჰყავს სოციალური მუშაკი. ის ეხმარება ხანდაზმულებს ახალ პირობებთან შეგუებაში, ყურადღებას აქცევს მარტოხელა, სხვებისგან განცალკევებულ მოხუცებს, ეხმარება მათ, პერსონალს და ოჯახის წევრებს ერთმანეთთან ურთიერთობაში. სოციალურმა მუშაკმა შეიძლება ხელი შეუწყოს მცხოვრებლებსა და მათ ახლობლებს ფინანსური საკითხების მოგვარებაში, მაგალითად, ასწავლოს, როგორ მოითხოვონ მედიქეარის ან მედიქაიდის დაფინანსება.

სოციალური მუშაკები ხშირად ეხმარებიან ჯანდაცვის სპეციალისტებს სამედიცინო დახმარების კოორდინაციაში. ისინი გუნდურად მუშაობენ თითოეული პაციენტის მდგომარეობის მაქსიმალურად გაუმჯობესებისთვის და სიცოცხლის ხარისხის შესაძლებლობის ფარგლებში ამაღლებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მოხუცებულთა სახლი საავადმყოფოს უფრო ჰგავს, ვიდრე საცხოვრებელს, პერსონალი ცდილობს, რომ დაწესებულებაში გარემო, დაწესებულების შინაგანაწესი ოჯახურ ყოფას დაემსგავსოს, ხელს უწყობს მცხოვრებლების შეძლებისდაგვარად ჩაერთონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, მკურნალობაში. ზოგ მოხუცებულთა სახლში შინაური ცხოველის ყოლაც დასაშვებია, მცხოვრებლებს ხელს უწყობენ იმაში, რომ დაკავდნენ საყვარელი საქმიანობით ან ახალი ჰობი გაიჩინონ, ჰქონდეთ კომუნიკაცია დაწესებულების მახლობლად მცხოვრებ ყველა ასაკის ადამიანთან. ასეთი პირობების შექმნა საკმაოდ რთულია, რადგან ხშირად მოხუცებულთა სახლის მცხოვრებლები ავად, სუსტად არიან. ბევრ დაწესებულებას აქვს სასადილო და გასართობი ოთახები, სილამაზის სალონი, ეზო და ბაღი. ყველა მათგანში ტარდება გასართობი და სოციალური ღონისძიებები.

მოხუცებულთა სახლებს მთავრობა საკმაოდ მკაცრად აკონტროლებს. ამერიკაში შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტები გამოკითხვებსა და შემოწმებებს ატარებენ მოხუცებულთა სახლების საქმიანობის ხარისხის შესასწავლად. შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტების ასლები თავად მოხუცებულთა სახლშიც ინახება და მცხოვრებლებს ან მათ ახლობლებს შეუძლიათ მათ გაეცნონ. ეს დაწესებულებები სხვა პროგრამებსაც იყენებენ, რათა შეძლონ ხარისხის გაუმჯობესება.

მიუხედავად იმისა, რომ მოხუცებულთა სახლების საქმიანობას მთავრობა აკონტროლებს და არეგულირებს, მათი ფუნქციონირების ხარისხი მაინც მნიშვნელოვნად არის განსხვავებული, ისევე, როგორც პერსონალი და საფასური. შესაბამისად, იმ ადამიანებმა, ვისაც ასეთ დაწესებულებაში ცხოვრება სურთ და მათმა ახლობლებმა შეძლებისდაგვარად მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიონ დაწესებულების შესახებ. მათ შეუძლიათ მოხუცებულთა სახლის ადმინისტრატორს მოსთხოვონ შტატის კომისიის მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების ამსახველი დოკუმენტის ასლი. ამ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტითაც შეიძლება. შეფასების ერთ-ერთი ნაწილია ხარისხის მაჩვენებლის აღწერილობა, რომელშიც ასახულია მოხუცებულთა სახლში სპეციფიკური პრობლემების გადაჭრის თავისებურებები. ეს პრობლემები ამ დაწესებულებების მცხოვრებლებს ხშირად აღენიშნებათ, მაგრამ მათი განვითარების ან გაუარესების თავიდან აცილება ადეკვატური მოვლით შესაძლებელია. ეს პრობლემებია: ყოველდღიური საქმიანობების შესრულების უნარის დაქვეითება, არასაკმარისი კვება, წონაში კლება, ნაწოლები, შეუკავებლობა, შეკრულობა, ინფექციები, დეპრესია და ბევრი წამლის გამოყენება. საკამათოა, რამდენად ჭეშმარიტია ეს შეფასებები, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ისინი მაინც შეიცავენ გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს მოხუცებულთა სახლების ერთმანეთთან შედარებაში.

დაწესებულების ადმინისტრატორს სხვა მნიშვნელოვანი კითხვებიც უნდა დაუსვათ, მათ შორის: შეუძლია თუ არა მოხუცებულთა სახლს მედიქეარის ან მედიქეიდის პროგრამის მონაწილის მიღება, რამდენად ხშირად გადაიხედება მისი მოვლის საკითხები, რა სახის სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს დაწესებულება და არიან თუ არა ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში თავად პაციენტი და მისი ახლობლები. ზოგ საკითხზე სასაუბროდ ადმინისტრატორმა შესაძლოა მოხუცებულთა სახლის სამედიცინო დირექტორთან ან უფროს ექთანთან გადაგამისამართოთ.

ასევე გონივრული გზაა იმ ადამიანებთან გასაუბრება, რომლებიც კარგად იცნობენ ამ დაწესებულებას. მათ შორის არიან: ხანგრძლივი მოვლის ომბუდსმენები (რომლებიც სტუმრობენ მოხუცებულთა სახლებს და ამოწმებენ საჩივრებს), ექიმები, სასულიერო პირები, მცხოვრებლების ოჯახის წევრები, თავად მცხოვრებლები და მომუშავე პერსონალი. ზოგ დაწესებულებაში მცხოვრებელთა საბჭოებიც არის ჩამოყალიბებული, რომლებშიც მცხოვრებთა ოჯახის წევრები და ახლობლები შედიან. ისინი იკრიბებიან და მოხუცებულთა სახლთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მათ შეუძლიათ გამოსადეგი ინფორმაცია მიაწოდონ მომავალი მცხოვრებლების ახლობლებს. ყველაზე კარგი გზაა რამდენიმე საათიანი, დაუგეგმავი ვიზიტი დაწესებულებაში, რათა განსაზღვროთ, რამდენად მაღალია მომსახურების ხარისხი და შეეფერება თუ არა ეს დაწესებულება თქვენს საყვარელ ადამიანს.

ფინანსური საკითხები: ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხუცებულთა სახლის ხარჯები ძირითადად მედიქეიდით და კერძო დაფინანსებით იფარება. მედიქეარი აფინანსებს რეაბილიტაციას ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში სერტიფიცირებულ მოხუცებულთა სახლში ან თუ საექთნო მოვლაა საჭირო ყოველდღიურად, ან საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ 3 დღე ან მეტი ხნის განმავლობაში. მედიქეარით ეს მომსახურება შესაძლოა 100 დღემდე დაფინანსდეს, თუ მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესება აღინიშნება. პროგრამა 20 დღის საფასურს სრულად ანაზღაურებს და შემდეგ 80 დღის მანძილზე – თანაგადახდით. 100 დღის შემდეგ ხარჯებს თავად მოსარგებლე ფარავს ან, თუ იგი პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს – მედიქეიდი.