იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზია | მკურნალი.გე
  1. იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზია
  2. დაძაბულობის თავის ტკივილი
  3. თავის ტკივილი
  4. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზია

იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზიის დროს (კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია, თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე) ქალაში წნევა რაიმე დადგენილი მიზეზის გარეშე იმატებს.

  • პაციენტებს ყოველდღიურად აწუხებთ თავის ტკივილი, ხანდახან გულისრევა, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, ხმაურის შეგრძნება თავის ქალაში;

  • თავის ტვინის გამოსახულებითი კვლევა ტარდება გაზრდილი წნევის სხვა მიზეზების გამოსარიცხად და ასევე, კეთდება ლუმბალური პუნქციაც;

  • დროული მკურნალობის გარეშე ადამიანი შეიძლება დაბრმავდეს;

  • წონაში დაკლება, შარდმდენების მიღება თავის ტვინში სითხის შესამცირებლად და პერიოდულად ლუმბალური პუნქციის ჩატარება ამცირებს ქალასშიდა წნევას, მაგრამ ზოგჯერ ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზია გვხვდება 100000-დან ერთ ადამიანში, როგორც წესი, შვილოსნობის ასაკის ქალებში. თუმცა, ახალგაზრდა, ჭარბწონიან ქალბატონებში ეს 20-ჯერ უფრო ხშირია. მოსახლეობაში წონის პრობლემის მატებასთან ერთად, ამ დაავადების შემთხვევათა რაოდენობაც იზრდება.

ქალასშიდა წნევა ზოგჯერ ძალიან მაღალი შეიძლება იყოს, რადგან თავის ტვინიდან სისხლის გამომტანი დიდი ვენები (ვენური სინუსები) დახშულია. ამის გამო სისხლი ვენებში გროვდება, მათ შორის თავის ქალიდან სისხლის გამტან სისხლძარღვებშიც. ქალასშიდა წნევის მომატება არ არის გამოწვეული სიმსივნით, ინფექციით ან თავის ტვინის გარშემო არსებული სითხის (თავ-ზურგტვინის სითხის) მოძრაობის შეფერხებით.

ადამიანთა უმრავლესობაში იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზიის განვითარებას რაიმე კონკრეტულ მოვლენას ვერ უკავშირებენ. ბავშვებში ეს დარღვევა ზოგჯერ კორტიკოსტეროიდების შეწყვეტის, დიდი რაოდენობით A ვიტამინის ან ანტიბიოტიკ ტეტრაციკლინის მიღების შედეგია.

სიმპტომები

იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზია, როგორც წესი, თავიდან ყოველდღიური ან თითქმის ყოველდღიური თავის ტკივილებით ვლინდება. საწყის ეტაპზე ტკივილი შეიძლება მსუბუქი იყოს, მაგრამ ინტენსივობა მაინც სხვადასხვაა და შესაძლოა საკმაოდ მძიმეც გახდეს. ტკივილს ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, მოპულსირე ხმაურის შეგრძნება ქალაში (ტინიტუსი). ზოგ ადამიანს საერთოდ არ აქვს სიმპტომები.

ქალასშიდა წნევის მომატების გამო შეიძლება მხედველობის ნერვის თვალის კაკალთან მდებარე ნაწილი შეშუპდეს, რასაც დვრილის შეშუპება ეწოდება. ექიმები ამას ოფთალმოსკოპით იკვლევენ თვალის უკანა კედლის დათვალიერებისას.

მხედველობის დაქვეითების პირველი ნიშანი პერიფერიული მხედველობის დაკარგვაა. შედეგად პაციენტები უნებურად ეჯახებიან გზად მდებარე ნივთებს. მოგვიანებით, მხედველობა იბინდება. ადამიანთა 5% მხედველობას ნაწილობრივ ან სრულად კარგავს ერთ ან ორივე თვალში. იგი შეიძლება აღარასდროს აღდგეს, ქალასშიდა წნევის შემცირების შემთხვევაშიც კი. ზოგ პაციენტში დაავადება ქრონიკული ხდება და ნელ-ნელა ღრმავდება, რაც ზრდის დაბრმავების რისკს. თუმცა, მათი მდგომარეობის მუდმივი კონტროლით შეიძლება მხედველობის დაკარგვის თავიდან აცილება.

პაციენტთა 10%-ში დაავადება განმეორებით ვითარდება.

დიაგნოზი

ექიმებს იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზიის არსებობაზე ეჭვი სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით მიაქვთ. ზოგჯერ ოფთალმოსკოპით კვლევისას მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება აღმოჩნდება, რაც მიანიშნებს ექიმს ამ დაავადებაზე.

