1. დაბალი წნევის თავის ტკივილი
  2. დაძაბულობის თავის ტკივილი
  3. თავის ტკივილი
  4. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
დაბალი წნევის თავის ტკივილი

დაბალი წნევით გამოწვეული ტკივილი მაშინ ვითარდება, როცა თავ-ზურგტვინის სითხის (ლიქვორის) რაოდენობა მცირდება ლუმბალური პუნქციით მისი გამოღების, ცისტის ან რაიმე დაზიანების გამო გაჟონვის დროს. ეს სითხე თავის ტვინის გარშემო მოძრაობს და წნევას ქმნის, რაც, შესაბამისად, მცირდება ლიქვორის რაოდენობის შემცირებისას.

ლუმბალური პუნქციის შემდეგ თავის ტკივილი ხშირად ვითარდება და როგორც წესი, რამდენიმე საათი ან ერთი-ორი დღე გრძელდება. პროცედურის დროს ექიმი თავ-ზურგტვინის სითხის მცირე რაოდენობას გამოიღებს. ლიქვორი თავისა და ზურგის ტვინის მფარავ გარსებს შორის, არხში მოძრაობს და ავსებს თავის ტვინში არსებულ სივრცეებს. სითხის რაღაც რაოდენობით გამოღება ამცირებს წნევას ტვინის გარშემო და ზოგჯერ საკმაოდ ძლიერ თავის ტკივილსაც იწვევს. უფრო ხშირად ეს ახალგაზრდა, პატარა ტანის პაციენტებში ვითარდება.

ზოგჯერ თავ-ზურგტვინის სითხე იჟონება ტვინის გარსების დაზიანების ან მათზე არსებული ცისტის გასკდომის გამო (თავის ან სახის ტრავმის შედეგად). იშვიათად, ცისტა ხველების ან დაცემინების დროსაც სკდება.

დაბალი წნევით გამოწვეული თავის ტკივილი ძლიერია. იგი ვითარდება ჯდომისას ან ფეხზე დგომისას, დაწოლისას კი იკლებს. პაციენტებს ხშირად ასევე აწუხებთ კისრის მტკივნეული დაჭიმულობა და შესაძლოა აღებინონ კიდეც.

დიაგნოზი

დიაგნოსტიკა სიტუაციისა და სიმპტომების მიხედვით ხდება. თუკი პაციენტს მანამდე ლუმბალური პუნქცია ჩაუტარდა, დიაგნოზი, როგორც წესი, ნათელია და დამატებითი გამოკვლევები იშვიათადაა საჭირო. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა გამოსახულებითი კვლევები, მაგ. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია დაინიშნოს.

მკურნალობა

ლუმბალური პუნქციის შემდეგ ექიმები ურჩევენ პაციენტებს, რომ იწვნენ. რეკომენდებულია სითხეების მიღება (დასალევად ან თუ ადამიანს გაუწყლოება აქვს – ვენაში გადასხმით), მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და კოფეინი. შესაძლოა ეფექტიანი იყოს მუცელზე ელასტიკური შემოსაკრავის ტარება, რაც ტვინის გარშემო სითხის წნევას ზრდის. თუკი მკურნალობის მიუხედავად, ტკივილი ერთი დღის შემდეგ მაინც რჩება, პაციენტის სისხლის მცირე რაოდენობა ხერხემალსა და ზურგის ტვინის მფარავ გარსებს შორის შეჰყავთ, წელის მიდამოში. ამას სისხლის ეპიდურული საცობი ეწოდება. იგი ლუმბალური პუნქციის შედეგად შექმნილ ნაჩხვლეტს დაახშობს.

ეს მეთოდი ზოგჯერ თავ-ზურგტვინის სითხის გაჟონვის სამკურნალოდაც ეფექტიანია. ქირურგიული ჩარევა ამ დროს იშვიათადაა საჭირო.