ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია | მკურნალი.გე
  1. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
  2. დილატაციური კარდიომიოპათია
  3. კარდიომიოპათია
  4. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიად იწოდება გულის დაავადებები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია პარკუჭების კედლების გასქელება (ჰიპერტროფია) და რიგიდულობა, მიუხედავად იმისა, გაზრდილია თუ არა გულის დატვირთვა.

  • ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის შემთხვევების უმრავლესობა თანდაყოლილი გენეტიკური დეფექტით არის გამოწვეული;

  • პაციენტს აღენიშნება გულის წასვლა, გულმკერდის არეში ტკივილი, ქოშინი და არითმია;

  • დიაგნოზის საფუძველია ფიზიკური გამოკვლევის შედეგები. დიაგნოზის დასადასტურებლად ექოკარდიოგრაფიული კვლევა გამოიყენება;

  • სამკურნალოდ იხმარება გულის შეკუმშვის ძალის შესამცირებელი მედიკამენტები.

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათით ქალები და მამაკაცები ერთნაირად ხშირად ავადდებიან, თუმცა ხანდაზმულებს შორის ქალები ჭარბობენ. ეს გარემოება იმასთან არის დაკავშირებული, რომ ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცებისა. ხანდაზმულების დაახლოებით 4%-ს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია აქვს.

მიზეზები

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია შეიძლება გამოვლინდეს როგორც ახალშობილობის (თანდაყოლილი), ისე მომდევნო ასაკობრივ პერიოდებში. თანდაყოლილი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის ყველა შემთხვევა, ისევე, როგორც მოგვიანებით განვითარებულის უმეტესი ნაწილი, მემკვიდრეობითი გენეტიკური დეფექტით არის გამოწვეული. შეძენილი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მიზეზი შეიძლება იყოს აკრომეგალია (ჩონჩხის ძვლების, სხვა ქსოვილების ზომაგადასული ზრდა, რომელიც ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნის მიერ ზრდის ჰორმონის მომეტებული პროდუქციის შედეგია) და ფეოქრომოციტომა (სიმსივნე, რომლის დროსაც ჭარბად სინთეზირდება ადრენალინი). ნეიროფიბრომატოზი, მემკვიდრეობითი დაავადება, აგრეთვე შეიძლება გახდეს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადების მიზეზი.

სიმპტომები

კარდიომიოპათიის სიმპტომებია: გულის წასვლა (სინკოპე), ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, არითმიით გამოწვეული გულის ფრიალის შეგრძნება (პალპიტაცია); გულის წასვლა, ჩვეულებრივ, ფიზიკური დაძაბვის დროს ვითარდება.

ქოშინი ფილტვებში სითხის დაგროვების შედეგია. ფილტვებში შეგუბება იმის გამო ვითარდება, რომ გასქელებული და რიგიდული გულის კედლები ხელს უშლის ფილტვებიდან გულში სისხლის ჩადენას, რაც ამ უკანასკნელის ფილტვებში დაგროვებას იწვევს.

პარკუჭების კედლების გასქელების გამო მიტრალური სარქველი (სარქველი რომელიც აკავშირებს მარცხენა პარკუჭსა და მარცხენა წინაგულს) შეიძლება სრულად არ დაიხუროს, რაც მარცხენა წინაგულისკენ სისხლის მცირე რაოდენობის უკუდინების მიზეზი ხდება. ზოგ შემთხვევაში გასქელებული კუნთი აორტის სარქვლის ქვემოთ გულიდან სისხლის გადენის შეფერხებას იწვევს. დაავადების ამ ნაირსახეობას ჰიპერტროფიულ ობსტრუქციულ კარდიომიოპათიას უწოდებენ.

დიაგნოზი

ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის წინასწარი დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ფიზიკური გასინჯვის შედეგებს ეფუძნება. მაგალითად, სტეთოსკოპით შეიძლება მოვისმინოთ ამ დაავადებისათვის დამახასიათებელი გულის ხმიანობა. ექოკარდიოგრაფიული კვლევა დიაგნოზის დადასტურების საუკეთესო საშუალებაა. დამხმარე მეთოდებია ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) და გულმკერდის რენტგენოსკოპია. გულის საკნებში წნევის გასაზომად გამოიყენება ინვაზიური პროცედურა – გულის კათეტერიზაცია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ქირურგიული ჩარევის საკითხი განიხილება.

პროგნოზი

ყოველწლიურად ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებული პაციენტების 4% კვდება. სიკვდილი უხშირესად უეცარია, სავარაუდოდ, არითმიის შედეგია. გულის ქრონიკული უკმარისობის გამო სიკვდილი ნაკლებად ხშირია. პაციენტებმა, რომლებმაც იციან, რომ მათ მემკვიდრეობითი დაავადება აქვთ, ოჯახის დაგეგმვისას შეიძლება გენეტიკური კონსულტაციის ჩატარება ისურვონ. ასეთივე სურვილი შეიძლება გაუჩნდეთ პაციენტის ოჯახის წევრებსაც. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ზრდის ახალგაზრდა ათლეტებს შორის გულით უეცარი სიკვდილის ალბათობას.

მკურნალობა

თუ შესაძლებელია, გამომწვევი მიზეზის მკურნალობაა საჭირო.

თავად ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მკურნალობის უპირველესი მიზანია შეკუმშვებს შორის პერიოდში გულის საკნების სისხლით ავსებისას კედლების რეზისტენტობის შემცირება. ბეტა-ბლოკერები და კალციუმის არხის ბლოკერი ვერაპამილი, ცალ-ცალკე ან ერთად მიღებული, მკურნალობის ძირითადი საშუალებებია.

ორივე წამალი გულის კუნთის შეკუმშვის ძალას ამცირებს, რის შედეგადაც გული შეიძლება უკეთ შეივსოს სისხლით და იმ შემთხვევაში, თუ გასქელებული კუნთი სისხლის გამოდევნას აფერხებდა, უფრო ადვილად დაიცალოს. გარდა ამისა, ბეტა-ბლოკერები და ვერაპამილი გულისცემის სიხშირეს ამცირებს; შესაბამისად, ხანგრძლივდება გულის სისხლით ავსების პერიოდი. ზოგჯერ გამოიყენება დისოპირამიდი – მედიკამენტი, რომელიც აგრეთვე ამცირებს გულის შეკუმშვის ძალას. უეცარი სიკვდილის მაღალი ალბათობისას პაციენტს შეიძლება მიეცეს იმპლატირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის გამოყენების რეკომენდაცია.

გასქელებული გულის კუნთის ქირურგიული მოცილება (მიექტომია) აუმჯობესებს გულიდან სისხლის გადატუმბვას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა, მედიკამენტური მკურნალობის მიუხედავად, სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული. ქირურგიული ჩარევა ამსუბუქებს სიმპტომებს, მაგრამ არ ამცირებს უეცარი სიკვდილის ალბათობას. ალკოჰოლური აბლაცია (გულის კუნთის მცირე ნაწილის კონტროლირებადი დესტრუქცია) სულ უფრო ხშირად გამოიყენება, რადგან მისი ჩატარება გულის კათეტერიზაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ კათეტერიზაციაც ინვაზიური მეთოდია, მას, ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით, გართულების ნაკლები რისკი ახლავს.