ამის შემდეგ ტარდება გამოსახულებითი კვლევა, როგორც წესი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რათა გამოირიცხოს ქალასშიდა წნევის მომატების სხვა მიზეზები. მრტ-ის ერთ-ერთი სახის, მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფიის მეშვეობით თავის ტვინიდან სისხლის გამომტანი ვენების გამოსახულების მიღებაა შესაძლებელი. ამით ექიმი განსაზღვრავს, ეს სისხლძარღვები შევიწროებული ხომ არ არის. თუ შედეგები ნორმაშია, ლუმბალური პუნქცია კეთდება, რათა გაიზომოს თავ-ზურგტვინის სითხის წნევა და ჩატარდეს მისი ანალიზი. იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზიის დროს, როგორც წესი, წნევა გაზრდილია, მაგრამ სითხის შემცველობა ნორმაშია.

მკურნალობა

იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზია ხშირად მკურნალობის გარეშეც ქრება 6 თვეში. მიუხედავად ამისა, ჭარბწონიანმა პაციენტებმა უნდა დაიკლონ, რადგან ეს ამცირებს ქალასშიდა წნევას. დარღვევა შესაძლოა გამოსწორდეს სხეულის მასის 10-20%-ით შემცირების შედეგადაც კი. თუმცა, ხშირად წონაში კლების მეთოდები არაეფექტიანია.

უნდა შეწყდეს იმ მედიკამენტების მიღება, რომლებიც ცნობილია, რომ ქალასშიდა წნევას ზრდის, მაგ. ტეტრაციკლინის.

თავის ტკივილისთვის შეიძლება ეფექტიანი იყოს ასპირინი, აცეტამინოფენი ან შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებები. ექიმმა შესაძლოა აცეტაზოლამიდი დანიშნოს, რათა ქალასშიდა წნევა შემცირდეს. ეს მედიკამენტი შარდმდენია, ანუ ხელს უწყობს თირკმლებს შარდით მეტი წყლის გამოყოფაში რაც, შესაბამისად, ამცირებს ტვინსა და ორგანიზმში სითხის რაოდენობას.

საკამათოა, რამდენად ეფექტიანია ლუმბალური პუნქციის ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად ჩატარება თავ-ზურგტვინის სითხის გამოსაღებად. თუკი მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება, პაციენტების მდგომარეობა მუდმივად კონტროლდება, რათა განისაზღვროს, მცირდება თუ არა ქალასშიდა წნევა.

ასევე, საჭიროა ოფთალმოლოგის დაკვირვებაც, რათა მხედველობის პრობლემები ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდეს.

მკურნალობის მიუხედავად მხედველობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო, რათა შემცირდეს ქალასშიდა წნევა და დაბრმავება ავიცილოთ თავიდან. ერთ-ერთი მეთოდი (მხედველობის ნერვის გარსის დაცხრილვა) მოიცავს ნერვის მფარავ ქსოვილზე პატარა განაკვეთების დატანას თვალის კაკლის უკან. თავ-ზურგტვინის სითხე შექმნილი ხვრელების მეშვეობით თვალის გარშემო ქსოვილებში იჟონება და ვენებში ჩაედინება. მეორე მეთოდია სითხის მუდმივად გამომტანი შუნტის ჩაყენება ქირურგიულად, რითიც ჭარბი თავ-ზურგტვინის სითხე გამოედინება. შუნტი სპეციალური მილია, რომლის ერთი ბოლოც თავის ტვინში ან ზურგის ტვინის ქვემოთ არსებულ სივრცეში, წელის ქვედა ნაწილში იდგმება. მილი შემდეგ კანქვეშ გაივლის და ბოლოვდება მუცელში, სადაც ჭარბი სითხე ჩაედინება.

თუ მაგნიტურ-რეზონანსული ვენოგრაფიით დახშული ვენა აღმოჩნდება, სპეციალური მავთულის ბადე, სტენტი შეიყვანება კისერზე ვენის განაკვეთიდან და თავსდება დახშულ ვენაში, რათა მისი გამავლობა აღდგეს.

როცა პაციენტი ჭარბწონიანია და მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტიანია, ზოგჯერ წონის შესამცირებლად ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო (ბარიატრიული ქირურგია, მაგ. კუჭის შუნტირება). წარმატების შემთხვევაში იდიოპათიური ქალასშიდა ჰიპერტენზია შეიძლება განიკურნოს.